ENG

დევნილთა გამოსახლება გრძელდება

21 ივლისი, 2011

2010 წლის აგვისტოსა და 2011 წლის იანვრის შემდეგ, ამა წლის 18 ივლისს დევნილთა გამოსახლების ახალი ტალღა დაიწყო, რის შედეგადაც დევნილი მოსახლეობა იძულებული გახდა კიდევ 4 დროებითი თავშესაფარი გაეთავისუფლებინა ქ. თბილისში. აღნიშნულ დევნილთა უმრავლესობა 1990 წლის აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები არიან. 2008 წლის ომამდე (სწორედ ამ ომის შემდგომ დაიკავეს მათ ის შენობები, რომელთა დატოვებაც ახლა მოუწიათ) ისინი დედაქალაქში, კერძო სექტორში ცხოვრობდნენ. მონიტორინგისა და დეტალების გაცნობის მიზნით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს” თანამშრომლები პირადად დაესწრნენ გამოსახლების პროცესს ოთხიდან სამ შენობაში.

იმ ობიექტებზე, სადაც ჩვენი თანამშრომლები ახდენდნენ მონიტორინგს, გამოსახლების პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობდა (უზნაძის ქ. #8–ში მდებარე საქენერგოს შენობა, ყაზბეგის გამზ. #16–ში მდებარე საავადმყოფო და სამღერეთის ქ. #13–ში მდებარე მუსიკალური სკოლა), თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ვარკეთილის #204–ე საბავშვო ბაღის შენობიდან დევნილთა გამოსახლების პროცესზე, სადაც სიტუაცია მნიშვნელოვნად გამწვავდა. მედიაანგარიშების მიხედვით, აღნიშნულ შენობაში ცხოვრობდა 14 აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი და 5 არადევნილი, გაჭირვებული ოჯახი. დევნილებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილები შესთავაზა, ხოლო გაჭირვებულ ოჯახებს, მათივე თქმით, არანაირი საბინაო შეთავაზება არ მიუღიათ და შესაბამისად წასასვლელიც არსად ჰქონდათ. მათ შიგნიდან ჩაკეტეს შენობის კარები და პოლიციის თანამშრომლებს არ აძლევდნენ შესაძლებლობას დაეწყოთ გამოსახლების პროცესი. აღსანიშნავია, რომ გაჭირვებული ოჯახების ბინით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პასუხისმგებლობას. კონკრეტულად ამ მიმართულებით, საჭიროა რომ ამაღლდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობის ანგარიშვალდებულება, თუმცა ეს არ არის ამ სტატიის ძირითადი თემა. თავის მხრივ, გამოსახლებული დევნილები აცხადებდნენ, რომ მათ ურჩევნიათ დედაქალაქში მცხოვრებ ნათესავებთან დარჩნენ, ვიდრე მიიღონ სამინისტროს შემოთავაზება, და თბილისიდან მოშორებულ რეგიონებში გადასახლდნენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, გამოსახლების პროცესი სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა, რომლის თანახმადაც დროებით თავშესაფარში უკანონოდ მცხოვრები დევნილები ვალდებულნი არიან გაათავისუფლონ ეს შენობები და გადავიდნენ შეთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებელში, სადაც მათ მიენიჭებათ საკუთრების უფლება. უფრო მეტიც, სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, დევნილებს წინასწარ მიეცათ დრო და იმის შესაძლებლობა, რომ აერჩიათ მათთვის სასურველი საცხოვრებელი ადგილი.

