ENG

ანტიდისკრიმინაციული კანონი: მიღწევები და გამოწვევები

17 ივნისი, 2014

 

სარჩევი

1. მოსამზადებელი პროცეს
2. კანონპროექტის განხილვის პროცესი
3. კანონპროექტის ანალიზი

ა. ზედამხედველობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება
ბ. დისკრიმინაციის აღმოფხვრის მექანიზმები
გ. მედიაცია და სხვა მექანიზმები
დ. მტკიცების ტვირთი
ე. რეპრესიული მექანიზმი
ვ. სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინაციის მსხვერპლისთვის სასამართლოში წარმომადგენლობითი კომპეტენციის განსაზღვრა
ზ. დათქმა კონსტიტუციურ შეთანხმებაზე
თ. დათქმა საერთაშორისო ხელშეკრულებების უპირატესობაზე
ი. დათქმა საჯარო წესრიგზე
კ. დათქმა საზოგადოებრივი ზნეობის დაცვაზე

4. დასკვნა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2013 წელს საქართველოს დაეკისრა ვალდებულება  მიეღო კანონი, რომელიც დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების აღმოფხვრისკენ იქნებოდა მიმართული. კანონის პროექტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მუშაობა გასულ წელს დაიწყო და მთავრობას წარუდგინა. 2014 წლის აპრილში მთავრობამ პროექტი პარლამენტს გაუგზავნა, რომელმაც ის 2014 წლის 2 მაისს მიიღო.  7 მაისს, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი ოფიციალურად შევიდა ძალაში.

დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ კანონის მიღებასთან დაკავშირებული პროცესების, შემოთავაზებული მექანიზმებისა და წარდგენილი რეკომენდაციების თუ კომენტარების მოკლე ანალიზს.

1. მოსამზადებელი პროცესი

საქართველოს მთავრობამ კანონპროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ იუსტიციის სამინისტრო განსაზღვრა, რომელმაც კანონპროექტზე მუშაობის პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობა უზრუნველყო. იუსტიციის მინისტრმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ კანონთან დაკავშირებით, მას შეხვედრები საქართველოს საპატრიარქოშიც ჰქონდა. იუსტიციის სამინისტროდან კანონპროექტის მიღების შემდეგ მთავრობამ მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. აღნიშნული ცვლილებების შესახებ სამოქალაქო საზოგადოებამ მხოლოდ კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ შეიტყო. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი გარკვეულწილად განსხვავდებოდა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული თავდაპირველი ვერსიისაგან, კერძოდ,  სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი შეიცავდა სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის ჩამდენი პირების დაჯარიმების მექანიზმს. ყოველივე ამის გამო, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების ნაწილმა გააკრიტიკა კანონპროექტში შეტანილი ეს ცვლილება და რეკომენდაციებით მიმართა ხელისუფლებას. კანონის გარკვეული ჩანაწერები ცალკეულმა სასულიერო პირებმაც გააკრიტიკეს. კანონპროექტის განხილვამდე საქართველოს მთავრობას არ განუხორციელებია კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობადობის გაზრდა, რამაც შემდგომში პრობლემად იჩინა თავი. კერძოდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცოდა კონკრეტულად რას ეხებოდა აღნიშნული კანონპროექტი და რა იყო მისი მთავარი მიზანი. ყოველივე ეს ბოროტად იყო გამოყენებული კანონპროექტის მოწინააღმდეგე სასულიერო პირებისა და პოლიტიკოსების მიერ.

2. კანონპროექტის განხილვის პროცესი

მას შემდეგ რაც კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნა, მის პირველ მუხლში ასახული დისკრიმინაციის ფორმები გახდა სწორედ ყველაზე დიდი ვნებათაღელვის საგანი. ცალკეული პარლამენტის წევრები, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და განსაკუთრებით კი სასულიერო პირები ითხოვდნენ, კანონს არ დაეკონკრეტებინა დისკრიმინაციის ფორმები. განსაკუთრებით პრობლემური იყო ჩანაწერი სექსუალური ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე, რომელსაც სასულიერო პირები „სოდომური ცოდვის“ დაკანონებად მიიჩნევდნენ და აფრთხილებდნენ პარლამენტის წევრებს, რომ თუ ისინი კანონის ამ ფორმით მიღებას მისცემდნენ ხმას, მათ ხალხი მხარს აღარ დაუჭერდა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა, რომ „ჰომოსექსუალობის ნორმად ქცევა“ მიუღებელია და კანონპროექტის მხარდამჭერებს ანათემით დაემუქრა.

