რა იცვლება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და როგორ წარიმართა ცვლილებების ინიცირებისა და განხილვის პროცესი

10 ივლისი, 2017

1. საკანონმდებლო წინადადების წარდგენა და სამუშაო ჯგუფის შექმნა

2016 წლის 19 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტს, რომლის მიხედვითაც “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 30-ე მუხლში ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ, რაც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შემცირებას გულისხმობდა.  

როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორები განმარტებით ბარათში აღნიშნავდნენ, ცვლილებების საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები არ იყო გამიჯნული, რაც მენეჯმენტს მაუწყებლის მართვისას პრობლემებს უქმნიდა. წინადადადების წარდგენის პერიოდში უკვე გადამდგარი იყო მაუწყებელის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი და მაუწყებელი ახალი დირექტორის არჩევას ელოდებოდა. პარლამენტში აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა იანვრის დასაწყისში დაიწყო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შექნა სამუშაო ჯგუფი, რაც დროში დაემთხვა ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული პირის,  ვასილ მაღლაფერიძის არჩევას.

პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი სამუშაო შეხვედრა 21 იანვარს გამართა.  უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში არ იყვნენ ჩართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები. რის შემდეგაც, 30 იანვარს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ჯგუფში ჩართვის შესახებ მიმართა კომიტეტს. სამუშაო ჯგუფში ასევე ჩაერთო გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი, ლიბერალური აკადემია - თბილისის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ტუღუში. უნდა აღინიშნოს, რომ  2017 წლის 21 იანვრიდან 5 თვის მანძილზე სამუშაო ჯგუფის არცერთ წევრს არასამთავრობო სექტორიდან არ მიუღია ინფორმაცია შეხვედრების ჩატარების შესახებ, შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში მონაწილეობა ფაქტობრივად  არ მიუღიათ.

პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნიდან 6 თვის შემდეგ, 17 ივნისს, შაბათ დღეს, პარლამენტში ჩაინიშნა  სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც სამუშაო ჯგუფს წარედგინა კანონპროექტი. პარლამენტის წევრები აღნიშნულ დოკუმენტზე არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებსაც ითხოვდნენ.  ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციები არ იყვნენ კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართულნი, არც კანონში შესატანი ცვლილებების წინასწარ გაცნობის საშუალება არ მისცემიათ და შენიშვნების წარდგენისთვის დრო არალოგიკურად მცირე იყო, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს მიმართეს თხოვნით, შეჩერებულიყო ცვლილებების ინიცირების პროცესი და შექმნილიყო უფრო ფართო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც მოხდება კანონპროექტის განხილვა. პარალელურად, მიუხედავად მცირე დროისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 21 ივნისვე გაუგზავნა კრიტიკული მოსაზრებები აღნიშნული  საკანანონმდებლო ცვლილებების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით.  თუმცა, საკანონმდებლო ცვილილებების ინიცირების პროცესი არ შეჩერებულა და 22 ივნისს პარლამენტის წევრების ნაწილის მიერ მოხდა ცვლილებების პაკეტის ინიცირება.

მნიშვნელოვან ცვლილებებზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, სფეროს ექსპერტების მონაწილეობის გარეშე მუშაობის პროცესი, გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კანონპროექტის შემუშავება მოხდა დახურულად და გაუმჭვირვალედ. საზოგადოებას არ მიეცა მასში ჩართვის საშუალება, მიუხედავად იმ დიდი ინტერესისა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ არსებობდა.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგლივ არსებული მდგომარეობა

“მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ არსებული მდგომარეობა. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვადის ამოწურვამდე, საზოგადოებრივი  მაწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მოულოდნელი გადადგომა და მის ადგილას ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან და მის მედია პროექტებთან დაკავშირებული ვასილ მაღლაფერიძის არჩევა. წლის დასაწყისში არხის ახალმა მენეჯმენტმა მაუწყებლის რეორგანიზაციის ფარგლებში მაუწყებლის 102 გადაცემიდან 101-ის გათიშვა დააანონსა. საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა. მაუწყებლის ეთერში რიგ გადაცემებზე კონკურსი გამოაცხადა,  ხოლო თანამშრომლების ნაწილი უკონკურსოდ, ასევე ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის შვილის კუთვნილი ტელეკომპანიიდან, GDS-იდან გადმოიყვანეს. ახალი სატელევიზიო სეზონიდან მაუწყებლის ეთერიდან ქრება “რადიო თავისუფლების” სატელევიზიო პროექტები - “წითელი ზონა” და “ინტერვიუ”, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინგეგრაციის თემაზე ფოკუსირებული პროექტი “ვექტორი”, დღემდე უცნობია ეთერში დარჩება თუ არა რადიო “ამერიკის ხმის” პროექტი “ვაშინგტონი დღეს”. მაუწყებლის რეფორმის ამ ფორმით მიმდინარეობის პარალელურად, ისეთი საკანონმდებლო ცვილელების ინიცირება, რომელთა ამოქმედებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გამჭვირვალობასა და საჯაროობას შეამცირებს, დამატებით კითხვებს აჩენს. უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ეთანხმება ინიცირებულ ცვლილებებს და დამატებით არგუმენტად ცვლილებებზე ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) დადებით რეკომენდაციას ასახელებს. თავის მხრივ EBU ინიცირებული 13 ცვლილებიდან დადებით რეკომენდაციას მხოლოდ 3 საკითხზე გასცემს. თუმცა, გასათვალისწინებელია თუ რამდენად არის ევროპის მაუწყებელთა კავშირი ინფორმირებული საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელზე ხელისუფლების მხრიდან გავლენის მოპოვების მცდელობის საფრთხეზე და ასევე იმ გამოწვევებსა და კონტექსტზე, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებელს საქართველოში დღეს უწევს საქმიანობა.

3. რა იცვლება “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში

  • “ეთერი” თუ “პროდუქცია”?

ინიცირებული საკანონმდებლო ცვილელების მიხედვით, “მაუწყებლობის შესახებ კანონის” მე-16 მუხლში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის არანაკლებ 25%-ისა უნდა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ ვრცელდება  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი“.

კანონის ძველი რედაქციით, გათვალისწინებული ტერმინი “ეთერი”  ცვლილებების პროექტში ჩანაცვლებულია ტერმინით “პროდუქცია”. იქიდან გამომდინარე, რომ “ეთერი” მოიცავს ტელე/რადიო ეთერს, ხოლო “პროდუქციაში” ასევე მოიაზრება ვებ პლატფორმა, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეეცდება ამ ჩანაწერის გამოყენებით გარე პროგრამები შეისყიდოს ვებზე განსათავსებლად და ამ ხერხით შეასრულოს საკანონმდებლო ვალდებულება, რეალურად კი მათ ეთერი არ დაუთმოს, ან არაპროპორციულად მცირე რაოდენობის შესყიდული გადაცემები განათავსოს სამაუწყებლო ბადეში. ამ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის გეგმით, მულტიმედიურ მაუწყებლობაზე აპირებენ გადასვლას, რაც ნიშნავს ვებპლატფორმის როგორც ცალკე საინფორმაციო წყაროს განვითარებასაც. საბოლოო ჯამში დაზარალდება მაყურებელი, რომლის დიდ ნაწილს (განსაკუთრებით რეგიონებში)1 წვდომა არ აქვს ინტერნეტთან და კვლევების თანახმად, ტელევიზიის მაყურებელი ჯერ კიდევ უფრო მეტია2, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ინტერნეტ სივრციდან იღებენ ინფორმაციას.

ნიშანდობლივია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონის ეს ჩანაწერი არასდროს შეუსრულებია და 25 %-ის ნაცვლად ბადეში დღემდე  გარე წარმოების მინიმალური რაოდენობის გადაცემები აქვს შესყიდული. ეს პრობლემა ყოველთვის იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასებისას ერთერთი მნიშვნელოვანი თემა, რადგან მაუწყებელი აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით ფაქტობრივად უარს აცხადებდა საკუთარ როლზე ქვეყანაში მედია მრავალფეროვნების განვითარებასა და დამოუკიდებელი მედია პროდუქციის წახალისების საქმეში.

