სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების 2016 წლის ადმინისტრაციული ხარჯები

Print this pagePrint this pageSend
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

 

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ (ქ. ზუგდიდი, თემი ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, სენაკი, ფოთი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ და მესტია) 2016 წელს გაწეული ხარჯების შესახებ. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია 2016 წელს გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ, ასევე ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიერ სატელეფონო კომუნიკაციეზე, მოვილნებებსა და საწვავის შესაძენად გაწეულ ხარჯებზე.

შრომის ანაზღაურება:

2016 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის ათ მუნიციპალიტეტში სახელფასო ანაზღაურების სახით ჯამში 20,188,742 ლარი გაიცა, მათ შორის გამგეობებში/მერიებში - 14,907,688  ლარი, საკრებულოებში კი 5,281,054  ლარი.

რაც შეეხება პრემიას, სახელფასო დანამატსა და ჯილდოს, 2016 წელს ჯამში 3,736,613 ლარი გაიცა, მათ შორის გამგეობებსა და მერიებში 2,798,532 ლარი, საკრებულოებში კი 938,081 ლარი.

მუნიციპალიტეტებში ხშირ შემთხვევაში პრემია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემა, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს მხოლოდ ერთ სამართლებრივ აქტს, სადაც დასაბუთებული არ არის საჯარო მოხელეთა ფინანსური წახალისების კონკრეტული საფუძველი; თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც - თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში “შრომატევადი, ნაყოფიერი, წარმატებული სამუშაოსა და საპასუხისმგებლო დატვირთვისთვის” პრემია სხვადასხვა პერიოდში გაიცა რამდენიმე თანამშრომელზე; მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრემია გაიცა მხოლოდ ერთ თანამშრომელზე “ზეგანაკვეთური შრომისა და სამსახურეობრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებისათვის”; ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ზოგიერთ თანამშრომელზე გაიცა პრემია “სამსახურებივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის”.

2016 წელს გამგეობებსა და მერიებს შორის ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაიცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში - 771 825 ლარის ოდენობით, ყველაზე ნაკლები კი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 52 850 ლარის ოდენობით; რაც შეეხება საკრებულოებს ყველაზე დიდი მოცულობით პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა თემი ზუგდიდის საკრებულოში - 201 445 ლარის ოდენობით, ყველაზე ნაკლები კი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 840 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრემია გაიცა მხოლოდ ერთხელ, ერთ თანამშრომელზე 840 ლარის ოდენობით, პრემია ასევე ერთხელ გაიცა წალენჯიხის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე 11 310 ლარის ოდენობით მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის.

2016 წელს პრემია და სახელფასო დანამატი არ აუღიათ აბაშის მუნიციპალიტეტის მოქმედ გამგებელს მამუკა კვიტაშვილს, აბაშის საკრებულოს თავმჯდომარეს პაატა ქურდოვანიძეს, წალენჯიხის ყოფილ გამგებელს გოგა გულორდავას და წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას;

 

საწვავი:

2016 წელს რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების მიერ 927,103 ლარის ღირებულოების 707,125 ლიტრი წასვავი (ბენზინი,დიზელი) იქნა გახარჯული, მათ შორის გამგეობების/მერიების მიერ 545,439 ლაღის ღირებულების 443,681 ლიტრი საწვავი, საკრებულოების მიერ კი - 381,664 ლარის ღიღებულების 263,444 ლიტრი საწვავი.

გამგებელების/მერებისა და საკრებულოების თავმჯდომარეებისათვის განსაზღვრული საწვავის ლიმიტი ერთ თვეზე 500 დან 1000 ლიტრამდე მერყეობს - ერთ თვეზე საწვავის 1000 ლიტრიანი ლიმიტით სარგებლობს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, 900 ლიტრიანი ლიმიტით სარგებლობს წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, 800 ლიტრიანით კი სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე.

აღსანიშნავია, რომ მესტიის გამგეობის მიერ მესტიისა და ზემო სვანეთის მეუფისთვის 2016 წელს 3,600 ლიტრი საწვავი იქნა შესყიდული, რომლის ღირებულებამაც 5,004 ლარი შეადგინა.

სატელეკომუნკაციო ხარჯები:

სამეგრელო-ზემო სვანეთში მუნიციპალიტეტებმა სატელეფონო კომუნკაციაზე 2016 წელს ჯამში  198,573 ლარი გახარჯეს, მათ შორის  გამგეობებმა/მერიებმა 146,315 ლარი, საკრებულოებმა კი  52,259  ლარი დახარჯეს.

2016 წელს სატელეფონო კომუნიკაციებზე გაწეული ხარჯის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ მოგვაწოდა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, შესაბამისად ზემოაღნიშნული მონაცემი კვლევაში არასრულად არის წარმოდგენილი.

სამივლინებო ხარჯები:

თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე ჯამში 177,948 ლარი დაიხარჯა, მათ შორის გამგეობების/მერიების მიერ 141,770 ლარი, საკრებულოების მიერ კი 36,177 ლარი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით:

  • დაუშვებელია პრემიის გაცემა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით. პრემია უნდა გაიცეს მხოლოდ მოხელის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულებისთვის

  • მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტბის უმრავლესობას მიღებული აქვს დადგენილება პრემიის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ, თუმცა ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეს დადგენილებები შეიცავენ მნიშვნელოვან ხარვეზებს და იძლევიან პრემიის დაუსაბუთებლად გაცემის შესაძლებლებას.