ENG

გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები – კორუფციის რისკები

05 დეკემბერი, 2013

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2010 წლის დეკემბერსა და 2013 წლის სექტემბრის პერიოდში ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი წესით დადებული 430,000-ზე მეტი კონტრაქტი გააანალიზა. 2011 წელს, სახელმწიფომ 959 მილიონი ლარის ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები გააფორმა. 2012 წელს მსგავსი კონტრაქტების ღირებულებამ 1.17 მილიარდ ლარს მიაღწია, 2013 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე კი მათი მოცულობა 450 მილიონი ლარი იყო. გასულ წელს, არაკონკურენტული წესით გაფორმებულმა კონტრაქტებმა მთავრობის დანახარჯების 18% შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.7%-ია.

„საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს” ახალ ანგარიშში „გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები – კორუფციის რისკები” აღნიშნულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში პირდაპირი კონტრაქტების ოდენობამ იკლო, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე კი სტაბილურად იზრდებოდა.

არსებობს საშიშროება, რომ პირდაპირ გაფორმებულმა კონტრაქტებმა მთავრობის ხარჯების გაუმართლებელი ზრდა გამოიწვიოს, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში, არ არსებობს ფასის დაწევის შესაძლებლობა, რასაც, ტენდერის გამოცხადებისას, კონკურენტი კომპანიის არსებობა უზრუნველყოფს. ამასთან, კონტრაქტების გაფორმება გამჭვირვალე ელექტრონული შესყიდვების სისტემის გვერდის ავლით ზრდის კორუფციის რისკებს, რადგანაც, კონტრაქტები შესაძლოა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ან მმართველი პარტიის მხარდამჭერ კომპანიებთან დაიდოს.

2012 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შემოწირულობების სახით 6.6 მილიონი ლარი მიიღო სწორედ იმ პირებისაგან, რომელთა კომპანიებმაც სახელმწიფოსგან პირდაპირი კონტრაქტების მეშვეობით 160 მილიონი ლარი მიიღეს. (იმავე კომპანიებმა 2011 წელს 110 მილიონი ლარი მიიღეს.)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ასევე აღმოაჩინა, რომ 2013 წელს „ელიტა ბურჯმა,” რომელსაც, სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვებით ფლობს, „ქართულ ოცნებას” 50,000 ლარი შესწირა. „ელიტა ბურჯმა” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირდაპირი კონტრაქტის მეშვებით (აღნიშნული კონტრაქტი გასაიდუმლოებულია) იმავე წელს 80,000 ლარი მიიღო.   

თანხების მსგავსი მოძრაობა ( ე.წ. “ატკატი”) საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ნაკლებად შეინიშნებოდა, თუმცა მაინც რჩება რისკი, რომ პირდაპირი კონტრაქტები შეიძლება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის იქნეს გამოყენებული.

ანგარიშში განხილულია რიგი შემთხვევები, როდესაც პირდაპირი კონტრაქტები ფორმდება პარლამენტის წევრების (როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი) კუთვნილ კომპანიებთან:

  • პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე („კია მოტორსი,” „იბერია სერვისი”): 30.9 მილიონი ლარის ღირებულების 415 კონტრაქტი;

  • პარლამენტის წევრი სერგო ხაბულიანი („ცეკური”): 12.3 მილიონი ლარის ღირებულების 16 კონტრაქტი;

  • პარლემენტი წევრი კახაბერ ოქრიაშივილი (PSP, „ნიუ ჰოსპიტალსი”): 3.83 მილიონი ლარის ღირებულების 129 კონტრაქტი;

  • პარლამენტის ყოფილი წევრი კანდიდ კვიციანი („ენგური 2006,” „ნიუ ქუნსთრაქშენ”): 31.9 მილიონი ლარის ღირებულების 17 კონტრაქტი;

  • პარლამენტის ყოფილი წერვი თემურ კოხოძე („თეგეტა მოტორსი”): 7.4 მილიონი ლარის ღირებულების 214 კონტრაქტი;

  • პარლამენტის ყოფილი წევრი ასლან თავდგირიძე („ხინო”): 5.59 მილიონი ლარის ღირებულების 11 კონტრაქტი;

  • აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი რევაზ არძენაძე (შპს „ფიროსმანი”): 3.92 ლარის ღირებულების 9 კონტრაქტი.

„ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში პირდაპირი წესით გაფორმებული ყველაზე მსხვილი კონტრაქტები (5 მილიონ ლარზე მეტი)

კონტრაქტის ღირებულება

შემსყიდველი პირი

მიმწოდებელი კომპანია

შესყიდვის საგანი

163,543,830 აშშ დოლარი

შპს "გარდაბნის თბოსადგური" (სს საპარტნიორო ფონდის შვილობილი)

ჩალიკ ენერჯი (ÇALIK ENERJİ SANAYİ VE TİCARET A.Ş) (თურქეთი)

გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა

21,120,000 ლარი

შპს “ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანია”

შპს „არტესი“

 

თბილისში ათონელის 25–ში მდებარე შენობის ახალ საპრეზიდენტო რეზიდენციად გადაქცევა. კონტრაქტი სექტემბერში გაუქმდა.

7,865,654 აშშ დოლარი

საქართველოს პარლამენტის აპარატი

Sony Professional Solutions MEA FZ LLC (არაბთა გაერთიანებული საამიროები)

კენჭისყრის, ტელესაკონფერენციო და სამაუწყებლო სისტემები (UPS–ისა და კონდიციონერების ჩათვლით) და თბილისში პარლამენტის შენობის აღდგენითი სამუშაოები

 

9,299,167 ლარი

სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“

სპს გაერთიანებული ქართული სტამბა - ფავორიტი პრინტი & მვპ

20 დღით ადრე შექმნილ 4 საგამომცემლო კომპანიის გაერთიანებას კონტრაქტი 4 მილიონი სასკოლო სახელმძღვანელოსი და რვეულის ბეჭდვაზე გაუფორმდა.

9,180,102 ლარი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

შპს „ზიმო“

ფოთის მალთაყვის უბანში დევნილებისთვის 5 სართულიანი 7 შენობისგან შემდგარი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა

7,622,134 აშშ დოლარი

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

Schweitzer Engineering Laboratories, Inc. (აშშ)

4.5 წლიანი კონტრაქტი 10 ელექტრო ქვესადგურის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალისა და დამხმარე მომსახურების მიწოდებაზე

6,815,286 ლარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

შპს „ცეკური“

ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (იგივე პროექტზე კომპანია „სანისთან“ დადებული ხელშეკრულება 2012 წლის აგვისტოში გაუქმდა)

6,741,180 ლარი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“

შპა „ზიმო“

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურის ციხემდე მისაყვანი წყალსადენისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა

4,000,000 ლარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

შპს იბერია-ჯ

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის ბათუმი–ხულოს მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები

3,150,200 ლარი

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

შპს „ინგლისური წიგნი საქართველოში“

ბრიტანული გამომცემლობების მიერ გამოცემული ინგლისური ენის სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოების მიწოდება

ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ის კომპანია, რომლებიც ხშირად იღებს სარგებელს პირდაპირი კონტრაქტების მეშვეობით, საჯარო მოხელეებს უკავშირდება.

შპს „ნიუ ენერჯი” ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლების ინფორმაციით მცხეთა მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის კუთვნილი კომპანიაა, რომელმაც 2011 და 2012 წლებში პირდაპირი სახელმწიფო კონტრაქტების მეშვეობით 69 მილიონი ლარი მიიღო. ცეზარ ჩოჩელი უარყოფს ფინანსთა სამინისტროს ბრალდებას, რომ იგი „ნიუ ენერჯის“ ბენეფიციარი მფლობელი იყო. საქმე ამჟამად სასამართლოში განიხილება.

შპს „მენო ინტერნეიშნლმა,” რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფლობს, 36.9 მილიონი ლარი მიიღო. ჩიქოვანის კუთვნილმა მეორე კომპანიამ „მაგი სტილმა” კი 1 მილიონი ლარი.

სამშენებლო კომპანია შპს „ანაგმა,” რომლის მფლობელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის (2008-2012) ზაზა გოგოტიშვილის მეუღლე ნანა აროშიძეა, სახელმწიფოსთან 59.2 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა მაშინ, როდესაც მისი მეუღლე აჭარის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყოს. აქედან, 10 მილიონი ლარი კომპანიამ აჭარის სპორტის სამინისტროსგან მიიღო.