იმისათვის რომ უფრო ნათელი გამხდარიყო მიმდინარე პროცესის დეტალები, გამოსახლებიდან რამდენიმე დღით ადრე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლებმა მოინახულეს უზნაძის ქ. #8–ში მდებარე ობიექტი. პირველი, რაც შენობაში შესვლისთანავე იქცევდა ყურადღებას, იყო შენობის კედელზე სავარაუდოდ 10 დღით ადრე განთავსებული შეტყობინება მოსალოდნელი გამოსახლების შესახებ. აღნიშნული შეტყობინება ჩვენს მიერ წინა სტატიაში აღწერილ შეტყობინებაზე მომცრო იყო ზომით. იგი ჩვეულებისამებრ, შეიცავდა ინფორმაციას იმ 10 დღიანი ვადის შესახებ, რაც დევნილებს ეძლეოდათ შენობის დასაცლელად. ასევე შეთავაზებული იყო დახმარება გამოსახლებამდე ალტერნატიული საცხოვრებლების მოსანახულებლად. შეტყობინება ცხელი ხაზის ნომერსაც შეიცავდა, რომელზეც დევნილებს შეეძლოთ დამატებითი ინფორმაციის მიღება. თუმცა, ძველი შეტყობინებისაგან განსახვავებით, ახალი ნიმუში არ იძლეოდა სათანადო განმარტებას დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებსა და დროებით თავშესაფრებს შორის არსებულ განსხვავებაზე, ასევე არ იძლეოდა ინფორმაციას ალტერნატიული საცხოვრებლების ტექნიკურ მახასიათებლებზე, მის ინფრასტრუქტურაზე, სამინისტროსთან საკონსულტაციო შეხვედრებსა თუ ავეჯის ტრანსპორტირებაზე გასაწევი დახმარების შესახებ. გარდა ამისა, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, გამოსახლების ახალი შეტყობინება არ იყო ხელმოწერილი და დათარიღებული. შედეგად ჩვენ ვერ გავარკვიეთ ზუსტად როდის მიიღეს იგი დევნილებმა.

თუმცა, წინა გამოსახლებასთან შედარებით პოზიტიური ცვლილებებიც შევნიშნეთ. კერძოდ, გამოსახლების ახალი ცნობის გარდა, შენობის კედელზე ასევე იყო განთავსებული 11 ალტერნატიული საცხოვრებლის დეტალური სია, შენობების 6 ფოტოსთან ერთად, რომლებიც ჩხოროწყუში, ლაგოდეხში, ბაკურციხესა და აბაშაში მდებარეობენ.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაჩვენებია იმ შენობების კონკრეტული სახელები და ადგილმდებარეობა, სადაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ახლახანს გამოსახლებული დევნილი მოსახლეობა უნდა განსახლდეს:

#

რეგიონი

რაიონი

ქალაქი/სოფელი

ობიექტი

1

სამეგრელო

აბაშა

ნორიო

აბაშისპირის სკოლა

2

სამეგრელო

აბაშა

ნორიო

პროფ. სასწავლებელი #1

3

სამეგრელო

აბაშა

ნორიო

უცნობია

4

სამეგრელო

ჩხოროწყუ

ზუმი

მეურნეობის შენობა

5

სამეგრელო

ჩხოროწყუ

ლესიჭინე

ჩაის მეურნეობის ბ/ბ

6

სამეგრელო

ზუგდიდი

ჭკადუა

პიონერთა ბანაკი

7

სამეგრელო

ზუგდიდი

ნარაზენი

ხეწერას მეურნეობის შენობა

8

სამეგრელო

ხობი

თორსა დღვაბა

მეურნეობის შენობა

9

სამეგრელო

წალენჯიხა

ჯვარი

ბინები კოსტავას ქ. # 10-ში

10

კახეთი

ლაგოდეხი

ლაგოდეხი

უცნობია

11

კახეთი

გურჯაანი

ბაკურციხე

უცნობია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო” მიესალმება იმ ფაქტს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო წინასწარ უზრუნველყოფს დევნილ მოსახლეობას გამოსახლებისა და განსახლების შესახებ საჭირო ინფორმაციით. თუმცა, ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ გამოსახლების ახალი ცნობა არ შეიცავდა ყველა იმ დეტალს, რომელიც ძველ, აქამდე არსებულ ფორმაში იყო მოცემული. ჩვენი აზრით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს გამოსახლება/განსახლების შესახებ, რაც დაეხმარებათ მათ ალტერნატიული საცხოვრებლის არჩევისას გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში. ეს უკანასკნელი გაზრდის როგორც თავად სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე დევნილთა ნდობას სამინისტროს წარმომადგენელთა მიმართ. ჩვენ, ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, ახალ საცხოვრებელ ადგილებში დევნილები უზრუნველყონ საჭირო სოციალური თუ სამედიცინო ინფრასტრუქტურით (როგორიცაა: სკოლა, დასაქმება, ტრანსპორტი და სამედიცინო დახმარება), რომლის ხელმისაწვდომობაც დედაქალაქთან შედარებით რეგიონებში შეზღუდულია.

Author: ლაშა გოგიძე