
საქართველოში თანამდებობის პირებისთვის არსებობს კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი შეზღუდვები, რათა მათ საკუთარი პირადი ინტერესები არ დააყენონ სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებზე მაღლა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა თბილისის VII მოწვევის საკრებულოს 50-ვე წევრის, მათ შორის 29 თანამდებობის პირის, ბიზნეს ინტერესები, სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულებები და რამდენიმე დარღვევა გამოავლინა:
თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ 29 დეპუტატიდან 16-მა, ერთ დღეს, 2021 წლის 12 ოქტომბერს (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ) შესწირა საეჭვოდ იდენტური ოდენობის (5 ან 10 ათასი ლარი) თანხა პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ – თანხის ჯამურმა ოდენობამ 115,000 ლარი შეადგინა.

13-21 ოქტომბრის შუალედში კი, კიდევ ხუთმა დეპუტატმა - ავთანდილ ცინცაძემ, ალექსანდრე ხუჯაძემ, აკაკი ალადაშვილმა, ირაკლი ხელაძემ და კონსტანტინე ზარნაძემ - ჯამში 65,000 ლარი გადარიცხა ქართული ოცნების ანგარიშზე.
მიგვაჩნია, რომ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით განხორციელებულ უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2022 წლის 13 აპრილს მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, პოლიტიკური პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევის შესწავლის მიზნით, რაზეც 2022 წლის 2 მაისს მიიღო პასუხი [1], რომ “სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წელს შეისწავლა ზემოაღნიშნულ წერილში მითითებული, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” შემომწირველი ფიზიკური პირების ფინანსები. შესწავლის შედეგად რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლენილა”.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს წინამდებარე კვლევის ფარგლებში გამოვლენილი თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებასთან დაკავშირებული დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
თბილისის საკრებულოს წევრთა და მათი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა შემდეგნაირად გამოიყურება:
არააქტიურ კომპანიებზე არსებული გამონაკლისის მოხსნა – დღეის მდგომარეობით, 6 წლის არააქტიური კომპანიების დეკლარაციაში მიუთითებლობა არ ითვლება დარღვევად. მნიშვნელოვანია, რომ არააქტიურ კომპანიებთან დაკავშირებული ეს გამონაკლისი გაუქმდეს და დეკლარაციაში მიეთითოს ყველა ის კომპანია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კონკრეტული თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის სახელთან არის დაკავშირებული, აქტიურობის სტატუსის მიუხედავად.
ინტერესების დეკლარირების ვალდებულება საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრებისთვის – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კომერციულ ინტერესს ატარებს თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მის მიერ არჩეული თითოეული ადამიანი, მიუხედავად მისი თანამდებობრივი სტატუსისა. ამისთვის შესაძლებელია საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრებისთვის ქონებრივი დეკლარაციების გამარტივებული ფორმის შემოღება, სადაც ყურადღება მათ და მათი ოჯახის წევრთა ეკონომიკურ ინტერესებზე (და ნაკლებად ფინანსურ მდგომარეობაზე) იქნება გამახვილებული (კავშირებზე კერძო სექტორის კომპანიებთან), რაც ადგილობრივ თვითმმართველობაში ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციას შეუწყობს ხელს.
დასადეკლარირებელი ოჯახის წევრების წრის გაფართოება – კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ აუცილებელია ოჯახის წევრების (მშობლები, და-ძმა და სრულწლოვანი შვილები) და მათი ინტერესების დეკლარირებაც. ამ საჭიროების საილუსტრაციოდ გიორგი ახვლედიანი შეიძლება მოვიყვანოთ, რომლის ვაჟი – სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული ლევან ახვლედიანი, არ მოხვდა დეკლარაციაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი მამასთან ერთად, ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.
მეთოდოლოგია
დღეის მდგომარეობით, 6 წლის არააქტიური კომპანიების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მიუთითებლობა არ ითვლება დარღვევად. ეს გამონაკლისი ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან თანამდებობის პირების კონტროლს, რადგან საჯარო წყაროებით შეუძლებელია 6 წლის პერიოდში კომპანიის (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმის) აქტიურობის დადგენა. გადამოწმების ერთადერთი საშუალებაა საქსტატის ბიზნესრეგისტრი,[2] რომელიც აჩვენებს, იყო თუ არა კომპანია აქტიური მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. კვლევის მიზნებისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სწორედ ეს წყარო გამოიყენა. წინამდებარე კვლევაში *-ით აღნიშნულია კომპანია, რომელიც საქსტატის მიხედვით ბოლო 1 წლის განმავლობაში არ იყო ეკონომიკურად აქტიური. |
დადებითად უნდა შეფასდეს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში 2021 წლის 30 დეკემბერს შესული ცვლილება [2], რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვალდებულია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარადგინოს.
Links
[1] https://drive.google.com/file/d/1qCNOq9FhIGuw-Asbp_Txm9hhHPNJ722y/view?usp=sharing
[2] https://matsne.gov.ge/ka/document/view/5328365?publication=0#DOCUMENT:1;
[3] http://br.geostat.ge/register_geo/index.php?action=search&lang=ka
[4] https://www.transparency.ge/sites/default/files/sakrebulo_geo_0.pdf
[5] https://www.transparency.ge/ge/category/tags/koruptsia