პარლამენტს მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც და მოუწოდა, კანონპროექტის მიღება გადაედო: „ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში ცნებების „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით. ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად.“

განხილვის პროცესის მიმდინარეობისას ჩანდა, რომ ზოგიერთი დეპუტატისთვის სასულიერო პირთა პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ თუ სინოდი მხარს არ დაუჭერდა კანონპროექტს, ის, როგორც მართლმადიდებელი, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც აქტიურად გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ, მათ შორის ჯონდი ბაღათურია: „სავარაუდოდ, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი, იმიტომ, რომ სრულიად უკანონონოდ, კანონის დარღვევით, საქმეში ჩაერია ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ძალიან უხეში, აშკარა კანონის დარღვევა, რომელიც აიძულებს დეპუტატებს ამ კანონპროექტს ჩქარი წესით დაუჭირონ მხარი. რაც შეეხება რეაქციას ჩემი და ქართული საზოგადოების - არ შევარჩენთ. უკან დასახევი გზა არ გვაქვს. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. ხალხი გამოვა ქუჩაში. მოვუწოდებ ქართველებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს: ყველამ ერთად, ახლა ჩვენს შორის ეთნიკური განსხვავება გვერდზე უნდა გადავდოთ. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ოჯახები.“

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე დისკრიმინაციის ფორმების დაკონკრეტებას ეწინააღმდეგებოდა: „ჩემი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ხვალ-ზეგ ნებისმიერი ნიშანი გაჩნდეს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ადამიანი დისკრიმინაციას დაუქვემდებარონ. რა საჭიროა კონკრეტიკა, როდესაც არსებობს დისკრიმინაციის ნებისმიერი ნიშნის მიხედვით აკრძალვა?!“

გარდა ამისა, პარლამენტის წინ პერიოდულად სასულიერო პირებისა და მართლმადიდებელი მრევლის აქციაც მიმდინარეობდა, რომლებიც მოითხოვდნენ პარალმენტისგან, უარი ეთქვა კანონპროექტის მიღებაზე.

პარალელურად, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა კონსულტაციები პარლამენტსა და სასულიერო პირებს შორის. კანონის მიღებამდე, მცირე ხნით ადრე, ხელისუფლებამ სასულიერო პირების გარკვეული ნაწილის დარწმუნება მოახერხა იმაში, რომ კანონის მიღება აუცილებელი იყო. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, მოლაპარაკებებიდან გამოსულმა სასულიერო პირებმა პარლამენტთან შეკრებილ ხალხს დაშლისაკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, ისინი დარწმუნდნენ, რომ კანონი მართლმადიდებლურ ფასეულობებს საფრთხეს არ უქმნის.

30 აპრილს მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული განცხადება გააკეთა პრემიერმა ღარიბაშვილმა: „საუბარია იმ უფლებებზე, რაზეც საუბარია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში. შესაბამისად, ამდენი საუბარი და ამხელა აჟიოტაჟი ჩემთვის პირადად ამოუხსნელი და გაუგებარია. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის და ამავდროულად როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის პოზიცია და მოსაზრება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და მინდა კიდევ ერთხელ მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩვენი მთავრობა და პირადად მე ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ არასოდეს მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებას ან ტრადიციებს და ფასეულობებს.“

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ჩართულობა პროცესში და კომენტარები: „საკითხი დგას ასე: მივდივართ ევროპისკენ და ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანებს ჯოხით არ უნდა გამოვეკიდოთ თუ ვრჩებით რუსეთში, სადაც იმ ხალხის ქალაქიდან გაყრაა შესაძლებელი, ვინც არ მოგწონს და საერთოდ [შესაძლებელია] წახვიდე და ის ტერიტორია დაიპყრო, რომელიც მოგწონს. ამ კანონზე მსჯელობისას ჩვენ ამ სიბრტყეზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც ცივილიზებულ მსოფლიოშია მიღებული და არ უნდა დავრჩეთ არაცივილიზებულ მსოფლიოსთან.“

