ENG

რეკომენდაციები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით

07 დეკემბერი, 2016

 

2016 წლის 15 ნოემბერს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. 2017 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 19  მილიონ 686 400 ლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით  729 ათასი ლარით მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი როგორც სტრუქტურული, ასევე პროგრამული თვალსაზრისით, წინა წლების ბიუჯეტებთან შედარებით, უმჯობესია, საერთაშრისო გაჭვირვალობა-საქართველოსაქვს რამდენიმე შენიშვნა და რეკომენდაცია რომელთაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:

რეკომენდაციები პრიორიტეტების შერჩევასთან დაკავშირებით:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები იქნება:

  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის უპირატესი ტემპით განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება;

  • მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

  • ქალაქის კულტურული ცხოვრების აღორძინება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;

  • განათლების ფინანსური ხელშეწყობა, ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის კერების საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

  • სპორტის სწრაფი განვითარება, ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიანობის ამაღლება, ამ კუთხით კონკრეტული პროექტებისა და პროგრამების აქტიური ფინანსური მხარდაჭერა;

  • კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სფეროში რაციონალური, მაღალეფექტურ შედეგებზე ორიენტირებული პროგრამებისა და აქტივობებისთვის ფინანსური საფუძვლების შექმნა;

  • თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის მუნიციპალიტეტზე დელეგირებული უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელებისათვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ განმარტებით ბარათში წარმოდგენილია ინფორმაცია პრიორიტეტების შერჩევის ინდიკატორებზე (ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულო მართავს ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს), მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტების შერჩევამდე მუნიციპალიტეტმა უნდა გამართოს შეხვედრები მოსახლეობასთან, რათა აღნიშნული დოკუმენტი მოქალაქეთა ყველა ჯგუფის ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებდეს.  მოსახლეობასთან შეხვედრები უნდა გაიმართოს იმდაგავარად, რომ თვითმმართველი ერთეულის ყველა დასახლებული პუნქტი იყოს მოცული, შესაბამისი შეხვედრების ოქმები კი უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

აუცილებელია, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტების შერჩევის მიზნით ჩატარებული ნებისმიერი სახის კვლევის შედეგების ამსახველი დოკუმენტი  (მაგალითად მოსახლეობის გამოკითხვა შემდეგი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით) გამოქვეყნდეს საჯაროდ, ასევე ხელმისაწვდომი იყოს ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით მოსახლეობის მიმართვიანობის შინაარსობრივი ანალიზიც.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია პრიორიტეტები არასწორად იქნეს შერჩეული, რაც ბიუჯეტის არასასურველი მიმართულებით გახარჯვის რისკებს წარმოქმნის.

რეკომენდაციები ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილთან დაკავშრებით:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ვერ აკმაყოფილებს პროგრამული ბიუჯეტის კრიტერიუმებს. პროგრამული ბიუჯეტი, როგორც ტრადიციული სტრუქტურის ბიუჯეტის ალტერნატივა, მისი დაგეგმვის პროცესიდანვე სრულად უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული. შესაბამისად ზუგდიდის მერიამ ბიუჯეტის პროექტის საკრებულოსთვის დაბრუნებამდე მისი შემდგომი დახვეწის მიზნით:

  • თითოეული საბიუჯეტო პროგრამას და ქვეპროგრამას თან უნდა დაურთოს მოსალოდნელი საბოლოო და შუალედური შედეგების გაზომვადი და შინაარსიანი ინდიკატორები. პროექტში წარმოდგენილი ინდიკატორების უმეტესი ნაწილი ზოგადი და ბუნდოვანია;

  • თითოეულ საბიუჯეტო პროგრამას/ქვეპროგრამას თან უნდა ახლდეს პროგრამის/ქვეპროგრამის როგორც საბოლოო, ასევე შუალედური შედეგების მიღწევის ვადები. შუალედური შედეგების ვადების დაზუსტება მნიშვნელოვანია, რადგანაც შესაძლებელია საბოლოო შედეგის მიღწევისკენ პროგრესის მაჩვენებლად იქნას გამოყენებული;

  • მეტ კონკრეტიკას საჭიროებს ბიუჯეტის პროგრამის/ქვეპროგრამის მოსალოდნელი საბოლოო და შუალედური შედეგები, იგი ჩამოყალიბებული უნდა იყოს ნათლად და კონკრეტულად და ასახავდეს იმ სამომავლო მდგომარეობას, რისთვისაც ხორციელდება;