კომპანიამ „ევროკანდელა“ დაარსებიდან სამი კვირის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ორგანიზაციასთან „ანაკლია-განმუხური რესორტსი“ პირდაპირი წესით გააფორმა 2.1 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც გარე განათების ბოძების მიწოდებას ითვალისწინებდა;  

2011 წლის სექტემბერში, „ევროკანდელა“-ს  თანადამფუძნებელი  რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. აქედან რამდენიმე კვირაში კომპანიამ 600 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი მუნიციპალური განვითარების ფონდთან გააფორმა.

სამშენებლო კომპანია „ლებეს“ კასპის მუნიციპალიტეტმა

პირდაპირი წესით 450 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა, ამ დროს კომპანიის 50%-ის მფლობელი - ლევან დემეტრაშვილი კასპის საკრებულოს ერთ–ერთი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

სახელმწიფო უწყებების მიერ პირდაპირი წესით გაფორმებული კონრაქტები 2013 წლის გაზაფხულიდან ხელმისაწვდომია ინტერნეტში. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ისეთი დონის გამჭვირვალობა შესაძლოა არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობდეს.

რეკომენდაციები:

  • მთავრობა უნდა ეცადოს კიდევ უფრო შეამციროს იმ პირდაპირი კონტრაქტების რაოდენობა, რომლებიც კომპანიებთან სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული წესებით და ე.წ. პრეზიდენტის/მთავრობის თანხმობის საფუძველზე ფორმდება. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც უფრო ვიწრო და კონკრეტულ ჩარჩოებში მოაქცევს პირდაპირი კონტრაქტების გაცემის წესს.

  • უნდა გამოსწორდეს სამართლებრივი ხარვეზები, რომლებიც ზოგიერთი ტიპის კონტრაქტს ათავისუფლებს ინტერნეტში გამოქვეყნების ვალდებულებისგან. ესენია, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაფორმებული პირდაპირი კონტრაქტები და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან განხორციელებული შესყიდვები.

  • დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში ადგილობრივ დონეზე უნდა გაძლიერდეს შიდა საზედამხედველო მექანიზმები.  

  • ხელისუფლების საგამოძიებო უწყებებმა, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ საბიუჯეტო თანხმების ხარჯვის უკეთ ზედამხედველობისთვის. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ უწყებების პოლიტიკური დამოუკიდებლობა და, ასევე, მათი საზედამხედველო ფუნქციის სათანადოდ შესასრულებლად საჭირო რესურსებით მომარაგება.

შესწორება:

  • ანგარიშის წინა ვერსიაში შეტანილი იყო „მაგთიკომთან“ გაფორმებული პირდაპირი კონტრაქტი. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული შესყიდვა კონკურენტული პროცედურების გავლით განხორციელდა, რის გამოც იგი ამოღებულ იქნა ცხრილიდან.
  • ცეზარ ჩოჩელი უარყოფს ფინანსთა სამინისტროს ბრალდებას, რომ იგი „ნიუ ენერჯის“ ბენეფიციარი მფლობელი იყო. საქმე ამჟამად სასამართლოში განიხილება.
  • რედაქტირებისას დაშვებული შეცდომის გამო კომპანიის – „სუფთა საქართველო აჭარაში“ კუთვნილება ჩვენ არასწორად მივაწერეთ კახაბერ ოქრიაშვილს. სინამდვილეში მას აღნიშნულ კომპანიასთან კავშირი არ გააჩნია. ჩვენ ბოდიშს ვიხდით დაშვებული შეცდომისთვის და ანგარიშში წარმოდგენილ მონაცემებში შეგვაქვს შესაბამისი ცვლილებები. ოქრიაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეატყობინა, რომ პირდაპირი სახელმწიფო კონტრაქტები „პე–ეს–პე ფარმას“ წლიური ბრუნვის მხოლოდ 0.2 პროცენტს შეადგენს. მისი თქმით, „ნიუ ჰოსპიტალსს“, როგორც ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის დანევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ეროვნული ცენტრის სამართალმემკვიდრეს, ანგარიშში მითითებულ პერიოდში გააჩნდაპირდაპირი შესყიდვით წესით საკონტრაქტო ურთიერთობა ძირითადად შემდეგ უწყებებთან: სამხარაულის სახელობის სასამართლოექსპერტიზასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან და აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან.     

 

 

ეს ანგარიში მომზადდა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF), სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების დახმარებისა (SlovakAid) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშში გადმოცემული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ეკუთვნის და დონორი ორგანიზაციების პოზიციას არ ასახავს.