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის - ეკა ბესელიას შეფასებით: „ეს კანონი სხვა არაფერია თუ არა ადამიანის, როგორც მთავარი ფასეულობის აღიარება. კანონი ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს, როგორიც არ უნდა იყოს იგი, არ უნდა მოვექცეთ ჩაგვრით. თუ რომელიმე ჯგუფის გამოხატვის უფლება ეწინააღმდეგება საზოგადოების ზნეობას ან მის ინტერესს, შეიზღუდება“

პროცესი  ასევე იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ისე საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი იყო და მხარს უჭერდა კანონის მიღებას:

„ეს კანონი აუცილებლად უნდა იქნას მიღებული. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ განმეორდეს ისეთი სამარცხვინო ფაქტი, როგორიც არის ჭელას მინარეთის დემონტაჟი. ჩემთვის უცნაურია, როდესაც ეკლესია, რომელიც მეოცე საუკუნის განმავლობაში განიცდიდა დისკრიმინაციასა და დევნას, ის შეიძლება იყოს წინააღმდეგი ანტიდისკრიმინაციული კანონის,“ - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა სერგო რატიანმა.

საინტერესო იყო დეპუტატ თამარ კორძაიას რეაქცია, სასულიერო პირების კომენტარებზე, საკონიმეტეტო მოსმენების დროს. მან განაცხადა: „თუ თქვენ ამ დარბაზში ჩემი ყოფნა გაღიზიანებთ, მე ამ დარბაზს დავტოვებ თქვენი სიმშვიდისთვის, მაგრამ ის, რაც აქ ტრიალებს, არის ძალადობა პარლამენტზე და ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, მიუღებელია.“

ასევე, აღსანიშნავი იყო დეპუტატ ნინო გოგუაძის გამოსვლა პარლამენტში, რომელმაც განაცხადა, რომ კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად აუცილებელია კანონის წინაშე ყველა ადამიანი იყოს თანასწორი.

2 მაისს პარლამენტმა საბოლოოდ, მესამე მოსმენით, მიიღო კანონი. სასულიერო პირების დაჟინებული პროტესტის გამო, მე-2 მუხლს დაემატა დათქმა საზოგადოებრივი ზნეობის დაცვაზე (იხილეთ ქვემოთ).

ამავე დღეს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ საპატრიარქო საჭიროდ მიიჩნევს ანტიდისკრიმინაციული კანონის მრავალმხრივ შესწავლას, რადგან „მდგომარეობა შეიცვალა“ და კანონის უარყოფითი მხარეები თვალსაჩინო აღარ არის. საპატრიარქომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ცვლილებების შეტანის შემდეგ, მისთვის უკვე მისაღებია კანონი. გამოქვეყნებულ განცხადებაში,  საპატრიარქო ასევე აღნიშნავს, რომ მას „ბოლო ვარიანტის გაანალიზების საშუალება“ არ ჰქონდა, ხოლო ასეთ სერიოზულ თემაზე „ნაჩქარევი შეფასების გაკეთება ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის.“

აღსანიშნავია, რომ კანონში კვლავ დარჩა კანონპროექტის პირველი მუხლი, რომელშიც დაკონკრეტებულია დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმები, მათ შორის გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია, რაც შეიძლება ამ კანონის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეფასდეს.

3. კანონპროექტის ანალიზი

ა. ზედამხედველობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება

კანონით სახალხო დამცველი ზედამხედველობას ახორციელებს დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე, აგროვებს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს, ამზადებს მოსაზრებებს შესაბამის საკანომდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში წარსადგენად და ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, საზოგადოებაში დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ცნობიერების ასამაღლებლად.