  • გამონაკლისი სახელმწიფო შესყიდვების წესიდან

კანონპროექტში წარმოდგენილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებას წარმოადგენს მე-16 და მე-201  მუხლების ჩანაწერი “სახელმწოფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ გავრცელებასთან დაკავშირებით.

  • მე-16 მუხლის ცვლილებების მიხედვით, გარე სტუდიებიდან შესასყიდ 25%-ზე “არ ვრცელდება  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი“.

  • მე-201 მუხლის ცვლილებით კი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

ამ ცვლილებების შესაბამისად, მაუწყებელი გარე სტუდებიდან პროდუქტს  ტენდერის საფუძველზე აღარ შეისყიდის, რისი ვალდებულებაც არსებული რედაქციით აქვს.3

რადგან ელექტრონული შესყიდვების მიზანი ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა, შესყიდვებში მონაწილე პირების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომისა და შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფაა,  “შესყიდვების შესახებ კანონის” რეგულირებიდან გასვლა ნიშნავს საზოგადოებრივ მაუწყებელში გამჭვირვალობის შემცირებას და კორუფციის რისკის ზრდას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს წესი ხელს უშლის ხარისხიანი პროდუქციის შესყიდვას, რადგან ტენდერებისას იძულებულები არიან იყიდონ დაბალფასიანი და არა ხარისხიანი პროდუქცია. თუმცა, არ მოუყვანიათ კონკრეტული მაგალითი, როდის ან რომელი გადაცემის შესყიდვისას შეეშალათ ხელი, ასევე არ განუხილავთ ვარიანტი, რომ შესაძლოა სასურველი პროდუქციის ყიდვისას საზოგადოებრივ მაუწყებელს სატენდერო დოკუმენტაციის შედგენისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბების პრობლემა ჰქონდეს.  

განმატებით ბარათში ამ მუხლთან დაკავშირებით კიდევ უფრო ბუნდოვანი ჩანაწერია: “აღნიშნული წესის ნაკლოვანება მდგომარეობს იმაში, რომ უმრავლეს შემთხვევაში, გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო, წინასწარ ვერ ხერხდება სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, ხოლო უმოკლეს ვადებში კი ვერ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა.” გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას კანონი ისედაც იძლევა პირდაპირი შესყიდვის შესაძლებლობას და ეს არგუმენტი არა მარტო გადაცემებს, არამედ ნებისმიერ შესასყიდ პროდუქტს შეიძლება მოარგოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებაზეა. ასევე უცნობია რა ფორმით მოახერხებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მაუწყებლის შესყიდვების ამ ნაწილის მონიტორინგს, თუ ეს უკანასკნელი არ დაექვემდებარება არსებულ სტანდარტს.

მაუწყებლის მენეჯმენტის განცხადებით, ტენდერის ნაცვლად გადაცემების შესარჩევად კონკურსს ჩაატარებს, თუმცა კანონით არ რეგულირდება, როგორ ჩატარდება ეს კონკურსი, ვინ იქნება საკონკურსო კომისიაში და ა.შ. რაც კიდევ უფრო მეტ ეჭვს  აჩენს, რამდენად საჯარო, ობიექტური იქნება პროცესი, რამდენად რაციონალურად მოხდება გადაცემების შესყიდვისას ბიუჯეტის ხარჯვა და რამდენად სამართლიანად შეირჩევიან კონკურსანტებიდან გამარჯვებულები.

  • მენეჯმენტის ფუნქციების ზრდა

შემოთავაზებული ცვლილებებით, სამეურვეო საბჭოს ფუნქციები დასუსტდება, მენეჯმენტის ფუნქციები კი გაიზრდება. რამდენადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, საბჭო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და ყოველწლიურად პარლამენტში წარადგენს ანგარიშს. რაც ნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლობითი ფუნქცია აკისრია და პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად, საბჭოს ფუნქციების შემცირება გულისხმობს მაუწყებლის მენეჯმენტზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის დასუსტებას.

  • სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებების ძირითად პირობებს, მათ შორის ვადამდე შეწყვეტის პირობებს აღარ განსაზღვრავს.

ინიცირებულ კანონპროექტში არ არის განსაზღვრული ვის ექნება შრომითი ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება, თუმცა სავაუდოდ, ეს ფუნქცია მენეჯმენტის უფლებამოსილებაში გადაინაცვლებს. ეს ცვლილება ამცირებს დასაქმებულთა უფლებების დაცვის გარანტიას საზოგადოებრივ მაუწყებელში, განსაკუთრებით ახალი მენეჯმენტის მხრიდან დასაქმების არათანმიმდევრული პოლიტიკის პირობებში. ახალი მენეჯმენტი, რომელიც ექსპრემიერ ივანიშვილთანაა აფილირებული, თავდაპირველად რეორგანიზაციისა და ახალი თანამშრომელების კონკურსის წესით მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა, ხოლო მოგვინებით, არხზე უკონკურსოდ, მასიურად დაინიშნენ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო პროექტებთან - “მეცხრე არხთან” და GDS-თან დაკავშირებული პირები. როგორც ცნობილია, 17 ივლისიდან იხურება საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები. მაუწყებელს არ წარმოუდგენია გეგმა დასაქმებულები რა პრინციპით დარჩებიან არხზე,  ვის არ გაუგრძელდება ხელშეკრულება, ვის გაათავისუფლებენ ან როგორ აიყვანენ ახალ თანამშრომლებს.

ამიტომ, არსებული ბუნდოვანი დასაქმების პოლიტიკის ფონზე, კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მაუწყებელის სამეურვეო საბჭო შესაძლოა, დამატებითი გარანტორი იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული ადამიანებისთვის შრომის უფლებების დაცვის მხრივ.

  • სამეურვეო საბჭოს აღარ ექნება შესაძლებლობა საკუთარი ინიციატივით შეიტანოს ცვლილებები მაუწყებლის სტრუქტურაში ან ბიუჯეტში:

კერძოდ, ახალი რედაქციით:

“გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, ასევე ცვლილებებს დებულებაში, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს;“.  

“გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს, ასევე ცვლილებებს ბიუჯეტში და ამტკიცებს მისი შესრულების ანგარიშს; ”.

ამ საკანონმდებლო ცვლილებებით მენეჯმენტის უფლებამოსილების გაზრდა და სამეურვე საბჭოს უფლებამოსილების და როლის შემცირება განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან აიოლებს დაინტერესების შემთხვევაში მაუწყებლის მენეჯმენტზე პოლიტიკური ზეწოლის გზით მაუწყებლის შინაარსზე და სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას.

  • სტარტაპების დაფინანსება

ინიციირებული კანონპროექტის თანახმად არსებულ რედაქციას ემატება ჩანაწერი: :

“საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველო კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-, რადიო- და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით.“. (მე-61 მუხლი)

ინიცირებამდე არსებულ ვარიანტში განსაზღვრული იყო სტარტაპების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი: “გადაწყვეტილებას ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთავის დაფინანსების განხორციელების თაობაზე იღებს გენერალური დირექტორი, ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული საზოგადოებრივი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე”, რაც  გენერალურ დირექტორს სტარტაპებისა და ინოვაციური პროექტების დაფინანსების შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევდა. პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტში ეს ჩანაწერი აღარ არის. ამან უფრო ბუნდოვანი გახადა მუხლის მიზნები, რადგან ღიად დარჩა საკითხი, რა არის სტარტაპი ან ინოვაციური პროექტი, ვინ განსაზღვრავს მის ინოვაციურობას ან დაფინანსების საკითხს. თუ კანონით ეს პროცედურები არ გაიწერება, მუხლი დატოვებს ბიუჯეტის გაუმჭვირვალე ხარჯვისა და კორუფციული გარიგებების რისკებს. ასევე მნიშვნელოვანია სტარტაპებისა და ინოვაციური პროექტების დაფინანსების საკითხს არ წყვეტდეს ერთპიროვნულად გენერალური დირექტორი, არამედ გაიწეროს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების ისეთი წესი, რომელიც პროცესის ზედამხედველობას მაუწყებლის მენეჯმენტის შიგნით კოლეგიალურ ორგანოს დააკისრებდა.

