2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები დაანონსებული 10%-ის ნაცვლად 3%-ით მცირდება

Print this pagePrint this pageSend
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

 

2016 წლის 14 დეკემბერს პარლამენტმა საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი მიიღო. ასევე, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ გარკვეული მონაცემები გამოქვეყნდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაინტერესდა გამოეკვლია 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და იმით, თუ რამდენად მოხდა 2017 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით ე.წ ადმინისტრაციული ხარჯების 10%-იანი შემცირება, როგორც ეს დაანონსებული იყო მთავრობის მიერ.  

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს შემოსავლების, კერძოდ კი საგადასახადო შემოსავლების კუთხით შესრულების პრობლემა არ დამდგარა, თუმცა პრობლემები გამოიკვეთა ცალკეული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გადასახდელების შესრულებასთან და შედეგად ბიუჯეტის ეფექტიან პროგნოზირებასთან დაკავშირებით.

2017 წელს მნიშვნელოვნად გაზრდილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (286 მლნ ლარით - 29%) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება (167 მლნ ლარით - 17%). ასევე მთლიანობაში შემცირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურება 59 მლნ ლარით (-4.04%).  მიუხედავად ამ პოზიტიური ნაბიჯებისა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში კვლავ არის ბევრი პრობლემა, გამოწვევა და კითხვის ნიშანი სამინისტროების მიერ თანხების განკარგვასთან, ბიუჯეტის პროგრამულობასთან და ზოგადად ბიუჯეტის ეფექტიან ხარჯვასთან დაკავშირებით. ასევე, აღსანიშნავია, რომ ე.წ ადმინისტრაციული ხარჯების  შემცირება 10%-იან ზღვარს ვერ აღწევს. ადმინისტრაციული ხარჯებიდან (რაც უხეშად მოიცავს შრომის ანაზღაურების და საქონელი და მომსახურების მუხლს), მხოლოდ შრომის ანაზღაურება მცირდება 59 მლნ ლარით. სერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის ე.წ ადმინისტრაციული ხარჯები ფაქტობრივად 32 მლნ ლარით (1.3%), ხოლო ნაერთი ბიუჯეტის (საპროგნოზო) კი 79 მლნ ლარით (2.5%) მცირდება.