ENG

კორუფციის აღქმის ინდექსი 2010: რას გვეუბნება საქართველოს 68–ე ადგილი?

26 ოქტომბერი, 2010

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.8 ქულა მიიღო და 68-ე ადგილი დაიკავა. „კორუფცისს აღქმის ინდექსი“ ზომავს საჯარო სექტორში აღქმული კორუფციის ხარისხს 178 ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იგი შემუშავებული და გამოქვეყნებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სათავო ოფისის მიერ ბერლინში. 2009 წელს საქართველომ 4.1 ქულით 66–ე ადგილი დაიკავა, თუმცა წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. საქართველოსათვის მინიჭებული ქულა ცხადყოფს, რომ კორუფცია ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვირლი და კვლავ რჩება პრობლემად, რომელსიც მოგვარებას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზრებას მთავრობა ხშირად არ ეთანხმება.

„კორუფციის აღქმის ინდექსის“ რუკა

 

CPI 2010 Map: Dark red indicates higher levels of perceived corruption„კორუფციის აღქმის ინდექსი“ მოცემულ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის აღქმის კარგ სურათს აჩვენებს. იგი საშუალებას გვაძლევს შევადაროთ საქართველო სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს. მაგალითად, თავის რეგიონში საქართველო ჩამორჩება თურქეთს (4.4 ქულით 56–ე ადგილზე), ასევე ხორვატიასა და მაკედონიას (4.1 ქულით 62–ე ადგილზე) – სამივე ევროკავშირის წევრობის კადდიდატი ქვეყნებია. თუმცა, წინ უსწრებს ასევე ევროკავშირის წევრობის პოტენციურ კანდიდატებს: მონტენეგროს, სერბეთს, ალბანეთს და ბოსნიასა და ჰერცოგოვინას. ევროკავშირის პოტენციური კანდიდატობის სტატუსი ჯერ საქართველოსთვის არ შეუთავაზებიათ.

ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კორუფციის მხრივ პრობლემები არ ჰქონდეთ. იტალიას სულ ერთი ადგილით უსწრებს საქართველოს და უჭირავს 67–ე ადგილი (3.9 ქულით), ხოლო რუმინეთს (3.7 ქულით 69–ე ადგილი); ბულგარეთსა (3.6 ქულით 73–ე ადგილი) და საბერძნეთს (3.5 ქულით 78–ე ადგილი) საქართველოსთან შედარებით კორუფციის აღქმადობის უფრო მაღალი დონე აქვთ.

რიგ მაღალგანვითარებად ქვეყნებში, რომლებმაც განსაკუთრებულად იწვნიეს ფინანსური კრიზისის შედეგები, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ ცხადყოფს, რომ საჯარო სექტორმა დაკარგა ნდობა, რაც გამოიხატა კიდეც იმ დაბალი შეფასებებით (ქულებით), რომელიც ამ ქვეყნებმა (ჩეხეთის რესპუბლიკა, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი) მიიღეს.

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ მიხედვით საქართველოს ქულა მისი მეზობელი სახელმწიფოების ქულაზე გაცილებით მაღალია, თურქეთის გამოკლებით. სომხეთი 2.6 ქულით 123–ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 2.4 ქულით 134–ე ადგილზე, ხოლო რუსეთი 2.1 ქულით 154–ე ადგილზე. ნიშნავს თუ არა 2009 წელთან შედარებით საქართველოს ქულის 0.3 ერთეულით გაუარესება იმას, რომ გასულ წელთან შედარებით კორუფციის აღქმა საქართველოში გაიზარდა? საქართველოს ქულა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანად არ შემცირებულა, ამიტომ „კორუფციის აღქმის ინდექსზე“ დაყრდნობით ამ დასკვნას ვერ გამოვიტანთ. ინდექსი ქვეყნების/ტერიტორიების რანგირებისათვის იყენებს კვლევებს, რომლებიც დრო და დრო იცვლება. ასე რომ, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ დროის მსვლელობაში ქულის ცვლილების შესადარებლად შესაფერისი ინსტრუმენტი არ არის. უფრო მეტიც, 1995 წლიდან, როდესაც „კორიფციის აღქმის ინდექსი“ პირველად გამოქვეყნდა, ყოველ წელს გამოყენებული წყაროები და ქვეყნების რაოდენობა იცვლებოდა. 15 წლის განმავლობაში ინდექსის უფრო დასახვეწად, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მეთოდოლოგიაც შეცვალა. შედეგად, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ წლების მსვლელობაში ტენდენციის ზუსტ ანალიზს ვერ მოგვცემს.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მეთოდოლოგიის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებში. „კორუფციის აღქმის ინდექსთან“ დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ აქვე დაპოსტოთ და ჩვენ შევეცდებით მათ პასუხი გავცეთ. ჩვენ ასევე გვანიტერესებს თქვენი მოსაზრებები: როგორ გესმით „კორუფციის აღქმის ინდექსი?“ გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.

Author: მათიას ჰუთერი