მისასალმებელია, რომ კანონმა გაითვალისწინა აუცილებლობა იმისა, სახალხო დამცველს არა მხოლოდ რეაქტიული ფუნქცია გააჩნდეს, რაც მხოლოდ დისკრიმინაციაზე განცხადების მიღების შემთხვევაში რეაგირებას გულისხმობს, არამედ, პროაქტიულად, შესაბამისი მონაცემების ანალიზით ასახოს პრობლემის  არსი. ასევე, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კანონი ხედავს დისკრიმინაციას, როგორც საზოგადოების ცნობიერების პრობლემას და სახალხო დამცველს, ამ კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, ღონისძიების გატარებას ავალებს.

ამ ღონისძიებების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.  კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. შესაბამისი ფინანსური რესურსის მომავალში არ გამოყოფა არა მხოლოდ საფრთხეს შეუქმნის სახალხო დამცველის კანონიდან გამომდინარე უფლებამოსილებების ეფექტურ აღსრულებას, არამედ ზოგადად მიანიშნებს საჯარო პოლიტიკის მართვის პროცესის არაორგანიზებულობაზე, რაც, ამ შემთხვევაში, იმაში მდგომარეობს, რომ აღსრულების ფაზაზე ნაკლები ყურადღება იქნა გამახვილებული.

ბ. დისკრიმინაციის აღმოფხვრის მექანიზმები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი განსხვავდებოდა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტისაგან. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიიდან ამოღებულია ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა განეხილა საჩივრები, ჩაეტარებინა მოკვლევა და დაეკისრებინა სანქცია დამრღვევისთვის. ამ ინსტიტუტის ნაცვლად, კანონი სხვა მექანიზმებს გვთავაზობს, რომელიც დამრღვევის დასჯაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ მხარეების მორიგებაზე და დაზარალებულის დარღვეული უფლებების აღდგენაზეა ფოკუსირებული.

გ. მედიაცია და სხვა მექანიზმები

კანონის მიხედვით, სახალხო დამცველი შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტებს საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის არსებობისას, რაც ცალსახად პოზიტიური მექანიზმია.  მოიწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და დისკრიმინაციის შესაძლო განმახორციელებლ პირს და შეეცდება საქმე დაასრულოს მორიგებით. მორიგების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ მეორე მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, სახალხო დამცველი სასამართლოს მიმართავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად და მოითხოვს შესაბამისი აქტის ბათილად ცნობას, ახალი აქტის გამოცემას თუ მოქმედების შეჩერებას.

ამავდროულად, დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება აქვს, საქმის ყველა ეტაპზე, მიმართოს სასამართოს და მოითხოვოს, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ანაზღაურება დისკრიმინაციის ჩამდენისაგან.

დადებითად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველს ენიჭება მედიატორის, შემრიგებლის როლი. დავის ალტერანტიული მოგვარების მეთოდებები, როგორიც არის მედიაცია, სამოქალაქო დავებისას აქტიურად გამოიყენება მსოფლიოში. თუმცა, მედიაციის ინსტიტუტი სამართლის სხვა სფეროებშიც აქტიურად იკიდებს ფეხს, მაგალითად, სამართლებრივად მოწინავე ქვეყნებში, სადაც უფრო და უფრო პოპულარული ხდება აღდგენითი მართლმსაჯულება, მედიაციას საკმაოდ დიდი როლი ენიჭება.

აღნიშნული განპირობებულია მედიაციის ინსტიტუტის ეფექტურობით, როგორც კანონდარღვევის პრევენციის, ისე მხარეთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით კუთხით. მედიაცია საშუალებას აძლევს მხარეებს შევიდნენ ერთმანეთის მდგომარეობაში, გაიზიარონ ერთმაენთის წუხილი და ნებაყოფლობით მიაღწიონ შეთანხმებას მათთვის ყველაზე ოპტიმალური პირობებით.

შესაბამისად, მედიაციის სწორად ადმინისტრირების შემთხვევაში ხელი შეეწყობა კანონის მიზნის მიღწევას, რაც დისკრიმინაციის აღმოფხვრში მდგომარეობს. ხოლო, თუ კონკრეტულ შემთხვვევაში სახალხო დამცველის მცდელობა მოარიგოს მხარეების წარუმატებლად დასრულდა, დისკრიმინაციის მსხვერპლს, საქმის მსვლელობის ყველა ეტაპზე, უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს. აღსანიშნავია, რომ მას უფლება აქვს სასამართლოს პირდაპირ, სახალხო დამცველის გვერდის ავლითაც მიმართოს.

გარდა ამისა, ასევე დადებითად უნდა შეფასდეს სახალხო დამცველის უფლებამოსილება სასამართლოს ძალით მოითხოვოს ადმინისტრაციული ორგანოსაგან დისკრიმანაციის აღმოფხვრა. თუმცა, უფრო სწრაფი და ეფექტური იქნებოდა სახალხო დამცველს სასამართლოს გარეშე ჰქონოდა უფლებამოსილება დისკრიმინაციის აღმოფხრის მიზნით გამოეცა სავალდებულო აქტი შესაბამის ორგანოსთან მიმართებაში, ხოლო ამ უკანასკნელს აღნიშნული აქტის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა ჰქონოდა.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ მორიგების ფუნქციის ეფექტურად განსახორციელებლად, აუცილებელი იქნება შესაბამისი მედიატორების მომზადება ან დაქირავება, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების მოძიება, თუმცა, კანონპროექტის განმარტებით ბარათში შესაბამისი დაფინანსების თაობაზე ინფორმაცია არც ამ საკითხზე მოიპოვება.

დ. მტკიცების ტვირთი

როგორც სახალხო დამცველისთვის მიმართვის შემთხვევაში, ასევე სასამართლო დავისას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისას მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის. მსგავს მიდგომას, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე, შრომის კოდექსიც იყენებს.

ამგვარი მიდგომა გამართლებულია, რადგან სხვა შემთხვევაში, ასიმეტრიული ინფორმაციის გამო, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა დისკრიმინაციის ფაქტის დასაბუთება დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის მიერ. შესაბამისად, მტკიცების ტვირთის სუბიექტის შეცვლით კანონმა უფრო რეალური გახადა დისკრიმინაციის მსხვერპლის მიერ საკუთარი უფლებების ეფექტურად დაცვა.

ე. რეპრესიული მექანიზმი

არასამთავრობოებისა და რელიგიური ორგანიზაციების ნაწილი მოითხოდა სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში სპეციალიზირებული დამოუკიდებელი ჯგუფის შექმნას, რომელიც რეპრესიული ფუნქციით იქნებოდა აღჭურვილი.

სახალხო დამცველისთვის აღჭურვა რეპრესიული მექანიზმით

სახალხო დამცველისთვის რეპრესიული ფუნქციის მინიჭება იდეის მოწინააღმდეგეები ყველაზე ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ კონსტიტუცია სახალხო დამცველს უფლებამოსილებას ანიჭებს გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, მაგრამ დამრღვევთა დასჯა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული მანდატის ფარგლებს სცდება. ასევე საუბარია იმაზე, რომ:

  • თუ სახალხო დამცველს მიეცემა უფლება, დააჯარიმოს დამრღვევი, მაშინ იგი ვერ მოახდენს მედიაციის ფუნქციის ეფექტურად განხორციელებას, რადგან დისკრიმინაციის შესაძლო განახორციელებელ პირს საერთოდ არ ექნება ნდობა მედიატორის მიმართ, რაც მედიაციას არაეფექტიანს გახდის. ამასთანავე, ამგვარი მიდგომა ზოგადად მედიაციის არსს ეწინააღდეგება;
  • რეპრესიული ფუნქციის განხორციელებისას, სახალხო დამცველი შეიძლება თვითონ გახდეს ადამიანის უფლებების დამრღვევი. კერძო პირებისთვის სანქციის დაწესება ყოველთვის გულისხმობს ადამიანის უფლებებით დაცულ სფეროში შეღწევას. დაჯარიმებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს დაკისრებული სანქცია, ეს კი ყოველთვის შეიცავს იმის ალბათობას, რომ სასამართლომ სახალხო დამცველის ქმედებები უკანაონოდ ცნოს, რაც ნეგატიურად იმოქმედებს სახალხო დამცველის იმიჯზე.

შესაბამისად, აღნიშნული ფუნქციის შესრულებისთვის უკეთესი იქნებოდა რეპრესიული ფუნქციით აღჭურვილი სახალხო დამცველისაგან დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა, რომელიც კანონდამრღვევი პირების დაჯარიმებას განახორციელებს, როგორც ეს კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში იყო ჩაფიქრებული.

რეპრესიული მექანიზმის ეფექტურობა

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დისკრიმინაციის პრობლემა გამომდინარეობს საზოგადოების ცნობიერებიდან. შესაბამისად, არსებობს გარკვეული საფრთხე იმისა, რომ დისკრიმინაციის გამოვლინებებთან ბრძოლა სადამსჯელო მექანიზმებით (რა თქმა უნდა, თუ დანაშაულთან არ გვაქვს საქმე) შესაძლოა არ იყოს ბოლომდე ეფექტური და უკუშედეგიც კი მოგვცეს, რაც განსხვავებული ნიშნის მქონე ადამიანების სიძულვილსა და რადიკალურად განწყობილი ძალების გაძლიერებაში შეიძლება გამოიხატოს.

მიგვაჩნია, რომ თუ სათანადოდ იქნება გამოყენებული სახალხო დამცველისთვის მინიჭებული მექანიზმები, მათ შორის მედიაციისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით; ასევე, საპროცესო მექანიზმები, (დისკრიმინაციის მსხვერპლის სასამართლოსთვის მიმართვა, დარღვევის შეწყვეტის ან მორალური/მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით), შესაძლებელი გახდება როგორც დაზარალებულის უფლებების დაცვა, (უფლებების დარღვევის პრევენცია, დარღვეული უფლების რესტიტუცია და კომპენსაცია),ასევე საზოგადოებაში ტოლერანტობის დონის ამაღლება.

იმ შემთხვევაში, თუ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები, მიუხედავად მისი ჯეროვანი აღსრულებისა, არ იქნება საკმარისი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია შეიმუშაოს უფრო ქმედით მექანიზმები და საკანონმდებლო წინადადების სახით მიმართოს საქართველოს პარლამენტს.

ვ. სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინაციის მსხვერპლისთვის სასამართლოში წარმომადგენლობითი კომპეტენციის განსაზღვრა

არასამთავრობოებისა და რელიგიური ორგანიზაციების ნაწილი მოითხოვს სახალხო დამცველი მსხვერპლის სასამართლოში წარმომადგენლობითი ფუნქციით აღიჭურვოს. მიგვაჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ ამ ფუნქციას სხვა ორგანო შეასრულებს და არა ის, ვისაც კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა და მხარეთა მორიგება ევალება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ უფასო სასამართლო წარმომადგენლობა იქნება საჯარო მომსახურება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა პირს უნდა გააჩნდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ასეთ მომსახურებაზე. ეს კი შეიძლება დიდ ადამიანურ, მენეჯერულ და, შესაბამისად, ფინანსურ რესურსებთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, ასეთი სერვისი ნამდვილად დაეხმარება დისკრიმინაციის მსხვერპლს უკეთ დაიცვას თავისი უფლებები.

ზ. დათქმა კონსტიტუციურ შეთანხმებაზე

კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი აკეთებს დათქმას, რომ კანონის არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას და სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას.

არასამთავრობოებისა და რელიგიური ორგანიზაციების ნაწილი აღნიშნული ჩანაწერი გააკრიტიკა და იგი სამართლებრივად დაუსაბუთებელად და არავალიდურად ჩათვალა: თავად კონსტიტუცია აღიარებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების პრიმატს კონსტიტუციურ შეთანხმებაზე ” - აცხადებენ ისინი

კონსტიტუციის მე-6 მუხლისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად კონსტიტუციური შეთანხმება ისედაც მაღლა დგას იერარქიულად ნებისმიერ სამართლებრივ აქტზე, მათ შორის კანონზე, საერთაშორისო ხელშეკრულებაზე და ა.შ. შესაბამისად, მე-5 მუხლის მითითება არის უბრალოდ აღნიშნული სამართლებრივი რეალობის გამეორება, რისი საჭიროებაც არ არსებობს.

კონსტიტუციის მე-9 მუხლი მოითხოვს, რომ კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. თუმცა, აღნიშნული კანონი საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმა კი არ არის, არამედ ჩვეულებრივი კანონია საქართველოს საკანონმდებლო სისტემაში. შესაბამისად, კონსტიტუციური შეთანხმება იერარქიულად ყოვეთვის მასზე უპირატესი იქნება ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში.

