ENG

გამგებლის წარმომადგენლების საშტატო ნუსხიდან ამოღება კანონთან შეუსაბამოა

06 სექტემბერი, 2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში 2017 წლის ივნისი-ივლისში საშტატო ნუსხებიდან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის (ე.წ. სოფლის რწმუნებული/გამგებელი) პოზიცია იქნა ამოღებული, ამ პოზიციებზე მომუშავეებთან კი შრომითი ხელშეკრულებები იქნა გაფორმებული. ეს ცვლილება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გამგებლების 168 წარმომადგენელს შეეხო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგივე პროცესი მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონმა საჯარო დაწესებულებები დაავალდებულა, რომ 1 ივლისამდე დაწესებულებაში არსებული ყველა თანამდებობა ახალი კანონით გათვალისწინებულ რანგებში გადაენაწილებინა. კანონის 125-ე მუხლის 1 და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობა გულისხმობს დამხმარე, ტექნიკურ ან დროებითი ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებას, იგი იქნება შტატიდან ამოღებული, ხოლო ამ პოზიციაზე მომუშავე პირებთან დაიდება შრომის ხელშეკრულება.

სამეგრელო - ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების მუნიციპალიტეტებში მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენელი დამხმარე, ტექნიკური ან დროებითი თანამდებობაა და იგი მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხიდან ამოიღეს, მაშინ, როდესაც ამ თანამდებობის არსებობას კანონი ითვალისწინებს, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგეობების დებულებით განსაზღვრული მათი უფლება-მოვალეობების ჩამონათვალი თავისი არსით მუდმივია და ამ თვალსაზრისით არსებითად არ განსხვავდება მუნიციპალიტეტების საშტატო ნუსხით განსაზღვრული ზოგიერთი თანამდებობების სამუშაო აღწერილობისგან1.

გარდა კანონის შესაძლო დარღვევისა, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლის სამოქალაქო ხელშეკრულებაზე გადაყვანა გაზრდის მათი პოლიტიზების რისკებს, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კუთხით. აქამდე ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლის წარმომადგენლები დანიშნული იყვნენ საჯარო კონკურსის მეშვეობით უვადოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთში მათ უმრავლესობას ატესტაციაც ჰქონდა გავლილი. შრომითი ხელშეკრულებით მათი დასაქმებისას, კი ისინი დაინიშნებიან გამარტივებული კონკურსით (რაც მხოლოდ გამგებელთან გასაუბრებას შეიძლება გულისხმობდეს), ხოლო ხელშეკრულება იქნება ვადიანი, რომლის გასვლისას მისი გათავისუფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იქნება შესაძლებელი.

ზემოაღნიშნულ ვარაუდებსა და ეჭვებს ადასტურებენ თავად გამგებლის წარმომადგენლებიც. ცვლილების განხორციელების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაუკავშირდა გამგებლის რამდენიმე წარმომადგენელი ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებიდან. მათ ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებისათვის შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება, მათი ვარაუდით, დამოკიდებული იქნება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ კონკრეტულ სოფლებში ნაჩვენებ შედეგებზე. ისინი გამოთქვამენ ეჭვს, რომ ეს გადაწყვეტილება წარმომადგენლებზე წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის განხორციელების მიზნით იქნება გამოყენებული. ეს პირები საჯარო საუბრისგან თავს იკავებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ადგილობრივი თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკა გამგებლების წარმომადგენლეთან დაკავშირებით კანონთან შეუსაბამოა. გარდა ამისა, მსგავსი ცვლილებების განხორციელება, განსაკუთრებით კი არჩევნებამდე პერიოდში, ქმნის მაღალ რისკებს იმისა, რომ გამგებლის წარმომადგენლის პოზიციის საშტატო ნუსხიდან შრომით ხელშეკრულებებზე გადაყვანა ხელისუფლების მიერ მათზე ზეწოლისა და საარჩევნო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

მივმართავთ:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს - გადახედონ ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და საკადრო პოლიტიკა მოიყვანონ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;

  • საჯარო სამსახურის ბიუროს - შეიმუშავოს უფრო დეტალური ინსტრუქცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

----------------

1. მაგალითისთვის იხილეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილებები (https://goo.gl/UyhMjH) და იმავე დაწესებულების საშტატო ნუსხა (https://goo.gl/bSY2LW)