ENG

საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასება

15 დეკემბერი, 2017

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში  მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა.

კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითები:  

  • “მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება; ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე “შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი კონტენტთან დაკავშირებულ შესყიდვებზე აღარ გავრცელდება, რაც ზრდის კორუფციის რისკს.  ასევე, მაუწყებელზე გაიზარდა სარეკლამო დრო და სპონსორობის განთავსების შესაძლებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ზრდადი და სტაბილური შემოსავალი აქვს. მისი  ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს.

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის გარკვეული შესყიდვები კითხვის ნიშნებს ბადებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგა ხაინდრავას კომპანიის მიერ მოგებული ტენდერი სერიალის წარმოებაზე. გოგა ხაინდრავა ყოფილ პრემიერ მინისტთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია - მისმა კომპანიამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის დაკვეთით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ სერიალი “ჰეროკრატია” გადაიღო. ასევე, პრობლემურია ბერა ივანიშვილის კომპანიის მიერ მოგებული განათების ტენდერი (რომლის დირექტორიც გოგა ხაინდრავაა). ტენდერი ამჟამად შეწყვეტილია, ხოლო განათების ტექნიკა ივანიშვილმა მაუწყებელს საჩუქრად გადასცა.

  • გაუმჭვირვალეა დასაქმების პოლიტიკაც. საზოგადოებრივ მაუწყებელში ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის “ჯი-დი-ეს”-ის თანამშრომლები აქტიურად დასაქმდნენ, როგორც წამყვანი მენეჯერის, ასევე ჟურნალისტების პოზიციებზე;  საზოგადოებრივ მაუწყებელში წლების განმავლობაში საუბარია ე.წ. “გაბერილი კადრების” პრობლემაზე, თუმცა რეფორმა ვერც ერთმა მენეჯმენტმა ვერ ან არ განახორციელა.

  • ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არის კრიტიკულად დაბალი, მათ შორის ბოლო პერიოდში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის, საკადრო გადაწყვეტილებებისა და კონკურსების გაუმჭვირვალედ ჩატარების გამო;

  • ახალი მენეჯმენტის პირობებში გაძლიერდა ეჭვები, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლებისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების  ზეგავლენის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით;

  • საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები გარკვეული დროით შეჩერდა და მათი ნაწილი დღესაც არ გადის ეთერში. ეს შესაძლოა არღვევდეს კანონს, რომელიც მაუწყებელს ავალდებულებს შეასრულოს სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამული პრიორიტეტები. აღნიშნული პრიორიტეტები მოიცავს მაუწყებელზე ჟურნალისტური გამოძიების, კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი გადაცემების არსებობას.

  • პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კონტროლი სამეურვეო საბჭოს ვალდებულებაა, თუმცა, საბჭო სათანადოდ არ რეაგირებს პრიორიტეტების შეუსრულებლობის საკითხებსა და მაუწყებელში მიმდინარე სხვა საკამათო რეფორმებთან დაკავშირებით.

რეკომენდაციები:

  • საქართველოს პარლამენტმა უნდა მოაწყოს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასრულებს მაუწყებელი კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს;

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმეტმა და სამეურვეო საბჭომ აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა საზოგადოების ნდობა დაიმსახურონ, რაც გამოიხატება გამჭვირვალობაში, საზოგადოების ინფორმირებაში მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დააკავშირებით, საზოგადოების მიმართ  ანგარიშვალდებულებასა და ობიექტური, მიუკერძოებელი და პლურალისტური სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში;

  • სამეურვეო საბჭომ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პრიორიტეტების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით;

  • მნიშვნელოვანია დასრულდეს რეორგანიზაციისა და კადრების რესტრუქტურიზაციის პროცესი იმისთვის, რომ მაუწყებლის ფუნქციონირება გახდეს უფრო ეფექტური და გამჭვირვალე;

  • საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მაუწყებლის საჯაროობასა და გამჭვირვალობას, გაზრდის კორუფციის რისკს და დააზარალებს სარეკლამო ბაზარს.


 

 

1TV-2017 by TIGeorgia on Scribd