  • მნიშნელოვანია, რომ თითოეულ პროგრამას თან ერთვის ინფორმაცია მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოს დასახელება, თუმცა უშუალოდ მერიის მიერ განსახორციელებელ პროგრამებში პროგრამის/ქვეპროგრამის განმახრციელებლად უნდა მიეთითოს არა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, არამედ უნდა მოხდეს მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მერიის სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის, განყოფილების) დაკონკრეტება. ეს მუნიციპალიტეტს მისცემს შესაძლებლობას წლის ბოლოს გაზომოს მიღწეული შედეგები, საჭიროების შემთხვევაში კი დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

ჩვენი პოზიციით, მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტი მოითხოვს მეტ კონკრეტიკას ისე, რომ ნებისმიერ პირს შეექმნას სრულყოფილი წარმოდგენა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების, ასევე მოსალოდნელი შედეგების შესახებ. აღნიშნული კონკრეტიკის გარეშე ზუგდიდის 2017  წლის ბიუჯეტის პროექტი ვერ ჩაითვლება პროგრამულად.

პრობლემური საკითხები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში

საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდის“ დაფინანსება

ბიუჯეტის პროექტით, 900 ათასი ლარია გამოყოფილი საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის” დასაფინანსებლად, რომლის 51% წილი მიმდინარე წილი აგვისტოში კერძო ინვესტორზე გასხვისდა,  ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის ბოლომდე, ინვესტორმა კლუბში 100 ათასი ამერიკული დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის ბოლომდე კი ყოველწლიურად 300 ათასი დოლარის ინვესტიცია ფეხბურთის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ დადგა მუნიციპალიტეტის მიერ კლუბის სოლიდური მოცულობის თანხით დაფინანსების საჭიროება. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის მერიის მხრიდან კლუბში მზარდი ინვესტიციების ჩადებამ შედეგი არ გამიოღო და მიმდენარე წლის მდგომარეობით ზუგდიდის „ზუგდიდი“ უკვე დაქვეითდა ქვედა ლიგაში, კლუბს ასევე აქვს ფინანსური დავალიანებები. კლუბში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ ფეხბურთელებიც, ზუგდიდის “ზუგდიდის” კაპიტანმა ნიკოლოზ აფაქიძემ მიმდინარე წლის ოქტომბერში მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლუბის 51% წილის მფლობელი მხარე უარს აცხადებს გუნდის დაფინანსებაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პოზიციით საფეხბურთო კლუბისათვის დაფინანსების გამოყოფაზე მსჯელობის დაწყებამდე:

  • ზუგდიდის მერიამ უნდა წარმოადგინოს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის გარშემო პრობლემებზე;

  • მკაფიოდ იქნეს ჩამოყალიბებული კლუბის მიმართ, ერთის მხრივ, ინვესტორის, მეორეს მხრივ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვალდებულებები.

კულტურული ღონისძიებები:

260 ათასი ლარია გათვალისწინებული 20-ზე მეტი კულტურული ღონისძიების ჩასატარებლად. ჩვენი პოზიციით აღნიშნული ქვეპროგრამაც საჭიროებას მეტ კონკრეტიკას, კერძოდ:

  • ბიუჯეტშივე უნდა დაზუსტდეს თუ რა თანხა დაიხარჯება კონკრეტული კულტურული ღონისძიების ჩატარებისათვის, როდის ჩატარდება იგი და რატომ დგას ამა თუ იმ კულტურული ღონისძიების ჩატარების აუცილებლობა.

სოციალური პროგრამები:

ბიუჯეტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი გამოყოფს თანხას მოქალაქეთა დასახმარებლად. თუმცა ჩვენი რეკომენდაციით,

  • აუცილებელია, რომ სოციალური დახმარების პროგრამა არ მოიცავდეს ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას, იგი სრულად უნდა იყოს ორიენტირებული ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის ეტაპობრივ გაუმჯობესებაზე;

  • ბიუჯეტის სწორი გადანაწილების შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა იზრუნოს უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფაზეც. მაგალითისათვის, 2015 წელს, თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც უსახლკაროთათვის მცირე ზომის სახლების აშენებას და მის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს, 2015-2016 წლებში სულ 41 სახლი აშენდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 960 ათასი ლარი იქნა დახარჯული., ვფიქრობთ, იმავე პროგრამის განხორციელება ზუგდიდის მერიასაც შეუძლია;

  • ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად უნდა იზრუნოს სოციალური სამუშაოს გააქტიურებაზე, რომლის მიზანიც, მათ შორის, უნდა იყოს: სოციალურად დაუცველი ან/და სპეციფიური საჭიროების მქონე მოქალაქეთა გამოვლენა, ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრმა:

75 ათასი ლარით ფინანსდება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამა”. ჩვენი მოსაზრებით,  აღნიშნული თანხა არ არის საკმარისი ქალაქ ზუგდიდიში ამ კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

  • ქალაქ ზუგდიდში 1 428 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტირებული, მათ შორის პირები რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან. მათი თავისუფალი გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა კი მოწყობილი არ არის;

  • ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას პანდუსი მოწყობილია აუცილებელი სტანდარტების დაცვის გარეშე. მძიმე მდგომარებაა ქუჩებზე,  ტროტუარებსა და გადასასვლებეზე;

  • მიგვაჩნია, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, სხვა საჯარო უწყებებთან ერთად, უნდა იზრუნოს ქალაქში შშმ პირთა თავისუფალი გადაადგილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ასევე, აუცილებლობას წარმოადგენს ხმოვანი შუქნიშნების დამონტაჟებაც.

ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა:

ბიუჯეტის პროექტით, წინა წლის მსგავსად, 100 ათასი ლარია გათვალისწინებული ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის ხელშეწყობისათვის. ვფიქრობთ, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა განმარტოს, თუ რატომ იქნა კვლავ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული.  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შექმნიდან (2014 წელი) დღემდე რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნასა და ეკლესია-მონასტრების რეკონსტრუქცია-მშენებლობაზე ქალაქ ზუგდიდის მერიამ სულ 329 000 ლარი დახარჯა, მათ შორის ყველაზე მეტი თანხა - 280 ათასი ლარი 2014-2016 წლებში სწორედ ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობისთვის გამოიყო.

ჩვენი პოზიციით სასურველია, მუნიციპალიტეტებმა კონკრეტული კონფესიისათვის გარკვეული თანხის გამოყოფამდე კონსულტაცია გამართონ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებს ამის ვალდებულება არ აქვთ, ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს ყველა რელიგიური ჯგუფის, მათ შორის რელიგიური უმცირესობების უფლებების თანაბრად დაცვას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საპატრიარქო სოლიდური ფინანსური რესურსების მფლობელია და იგი დამოუკიდებლადაც შეძლებს ზემოაღნიშნული ხარჯების გაწევას.

სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა:

ბიუჯეტის პროექტით გაზრდილია „სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა” და იგი 2 მილიონ 444 ათას 400 ლარს შეადგენს, თუმცა თუკი გავითვალისწინებთ ქალაქში არსებული ბაღების ზოგად მდგომარეობას, ეს თანხა არასაკმარისია.

  • პირველ რიგში უნდა მოხდეს საბავშვო ბაღებების შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა გასახელება და მათი ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება, რათა საბავშვო ბაღებს მიეცეთ არსებული შენობების სრულად ათვისების შესაძლებელობა;

  • უნდა მოხდეს ძიმე მდგომარეობაში მყოფი ყველა საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია და ეზოების კეთოლმოწყობა;

  • მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ბაღების პედაგოგთა და აღმზრდელთა ჰონორარი, რომელიც მოცემულ მომენტში საშუალოდ 300 ლარს შეადგენს;

  • ასევე მნიშვნელოვანია პედაგოგთა და აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.  

მუნიციპალური ტრანსპორტი:

ზუგდიდის ორ მუნიციპალიტეტად გაყოფის შემდგომ მუნიციპალური ავტობუსები თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა, მიგვაჩნია, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ვალდებულია უახლოეს მომავალში დაიწყოს ზრუნვა საკუთარი მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრასპორტის შეძენასა და აღნიშნული მომსახურების ქალაქის მასშტაბით გავრცელებაზე.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ რეკომენდაციათა გათვალისწინების შემთხვევაში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული იქნება. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, უპირველეს ყოვლისა, არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაა, შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნულ მიმართულებას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევების გათვალისწინებისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვით უნდა შედგეს. შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ძირითადი  პრიორიტეტი არსებულ სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მიენიჭოს.
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“