ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 ივლისის განცხადებაზე

Print this pagePrint this pageSend

ოთხი ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა ცენტრი”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, „სამართალიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” - ვეხმაურებით შსს-ს მიერ 14 ივლისს გაკეთებულ განცხადებას და უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს ძალისხმევას, ებრძოლოს უკანონობას და კორუფციას ქვეყანაში და მზად ვართ ამ ბრძოლაში მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ. 10 ივლისს ჩვენს მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება და პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს. ჩვენი განცხადების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით დამატებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმ საკითხებს, რომლებზეც ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. კერძოდ, ეს საკითხებია: გამოძიების ჩატარების პროცედურები და ვადები: შსს-ს 14 ივლისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადელი ინვერსტორის წარმომადგენელმა დავით ქუხილავამ 2010 წლის 2 ივლისს განცხადებით მიმართა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს 1 ივლისს მასზე განხორცილებული გამოძალვის ბრალდებით . შსს-ს მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და უკვე 7 ივლისს განხორციელდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაკავებულ იქნა ოთხი ადამიანი. გამოდის, რომ შსს-მ დაზარალებულის მიმართვიდან 5 დღის ვადაში შესძლო დაეწყო და დაესრულებინა სპეცოპერაცია - მოეპოვებინა სხვადასხვა სახის მტიცებულებები (მათ შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები), დაეგეგმა სპეცოპერაცია და წარმატებით განეხორციელებინა იგი. შსს-ს ასეთი ოპერატიულობის საპირისპიროდ, 3 მაისს მესტიაში ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გამოძიება დღესაც არ დასრულებულა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით არსებობდა არაერთი მტკიცებულება (არა ერთის, არამედ რამდენიმე მოწმის (მათ შორის ამჟამად ბრალდებულის, მესტიის საკრებულოს წევრის ნელი ნავერანის, რომელიც თავიდანვე დაუფარავად საუბრობდა ამ საკითხებზე) და დაზარალებულის ჩვენება, ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა და ა.შ.), გამოძიებამ მოწმეების დაკითხვა მხოლოდ თვენახევრის შემდეგ - ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ერთ-ერთი პირველი მოწმე – მირზა დადვანი დასაკითხად საკუთარი სახლიდან დილის 5 საათზე წაიყვანეს ზუგდიდში, ისე, რომ მისი ოჯახის წევრებმა მისი ადგილსამყოფელი და ძალოვნების მიერ სახლიდან წაყვანის მიზეზი საღამომდე არ იცოდნენ. რჩება შთაბეჭდლება, რომ იქ სადაც ხელისუფლების ინტერესი მაღალია, გამოძიების ჩატარებასა და ეჭვმიტანილის გამოვლენას რამდენიმე დღე სჭირდება. ხელისუფლების მხრიდან დაინტერესების არარსებობის შემთხვევაში კი პროცესები თვეობით ჭიანურდება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ხომ არ უკავშირდება ძალოვანი უწყებების ამგვარი დაინტერესება დაკავებული საკრებულოს წევრის პოლიტიკურ აქტიურობას წინასაარჩევნო პერიოდსა და საკრებულოს წევრობის დროს?! უდანაშაულობის პრეზუმფცია: სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც აქამდეც ჰქონდა ადგილი - სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციას უგულებელყოფს. ამის მაგალითია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 14 ივლისს გაკეთებული განცხადება , სადაც ის სწორედ მესტიაში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა და უცხოელ ინვესტორებთან წილში ჩაჯდომის გამო, მათ „მრავალი შემდგომი წლის განმავლობაში.…საქართველოს ევროპული რანგის საპატიმროებში” ყოფნა უწინასწარმეტყველა. უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულები ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და მათ უნარჩუნდებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, დაკავების პოლიტიკური მოტივების გამოსარიცხად, მოვითხოვთ გამოძიების ღიად და გამჭვირვალედ ჩატარებას, არსებული მტკიცებულებების სრულ ხელმისაწვდომობას (როგორც ამას ბატონი შოთა უტიაშვილი 14 ივლისის განცხადებაში გვთავაზობს), მათ შორის ტელეკომპანიების „რუსთავი 2-ის” და „იმედის” საშუალებით გავრცელებული ვიდეო მასალის დაუმონტაჟებელ, სრულ ვერსიას, არსებულ სატელეფონო ჩანაწერებს და კანადელი ინვესტორის საკონტაქტო ინფორმაციას. საკონტაქტო პირი: ნანა ლობჟანიძე მობილური: 899 210 309 ელ-ფოსტა: nana@transparency.ge

Tags: