ENG

როგორ არღვევს კანონს პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან მიმართებით

20 იანვარი, 2017

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, კანონის თანახმად, 9 წევრისგან შედგება. „მაუწყებლობის შესახებ” კანონის მიხედვით, მეურვეების ერთი მესამედი ორ წელიწადში ერთხელ როტაციის წესით იცვლება. ახალი მეურვეების არჩევის ვადებიც ამავე კანონითაა დადგენილი.

“მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 კალენდარული დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის გამოცხადების შესახებ, რომლითაც განსაზღვრავს მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადას არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.[1]

2016 წლის ივნისში, სამეურვეო საბჭო ნათელა სახოკიამ დატოვა, რის შემდეგაც საბჭო რვა წევრით აგრძელებს ფუნქციონირებას. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან 10 დღის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს კონკურსი უნდა გამოეცხადებინა, მეურვის შესარჩევი კონკურსი ამ დრომდე არ გამოცხადებულა, რითაც „მაუწყებლობის შესახებ” კანონის მოთხოვნები ირღვევა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამეურვო საბჭო არასრული შემადგენლობით მუშაობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაარსებიდან იგივე პრობლემა, ფაქტობრივად, საბჭოს ყველა შემადგენლობას ჰქონდა. მაუწყებელზე მიმდანარე რეფორმების პარალელურად, ცვლილებების რამდენიმე ტალღა შეეხო სამეურვეო საბჭოსაც. 2005 წლიდან საბჭოს წევრები როტაციის პრინიციპით იცვლებოდნენ. იყო პერიოდი, როდესაც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 15 მოქმედი წევრი ჰყავდა და 2007 წელს რამდენიმე თვით სამეურვეო საბჭო წევრების გარეშეც იყო დარჩენილი. 2012 წლის არჩევნების შემდეგ კი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სრული შემადგენლობით შეიცვალა.

პირველი საბჭო

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა საბჭომ მუშაობა 2005 წელს დაიწყო 9 კაციანი შემადგენლობით. იმავე წელს საბჭო ორმა მეურვემ, თამარ კინწურაშვილმა და გია ხუბუამ დატოვეს. 2007 წელს კიდევ სამ მეურვეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, მეოთხე, ლევან თარხნიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ დაინიშნა. მთელი ამ ხნის განმავლობაში საბჭო ახალი წევრებით არ ივსებოდა. საბოლოოდ, იმ პერიოდში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, საბჭოს დარჩენილმა წევრებმა თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს და პარლამენტმა საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

თავმჯდომარის და წევრების გადადგომა

2008 წლის თებერვალში არჩეული საბჭო მაისში მისმა თავმჯდომარემ ერეკლე ტრიპოლსკიმ დატოვა. მისი ადგილი ვაკანტურად დიდხანს არ დარჩენილა და ივლისში პარლამენტმა ახალი მეურვე ოთარ კობერიძე დაამტკიცა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის აპრილში საბჭო კიდევ ოთხმა წევრმა დატოვა. 2009 წლის ივლისში ოთხი ვაკანტური პოზიციიდან პარლამენტმა მხოლოდ სამი შეავსო. იმავე წლის სექტემბერში კი „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა და საბჭოს წევრთა ოდენობა 15-მდე გაიზარდა. საბოლოოდ, 15-წევრიანი საბჭოს დაკომპლექტება 2009 წლის დეკემბერში დასრულდა.

ცვლილებები 15-წევრიანი საბჭოს დროს

2010 წელს სამეურვეო საბჭო წევრის 2 წევრი აირჩიეს. მეურვედ ხელახლა დაამტკიცეს მამუკა ფაჩუაშვილი. ასევე, საბჭოს გიორგი მელაძე შეუერთდა. 2011 წელს საბჭო შორენა შავრდაშვილმა და ლიკა ჩახუნაშვილმა დატოვეს. ამავე წელს მას მხოლოდ ერთი წევრი ეკატერინე მაზმიშვილი შეუერთდა. 2012 წელს საბჭოს სამი წევრი - გიგა ნასარიძე, ნოდარ სარჯველაძე და დავით აფრასიძე გამოაკლდა. იმავე წელს აირჩა მხოლოდ ორი წევრი - ზაზა კორინთელი და ნატალია დვალი. შედეგად, 2013 წლისთვის საბჭოში 13 წევრი იყო. 2013 წლის 1 სექტემბერს საბჭოს 4 წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ეკატერინე მაზმიშვილმა კი საბჭო დატოვა. მოგვიანებით მას ავთანდილ ანთიძე შეუერთდა. საბჭოში შვიდი წევრი დარჩა და ის ქმედუუნარო გახდა. ამავე პერიოდში საბჭოს დაკომპლექტების წესი კვლავ შეიცვალა და მეურვეების ოდენობა ისევ 9 გახდა.

ახალი საბჭო უმცირესობის მიერ წარდგენილი წევრების გარეშე

2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისში 9-წევრიანი სამეურვეო საბჭოს დამტკიცების პროცესი მიმდინარეობდა. დეკემბერსა და იანვარში გამართულ ორ კენჭისყრაზე პარლამენტმა ოთხი წევრის არჩევა მოახერხა. რამდენიმე თვეში პარლამენტმა კიდევ სამი წევრი დაამტკიცა, თუმცა კვლავ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციის კვოტით წარდგენილ კანდიდატებს. შედეგად, 2016 წლის აპრილამდე საბჭო შვიდი წევრით ფუნქციონირებდა, სანამ პარლამენტმა ოთხი ახალი წევრი არ დაამტკიცა (აქედან ორმა შეცვალა მეურვეები, რომლებსაც ვადა ამოეწურათ). სრული შემადგენლობით საბჭომ სულ რამდენიმე თვეს იმუშავა, ნათელა სახოკიას მიერ თანამდებობის დატოვებამდე.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო

საბჭოს სრულად დაკომპლექტების პრობლემა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოშიც დგას. აჭარის უმაღლესმა საბჭომ თავდაპირველად საბჭო მხოლოდ “ქართული ოცნების” კანდიდატებით დააკომპლექტა. 2016 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ზაზა ხალვაშმა დატოვა, საბჭოს ახალი წევრის ასარჩევად კი კონკურსი ამ დრომდე არ გამოცხადებულა.

მეურვეების არჩევის პროცესი მუდმივად პოლიტიკური ბრალდებებისა და მანიპულაციების საგანს წარმოადგენდა. აღნიშნულზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ პალამენტში მუდმივად იწელებოდა ახალი წევრის არჩევის პროცესი, ხშირად ვარდებოდა ის კანდიდატურები, რომლებიც ხელისუფლებისა და თავად მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკით გამოირჩეოდნენ.

პარლამენტი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და დროულად უზრუნველყოს საბჭოს შევსება ახალი წევრებით, რათა გარანტირებული იყოს სამეურვეო საბჭოს შეუფერხებელი მუშაობა. ასევე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა უნდა იყოს გამჭვირვალე და მაქსიმალურად ობიექტური პროცესი, რაც თავის მხრივ მაუწყებლის დამოკიდებლობის ერთერთი წინაპირობაა.


[1] კანონი „მაუწყებლობის შესახებ,” მუხლი 25

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“