ვის ეკუთვნის ქართული მედია
2014 წლის აპრილში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ წარმოადგინა ანგარიში1, რომელიც დეტალურად სწავლობდა იმ მედიასაშუალებების მფლობელობის საკითხებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობენ, ან მოსახლეობის დიდ ნაწილს ფარავენ. ანგარიშში ასევე აღწერილი იყო მედიასაშუალებების მფლობელების წარსული საქმიანობა, მათი გავლენიანი კავშირები და კორპორატიული ინტერესები.
მოგვიანებით, 2014 წლის ივლისში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ წარმოადგინა მეორე ანგარიში2, რომლის ყურადღების ცენტრში ადგილობრივი მედიასაშუალებების მფლობელობის, მათი როლისა და დაფინანსების საკითხები მოექცა. ადგილობრივი მედიასაშუალებები ქალაქებსა და სოფლად დისკუსიების წარმართვის კუთხით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფონზე, რომლის შედეგადაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 12 ქალაქში მერის პირდაპირი არჩევის წესი ამოქმედდა.
წინამდებარე ანგარიშის მიზანია, ერთი მხრივ, განაახლოს ინფორმაცია მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელობაზე და წარმოაჩინოს ამ მედიასაშუალებებზე მიმდინარე ცვლილებები, ხოლო, მეორე მხრივ, ყურადღება გაამახვილოს ონლაინ მედიის მფლობელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ქართული ონლაინ მედიის სისტემური კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, საინფორმაციო ვებგვერდების გავლენა კი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე სულ უფრო და უფრო მზარდია ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მზარდი ტენდენციის პარალელურად.
კვლევას საფუძვლად საჯარო ჩანაწერებიდან და მედიიდან მიღებული მონაცემები უდევს. ონლაინ მედიასაშუალებების საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის შესაგროვებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საინფორმაციო ვებგვერდების წარმომადგენლებთან ათეულობით ინტერვიუ ჩაატარა.
რადგან არ არსებობს ერთიანი სანდო სისტემა ონლაინ რესურსების რეიტინგის შესასწავლად, ვებგვერდები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც მოხვდა წინამდებარე ანგარიშში, სხვადასხვა კრიტერიუმით შეირჩა. ეს ვებრესურსები აშუქებენ პოლიტიკური ხასიათის ახალ ამბებს, აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს ინფორმაციის გასავრცელებლად ან საიტ top.ge-ს მიხედვით, 2015 წლის მაის-ივნისის პერიოდში სისტემატურად ჰყავდათ დღეში 500-მდე უნიკალური ვიზიტორი.
ძირითადი მიგნებები
- საქართველოში მედია საშუალებების მფლობელობა გამჭვირვალეა. ბოლო ერთი წლის მანძილზე მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. არც ერთ მსხვილ მედია საშუალებას პირდაპირ არ ფლობს რომელიმე პოლიტიკური ძალა.
- ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებით წამოწყებულ სასამართლო დავას, სავარაუდოდ, პოლიტიკური კონტექსტი აქვს, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მედიის თავისუფლების ხარისხზე.
- რამდენიმე მსხვილ მედიასაშუალებაში ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამ ფაქტებმა გავლენა მოახდინა მაუწყებლობის შინაარსზე. რიგ შემთვევებში გაჩნდა ეჭვი, რომ არხის მფლობელები ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში, რითაც ზიანს აყენებენ მედიის დამოუკიდებლობას.
- რამდენიმე საკაბელო და ინტერნეტ მაუწყებლის მფლობელობა ანტიდასავლურ და რელიგიურ ორგანიზაციებს უკავშირდება. მათი დეკლარირებული შემოსავალი საკმაოდ მცირეა, რის გამოც, გაურკვეველია, რა სახსრებით მაუწყებლობენ ეს არხები.
- ონლაინ მედიასაშუალებებს შორის გვხვდება პოლიტიკური გემოვნების მიხედვით გაერთიანებული ჯგუფები. ზოგიერთი ასეთი ვებგვერდი მუდმივი თანამშრომლებისა და შემოსავლის გარეშე ფუნქციონირებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას.
________________________________________________
1 ვის ეკუთვნისქართული მედია? „საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო“, აპრილი, 2014, http://goo.gl/AKnOXN, ბოლო წვდომა 2015 წლის 8 ოქტომბერი
2 ვის ეკუთვნის რეგიონული მედია? „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ივლისი, 2014, http://goo.gl/1xZ9A6, ბოლო წვდომა 2015 წლის 8 ოქტომბერი
ანგარიში მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Sida-ს პოზიციას და ის არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.