ENG

ახალი საავადმყოფოს იერსახე სრულ ინფორმაციას არ იძლევა

12 აპრილი, 2012

გასულ კვირას ჭიათურაში ახლადაშენებული საავადმყოფო მოვინახულეთ. ეს მრავალპროფილიანი საავადმყოფო, რომელიც ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს,  პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2011 წლის დეკემბერში გახსნა. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილმა საავადმყოფომ ერთი შეხედვით დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ, თანამშრომლებისა და ერთ–ერთი პაციენტისგან ვითარების შესახებ სულ სხვა თვალსაზრისი მოვისმინეთ. საწოლების ნაკლებობის გამო, ავადმყოფს ან შესაბამის პირობებში ვერ მკურნალობენ, ან უკან აბრუნებენ. მკურნალობის ჩატარების  აუცილებლობის გამო, სანიტარული ნორმების დაცვა არ ხდება. თანამშრომლები ზეგანაკვეთური დატვირთვისა და დაბალი ანაზღაურების პირობებში მუშაობენ. იმის გამო, რომ საავადმყოფოს მფლობელი კომპანია დაზღვევის არმქონე პირებისათვის მაღალ ფასებს აწესებს, ბევრ ადამიანს საჭირო მკურნალობის მიღება არ შეუძლია.  

ბოლო წლებში საქართველოში საავადმყოფოების უმრავლესობის პრივატიზება მოხდა. ბევრი მათგანი სადაზღვევო კომპანიებმა შეიძინეს. ეროვნულ ტელეარხებზე ხშირად ეთმობა ყურადღება ჯანდაცვის ახალი პოლიტიკის გაშუქებას და ახალი საავადმყოფოების გახსნისა და ფუნქციონირების საკითხებს. ახალი საავადმყოფოები მოძველებული ინფრასქტრუქტურის მქონე ძველი სამედიცინო დაწესებულების ნაცვლად შენდება. 

ჭიათურის საავადმყოფო 25 საწოლიანია. მისი მფლობელი სადაზღვევო კომპანია „ირაოა“. საწოლების რაოდენობა ძალიან შემცირდა,  რადგან მანამდე ჭიათურაში 205 პაციენტისათვის განკუთვნილი ორი პოლიკლინიკა და საბავშვო საავადმყოფო არსებობდა. შესაბამისად, როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, პაციენტებისათვის ადეკვატური მომსახურების გასაწევად საჭირო საწოლების რაოდენობა არ არის. მართალია, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ჭიათურაში დამატებით 15 საწოლს გახსნის, მაგრამ ყოფილმა და ამჟამინდელმა მედპერსონალმა სერიზული ეჭვი გამოთქვა, რომ აღნიშნული რაოდენობა საწოლების ნაკლებობის თვალსაზრისით ვითარებას გააუმჯობესებს.  

ჭიათურაში ბევრ სხვადასხვა ადამიანს გავესაუბრეთ, მათ შორის დაწესებულების მენეჯერს, რომელმაც გვითხრა, რომ საწოლების რაოდენობა საკმარისია. მაგრამ, მედპერსონალმა განაცხადა, რომ ხშირია შემთხვევა, როცა პაციენტებს სახლში აგზავნიან, რადგან საავადმყოფოში მათთვის ადგილი არ არის. 80 წლის ქალბატონმა გვითხრა, რომ მას ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა, რადგან   საავადმყოფოში მისი ადგილი არ იყო.   

 საწოლების ნაკლებობის გამო, პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის პროცესში ძირითადი სანიტარული ნორმები  ირღვევა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელთან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სერიოზული ინფექციით დაავადებულ ორ ბიჭუნას მკურნალობა ჩაუტარდა საოპერაციოში, რადგან სხვაგან საწოლები არ ჰქონდათ. ამით საოპერაციოში მოთავსებული სხვა პაციენტების ინფიცირების რისკი გაიზარდა. 

მიმღებში არ არის სექციები სხვადასხვა ტიპის დაავადებისათვის. შესაბამისად, ინფიცირებული პაციენტი, შესაძლოა, ორსული ქალის გვერდით აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, თანამშრომლები დგებიან დილემის წინაშე – აირჩიონ, გასინჯონ პაციენტი დერეფანში, სასწრაფოს მანქანაში, თუ დიაგნოსტიკის ოთახში, სადაც ინფექციების გავრცელების რისკი მაღალია. 

ის ფაქტი, რომ საავადმყოფოში მხოლოდ 25 საწოლი და 1 საოპერაციოა, კიდევ უფრო შემაშფოთებელი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჭიათურის მაღაროებში 4,000 ადამიანი მუშაობს. რაიმე სახის უბედური შემთხვევის დროს, საავადმყოფო პაციენტების მომსახურებას ვერ გაწვდება.   

დაბალი ხელფასები ხშირად ქრთამის აღებისა და კორუფციის მიზეზი ხდება. გასათვალისწინებელია, რომ ექიმები  საარსებო პირობების უზრუნველყოფისთვის იძულებულნი არ უნდა გახდნენ ეთიკის ნორმები დაარღვიონ. ჭიათურის საავადმყოფოს მედპერსონალი აცხადებს, რომ მათ მწირი ანაზღაურება აქვთ. რამდენიმე ექიმმა  აღნიშნა, რომ არა აქვს წერილობითი კონტრაქტი ან ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება. 

ხელმძღვანელობის თქმით, ქირურგმა შესაძლოა ოპერაციის ჩატარების შემდეგ 1,700 ლარამდე მიიღოს . ქირურგებმა აღნიშნეს, რომ მათი ხელფასი თვეში  160 -დან 370 ლარამდეა. დაბალი ხელფასი ექიმებს მხოლოდ ჭიათურაში არა აქვთ. ბოლო პერიოდში ზუგდიდში სამსახურიდან გაათავისუფლეს ექიმი, რომელმაც  ადგილობრივი საავადმყოფოს მფლობელის, კომპანია „ალდაგის“ მიერ გადახდილი დაბალი ხელფასი გააპროტესტა.  კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტია, რომ მაშინ როცა ჭიათურის საავადმყოფო თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა, ექიმებმა გვითხრეს, რომ მათ ელემენტარული აღჭურვილობაც კი არ გააჩნიათ.  

ადგილობრივი საავადმყოფოს მფლობელი „ირაო“ ასევე მოახდენს საღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი  მოსახლეობის სოციალურ დაზღვევას, რისთვისაც იგი სახსრებს საჯარო ფონდებიდან მიიღებს. „ირაოს“ შეუძლია სოციალური დაზღვევიდან მოგება მიიღოს სამედიცინო მომსახურებაზე დაზღვეული ადამიანებისათვის დაბალი ფასებისა და სხვებისათვის მაღალი ფასების დაწესების გზით. როგორც გვითხრეს, „ირაომ“ სწორედ ამგვარი ვითარება შექმნა. მაგალითად,  „ირაოს” საავადმყოფოში სისხლის საერთო ანალზი დაზღვეული პაციენტისათვის 6 ლარი ღირს, დაზღვევის არმქონე ადამიანისთვის კი – 12 ლარი. ექიმმა გვითხრა, რომ დაზღვევის არმქონე ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ მკურნალობის მიღებას „ირაოს“ მიერ დაწესებული მაღალი ფასების გამო. 

მართალია, ახალი პოლიტიკა თანამედროვედ აღჭურვილი საავადმყოფოების აშენების საშუალებას იძლევა, მაგრამ იგი, ამავე დროს, სერიოზულ პრობლემებს ქმნის მისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის კუთხით. ის ფაქტი, რომ სადაზღვევო კომპანიები ერთი და იმავე რეგიონში ფლობენ საავადმყოფოებს, ახდენენ მოსახლეობის სოციალურ დაზღვევას და ცდლობენ ამავე დროს მაქსიმალური მოგება მიიღონ, არასაიმედო სიტუაციას ქმნის. სხვა რეგიონის მცხოვრებლებლებისაგან მოსმენილი მსგავსი ისტორიები გვაფიქრებინებს, რომ ჭიათურა ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.

Author: ხერარდ დე ბური
healthcare