თ. დათქმა საერთაშორისო ხელშეკრულებების უპირატესობაზე

კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი აკეთებს დათქმას რომ მისი არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი არარად აქცევდეს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ რომელიმე უფლებას.

ასეთი დებულების კანონში ჩაწერა მაინც და მაინც საჭირო არ არის, რადგან კონსტიტუციისა და ნორმატიული აქტების შესახებ კანონის შესაბამისად, კანონი იერარქიულად ისედაც დაბალ საფეხურზე დგას საერთაშორისო ხელშეკრულებასთან და ის ვერ გააბათილებს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ რომელიმე უფლებას.

ი. დათქმა საჯარო წესრიგზე

კანონის მე-5 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით, შესაბამისი ჯგუფების მიერ მათი უფლებების განხორციელებამ ან დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართულმა ქმედებებმა არ უნდა ხელყოს საჯარო წესრიგი.

საჯარო წესრიგი (ordre public) საკმაოდ ფართო ცნებაა და სხვა ყველაფერთან ერთად მოიცავს კონვენციურ მორალსაც (საზოგადოებაში გაბატონებულ მორალურ ფასეულობებს). „საჯარო წესრიგს“ იყენებენ უცხო ქვეყნის სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებისას და თუ ამგვარი გადაწყვეტილება საჯარო წესრიგს ეწინააღდეგება, ქვეყანას უფლება აქვს უარი თქვას აღსრულებაზე.

როგორც წესი, საჯარო წესრიგის დაუწერელი პრინციპები (ანუ რაც კანონით არ არის გამყარებული) მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა რაიმე ქმედება კანონს არ ეწინააღდეგება. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით კი ხდება ამ პრინციპის შებრუნება, რაც იწვევს საფრთხეს, რომ ზოგი შეზღუდვა თანასწორობის კუთხით, საჯარო წესრიგზე მითითებით გამართლდეს.

კ. დათქმა საზოგადოებრივი ზნეობის დაცვაზე

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი კრძალავდა როგორც პირდაპირ, ისე ირიბ დისკრიმინაციას. დისკრიმინაცია განმარტებულია შემდეგნაირად: „ისეთ მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.“

საპარლამენტო მოსმენების დროს, სასულიერო პირების დაჟინებული პროტესტის გამო, გადაწყდა რომ აღნიშნულ პუნქტს დამატებოდა გამონაკლისი: “საზოგადოებრივი ზნეობის დაცვა, როცა ქმედებას გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება”. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ფორმულირება საკმაოდ ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლეოდა, საბოლოოდ გადაწყდა შემდეგი ფორმულირების ჩაწერა: „...გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.“

მიგვაჩნია, რომ ჩანაწერი: „...მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს…“ - დამატებითი გარანტიაა, რომ საზოგადოებრივი წესრიგი  და ზნეობა არ განიმარტება არაგონივრულად ფართოდ და ნაკლებად მოსალოდნელია საკანონმდებლო საფუძველს მოკლებული შეზღუდვები ზნეობის დაცვის მოტივით.

4. დასკვნა

დასკვნისთვის, ვფიქრობთ, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მათ შორის ცალკეულ მექანიზმებსა თუ ნორმებთან მიმართებაში, ამ კანონის მიღება არის უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებებისა და კერძოდ დისკრიმინაციის წინააღდეგ ბრძოლის კუთხით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კანონის მიზნების მისაღწევად აუცილებელია შესაბამისი რესურსების გამოყოფა და ადეკვატური ძალისხმევა არამარტო სახალხო დამცველის, არამედ სხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება დისკრიმინაციის საკითხებთან მიმართებაში. ამ პროცესში მთავრობასა და საზოგადოებას უაღესად დიდი როლი ენიჭება.


 
[1] აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი, 2012 წლიდან სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს. 

[2] აღდგენითი მართლმსაჯულების ზოგიერთი ინსტიტუტები საქართველოში გამოიყენება იუვენალურ (არასრულწლოვანთა) დანაშაულებზე. 

 
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“