ENG

დემირელის სკოლები და ჩაბუქის საქმე - მოვლენების ქრონოლოგია

26 სექტემბერი, 2017

დემირელის კოლეჯის პედაგოგის მ.ე. ჩაბუქის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა საზოგადოებაში სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ქმედებების მიკერძოებასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ აღნიშნული ქმედებები თურქეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობაზე პოლიტიკური ზეწოლით იყო განპირობებული.

ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი  საქართველოში  1994 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც აერთიანებს როგორც უმაღლეს, ისე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ქსელი საქართველოში წარმოდგენილია:

უმაღლესი სასწავლებელი:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები:

  • შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი“,

  • შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“,

  • შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების გორის სასწავლო ცენტრი“,

  • შპს „სკოლა-ლიცეუმი სხივი“,

  • შპს „რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“ (რუსთავი),

  • შპს „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“ (ქუთაისი),

  • შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფოთის სასწავლო ცენტრი“,

  • შპს „უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები",

  • საერთაშორისო ენათა ცენტრი „ცოდნა“,

  • შპს „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა“ (მარნეული),

  • შპს „ნიკოლოზ წერეთლის სახელობის სკოლა“.

წარმოგიდგენთ მოცემული სასწავლებლებისა და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის მ.ე. ჩაბუქის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას:  

2016 წლის 16 ივლისი -  თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და სხვა სკოლები დაკავშირებულია ტერორისტულ ორგანიზაციებთან  და ამიტომ, იგი  აპირებს მიმართოს საქართველოს მთავრობას აღნიშნული სკოლების დახურვის მიზნით.

2016 წლის 18 ივლისი - საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადების თანახმად,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტის დროს, უმაღლეს დონეზე იქნებოდა განხილული  შაჰინის სკოლის საკითხი .

2016 წლის სექტემბერი -  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, დაიბარეს  როგორც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“, ისე  „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა“ და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მიერ დაფუძნებული სასწავლებლების ხელმძღვანელები. პარალელურად, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში  მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება;  

2016 წლის 5 დეკემბერი - შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს დაეკისრა  თანხის გადახდა  443303.24 ლარის ოდენობით.

2016 წლის 5 დეკემბერი - შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს დაეკისრა თანხის გადახდა  1207449.64 ლარის ოდენობით.

2016 წლის 6 დეკემბერი - შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, შპს ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლას დაეკისრა თანხის გადახდა 120501.32 ლარის ოდენობით.

2017 წლის 24 იანვარი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ და  ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის  მონიტორინგი.

2017 წლის 3 თებერვალი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს #4 გადაწყვეტილებით, შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს გაუუქმდა ავტორიზაცია. რამაც გამოიწვია სკოლის პარალიზება და სასწავლო პროცესის შეჩერება, რის შედეგად 340 მოსწავლე და   117 პედაგოგი აღმოჩნდა სასწავლო პროცესის მიღმა.  

2017 წლის 7 თებერვალი -   სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე,  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ( საქმეზე N1793432)  ყადაღა დაედო -     შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის“ ქონებას; შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ ქონებას; ასევე აღნიშნული სასწავლებლების დამუძნებლების: იუსუფ ალთაშის ქონებას;იაშარ შიმშექის ქონებას და  ჯიჰან აქინის ქონებას.

2017 წლის 7 თებერვალი -  ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ 60% წილის მფლობელი შპს „კონტროლის“ პარტნიორებს - რესულ დიქმენს და აიჰან არსლანს  თავდაპირველად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  შეუჩერა, შემდეგ კი უარი ეთქვა აშშ - ის მოქალაქის -ზაფერ სუსლუსთვის წილის მიყიდვის რეგისტრაციაზე.

2017 წლის 9 თებერვალი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე,  საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის“ პარტნიორებს: გერმანიის მოქალაქე ჯიჰან აქინს და თურქეთის მოქალაქე იაშარ შიმშექს.

2017 წლის 28 აპრილი -  განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“  წილებს და უძრავ ქონებას.  

2017 წლის 24 მაისი - დააკავეს დემირელის კოლეჯის პედაგოგი, ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი. დაკავება განხორციელდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა მიერ, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საცხოვრებელ ადგილას. საქართველოს პროკურატურამ იმთავითვე განაცხადა, რომ მ.ე. ჩაბუქის მიმართ დევნა მიმდინარეობს თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ქართულ მხარეს მასთან არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.

2017 წლის 25 მაისი -  თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო და საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა მ.ე. ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.   

2017 წლის 30 მაისი - მ.ე.ჩაბუქის ადვოკატმა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჩაბუქისა და მისი ოჯახისათვის  თავშესაფრის მიცემის მოთხოვნით.

2017 წლის 07 ივნისი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მ.ე. ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განაცხადა. მინისტრ სოზარ სუბარის განმარტებით, ჩაბუქის ექსტრადიციის შემთხვევაში ის თურქეთში ევროპული დონის ციხეში მოთავსდება და წამებას არ დაექვემდებარება.  

2017 წლის 23 აგვისტო - თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ე. ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა.

2017 წლის 29  აგვისტო - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა. შედეგად, სასწავლო წლის დაწყებანდე სკოლის მიღმა დარჩა, დაახლოებით, 450 მოსწავლე და სამსახური დაკარგა  102 თანამშრომელმა.