ENG

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში

06 დეკემბერი, 2016

 

დღეს, 6 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენ წარვადგინეთ საბოლოო ანგარიში, რომელშიც შეფასებულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016 წლის 8 ივნისიდან 30 ნოემბრამდე არსებულ დროის შუალედს.

ჩვენ მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მთლიანობაში არ მიუღწევია ისეთი მასშტაბებისთვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე. მიუხედავად ამისა, მაინც დაფიქსირდა რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია.  

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ტენდენცია გამოიკვეთა 8 ოქტომბრის შემდეგ მეორე ტურამდე არსებულ პერიოდში, როდესაც დაფიქსირდა აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების ათზე მეტი შემთხვევა. კერძოდ, კონკრეტული ადამიანები საუბრობდნენ პოლიტიკური ნიშნით მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე. ასეთი განცხადებების სიხშირის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს არ მოუხდენიათ სათანადო რეაგირება;

  • არჩევნების პროცესზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების შესახებ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც ეტაპობრივად ქვეყნდებოდა სხვადასხვა ვებგვერდების მეშვეობით. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოებმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაასრულეს გამოძიება წარმატებულად და ვერ მისცეს პასუხისგებაში ამ ჩანაწერების ავტორი ანდა გამავრცელებელი;

  • აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით გამოყენების ყურადსაღები შემთხვევა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას გამოიკვეთა;

  • წინასაარჩევნოდ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ხშირად კეთდებოდა განცხადებები მათ მხარდამჭერებსა და საარჩევნო კანდიდატებზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • ზოგიერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ჩვენი აზრით, არასამართლიანი ან კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. ამ კუთხით აღსანიშნავია პარლამენტის მიერ მიღებული უფასო სარეკლამო დროის განაწილების ახალი წესი, ცესკოს ორი დადგენილება და ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გამოყოფის შესახებ.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • აღსანიშნავია მმართველი პარტიის „ქართულ ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასშტაბური მობილიზება, რასაც, ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ჰქონდა ადგილი;

  • ასევე, დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის ბევრი ფაქტი, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით;

  • არჩევნების როგორც პირველი ისე მეორე ტურის წინ განსაკუთრებით გახშირდა სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება ვიდეორგოლებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივ ბიუჯეტის ცვლილება, რომლითაც ცალსახად დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნები;

  • რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, ანუ სიტუაციას, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ისეთი საბიუჯეტო პროგრამების ინიცირება ხდება, რომლებიც ძირითადად ამომრჩევლის გულის მოსაგებად არის გამიზნული, აღსანიშნავი იყო ცენტრალური ხელისუფლების ორი ინიციატივა: ა) პენსიების მატება პირველი ივლისიდან და ბ) მაღალმთიანი დასახლებებისთვის პირველ სექტემბერს ამოქმედებული შეღავათები. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მსგავსი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება აღარ დაფიქსირებულა.

 
ამ ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის ანდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის  შეხედულებებს.