  • რეკლამა და სპონსორობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამის და სპონსორობის დარეგულირებასთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგბა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას სრულად თავისუფალი იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კომერციული ინტერესების გავლენისგანაც. ეს გარანტირებულია ახალი კონსტიტუციის პროექტითაც, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა. კონსტიტუციის პროექტში წერია:  “კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში სასპონსორო და კომერციული რეკლამისგან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვნად ზრდამ, შესაძლოა მაუწყებელს შეუზღუდოს თავისუფლება აღნიშნულ კომერციულ ჯგუფებთან დაკავშირებით კრიტიკული და საგამოძიებო შინაარსის წარმოებისას. სწორედ მსგავსი რისკებისგან მაუწყებლის დასაზღვევად არსებობს კანონის მოქმედ რედაქციაში ჩადებული შეზღუდვები.

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომერციული რეკლამის დრო გაორმაგდა

შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5 %-ს).“

დღეს მოქმედი რედაქციით, კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს (10%-ს). აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება არ ეწინააღმდეგება ევრო დირექტივას და კანონპროექტის ინიციატორები იშველიებენ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წერილს, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ევროპაში მიღებული პრაქტიკაა. თუმცა, აუდიოვიზუალური მედიისა და მომსახურების შესახებ დირექტივაში განსაზღვრულია დღე-ღამეში კომერციული რეკლამის მოცულობის მხოლოდ ზედა ზღვარი - 20%, რაც ცხადია ნიშნავს, რომ არც 10%-ის დატოვება იქნებოდა ევრო დირექტივის დარღვევა. ამასთან, დირექტივა ადგენს სტანდარტს ზოგადად მაუწყებლებისათვის და არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის.

  • საზოგადოებრივ მაუწყებელზე სპონსორობის ფარგლების გაზრდა:

შემოთავაზებული ცვლილებებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვებია მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალ(-ებ)ის სპონსორობის განთავსება.“

“მაუწყებლობის შესახებ” კანონის დღეს მოქმედი რედაქცია სპონსორობას მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა კონკურსის ფარგლებში უშვებს. საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული სურათის ფონზე, ვთვლით რომ რელევანტური იქნებოდა მუხლის არსებული რედაქციის შენარჩუნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ამ ცვლილებების მიღებით კერძო მაუწყებლებთან კონკურენციაში შესვლა, კერძო მაუწყებლებს არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან გარანტირებული დაფინანსება აქვს და თეორიულად არ არის გამორიცხული დაბალი რეიტინგის პირობებში დამატებითი სასპონსორო პაკეტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო ბაზარზე დემპინგური ფასით მცირე და საშუალო ზომის კერძო მაუწყებლებს შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი წაართვას. ამ საფრთხეების დეტალური აღწერით მაუწყბელებმა უკვე მიმართეს პარლამენტს და ცვლილებების მიღებისგან თავის შეკავება სთხოვეს.

  •        სოციალური რეკლამა

  • საზოგადოებრივ მაუწყებელზე სოციალური რეკლამის მოცულობის განახევრება:

“საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ”.

არსებული რედაქციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალური რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსების მოცულობა 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამით განისაზღვრებოდა.  ცვლილებების მიღების შემთხვევაში ეს დრო განახევრდება.

სოციალური რეკლამა არის “საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა”, ამიტომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარის დაფინანსებს იღებს, ამ მხრივ კერძო ტელევიზიებთან შედარებით უფრო მეტი ვალდებულება უნდა ჰქონდეს.

  • საჯარო ინფორმაციის  გაცემის შეზღუდვა  და ზოგადი ადინისტრაციულ კოდექსის რეგულირების მიღმა ყოფნა მოთხოვებიდან გასვლა

ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ახალი ტელერადიოპროდუქციის პროგრამაში დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის/ინოვაციის შესახებ ინფორმაცია ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, მისი ეთერში გასვლამდე არ არის საჯარო ინფორმაცია და მასზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი. გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას კი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელის სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო მის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველო ბიუჯეტი. ეს განაპირობებს მაუწყებელზე საჯარო დაწესებულებისთვის კანონით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის სტანდარტის გავრცელებას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავში განმარტებულია საჯარო ინფორმაციის მნიშვნელობა და გათვალისწინებულია გამონაკლისებიც, რა შემთხვევაში არ არის ინფორმაცია საჯარო (სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოება, პირადი ინფორმაცია) და არ საჭიროებს დამატებით რეგულაციებს.

წარმოდგენილი ცვლილებების შესახებ საზოგადოებრივი მაუწებლის ძირითადი არგუმენტაცია ემყარება პროგრამის კონტენტის დაცვას კონკურენტებისგან, თუმცა ამ ცვლილების მიღება პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯაროობის და გამჭვირველობის იდეას. მსგავსი პრეცედენტის დაშვებამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვა დამოუკიდებელი საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდანაც სხვადასხვა სახის გამონაკლისების მოთხოვნა. ამასთან მენეჯერს, ვასილ მაღლაფერიძეს ერთპიროვნულად  ენიჭება უფლება გადაწყვიტოს რომელი ინფორმაცია გასაჯაროვდეს, რაც დაუშვებელია. ვფიქრობთ, ამ ცვლილების მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონდებლობით განმტკიცებულ ინფორმაციის თავისუფლების პრინციპს.

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი საბიუჯეტო კოდექსის მოქმედების სფეროს მიღმა

ინიცირებული კანონპროექტით შემოთავაზებულია ცვლილება საბიუჯეტო კოდექსში, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებელის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში ემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას.

ცვლილების საჭიროებას  განმარტებით ბარათში ინიციატორები ასაბუთებენ იმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას ან/და კლასიკური გაგებით ბიუჯეტის მხარჯავ ორგანიზაციას მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ ცვლილებით, საზოგადოებრივი მაუწყებელზე აღარ გავრცელდება საბიუჯეტო კოდექსი ისეთ გამონაკლის ორგანიზაციებთან ერთად, როგორებიცაა, მაგალითად, ეროვნული ბანკი და ეროვნული მარეგულირებელი კომისია, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიდან.

შესაძლოა, სამომავლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩამოყალიბდეს ისეთ ორგანიზაციად, რომელიც ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება4 და ლეგიტიმურად მოითხოვოს საბიუჯეტო კოდექსიდან გასვლა, თუმცა დღეის მდგომარეობით მისი ეს მოთხოვნა გაუგებარი და სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

ამ ეტაპზე ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ინიცირებულია პარლამენტში, თუმცა საკომიტეტო განხილვები ჯერ არ დაწყებულა.  არასამთავრობო სექტორმა კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები საკანონმდებლო ორგანოს წამყვან კომიტეტს უკვე გაუგზავნა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აუცილებლად მიიჩნევს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე მედიის სფეროს ექსპერტებისა და მაუწყებლების წარმომადგენლების ჩართვას, რაც არ მომხდარა სამუშაო ჯგუფის ფორმატში და აუცილებელია ცვლილებათა პაკეტის პარლამენტის მიერ მიღებამდე. ცვლილებების ამ ფორმით მიღება დააზარალებს ერთი მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტის რეგულირების ჩარჩოს, შესაბამისად აუცილებელია სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებზე მსჯელობა და საჯარო დისკუსია, რაც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ცვლილებების დახვეწას.

 

რეგიონებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა: https://analytics.gncc.ge/ka/statistics/?c=externalresources&f=geostat&exp=byhh&sid=374153  

2 ტელევიზია ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა: http://netgazeti.ge/news/193497/ 

3 “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და 201 მუხლები

4 “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, 33-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები.