ENG

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის კვლევას აქვეყნებს

27 ივლისი, 2012

დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის

თბილისი, 2012 წლის 27 ივლისი - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”უახლესი კვლევა, “საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორი”, გამოაქვეყნა.  სახელმწიფო დაზღვევის მიმდინარე და ადრინდელი პროგრამების ეფექტიანობის, ეფექტურობის და მდგრადობის შესაფასებლად ანგარიშში გაანალიზებულია ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები, ასევე, საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორში არსებული ვითარება და ადეკვატური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ანგარიშში წარმოდგენილია  რეკომენდაციები  საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და მზღვეველებისთვის.

კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგია:

  • საქართველოში დღეისათვის არ არსებობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემა;

  • სახელმწიფო უკვე არსებული სადაზღვევო პროგრამის (უმწეოები, მასწავლებლები,სათემო ორგანიზაციების წევრები, იძულებით გადაადგილებული პირები, ოკუპირებული ტერიტორიებისმოსაზღვრე რაიონებში მცხოვრებნი, მსახიობები, მხატვრები, რუსთაველის პრემიის ლაურეატები) პარალელურად აპირებს ახალი პროგრამის (ასაკით პენსიონერები, სკოლამდელი ასაკის ბავშვები, სტუდენტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობებისმქონე ადამიანები) ინიცირებას, რომელიც 2012 წლის სექტემბრიდან დაიწყება. ახალი პროგრამა უკვე არსებულისგან განსხვავებით არ იძლევა მზღვეველის არჩევის საშუალებას.

  • 2012 წლის სექტემბრიდან ასამოქმედებელი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა მომსახურების უფრო მრავალფეროვან და ვრცელ პაკეტს შესთავაზებს ბენეფიციარებს;

  • საქართველოს მთავრობა არ ახდენს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებზე გაწეული ხარჯების ანალიზს. ამის გამო მისთვის ძნელია მოახდინოს აღნიშნული პროგრამების განხორციელების დროს აღმოჩენილი პრობლემატური საკითხების კორექტირება;

  • 2012 წლის დაზღვევის პროგრამის საერთო ღირებულება 174, 1 მილიონი ლარი, სამედიცინომომსახურების იმგვარ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც სხვა სახის დაზღვევით (კორპორაციული, ინდივიდუალური) ვერ იქნება მიღწეული;

  • საქართველოში საავადმყოფოებისმნიშვნელოვანი ნაწილი  იმართება სადაზღვეო კომპანიების ან მათი შვილობილი კომპანიების და არა დამოუკიდებელი კომპანიების მიერ, რაც პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. სახეზეა მკვეთრად გამოხატული ინტერესთა კონფლიქტი; 

  • სადაზღვევო პაკეტის სრული შესაძლებლობის შესახებ სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა 2%-ზე ნაკლებმა იცის. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო აქტებში არ არის გაწერილი სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა უფლებები, რაც მათ საკუთარი დაზღვევის შესაძლებლობებით სრულად სარგებლობის საშუალებას მისცემს.

  • 2009 წლის 9 დეკემბრის მთავრობის დადგენილება არსებული სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარებს 50%-იან თანაგადახდას სთავაზობს 50 ლარის ღირებულების იმ წამლებზე, რომლებიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სამკურნალო საშუალებათა ნუსხაშია შეტანილი, რაც 25 ლარის ღირებულების შეღავათს ნიშნავს. ამ ნუსხაში მხოლოდ ხუთი სხვადასხვა ტიპის რამდენიმე მედიკამენტი შედის. ბენეფიციარების 20% მათთვის საჭირო მედიკამენტები ნუსხაში ვერ აღმოაჩინა.

  • სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების შედარებამ გვაჩვენა, რომ ავერსის შვილობილი კომპანია „ალფა“ უხეშად არღვევს
    მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილებას, რადგან სახელმწიფო დაზღვევის
    ბენეფიციარებს  უზღუდავს უფლებას წამლები გარანტირებული ლიმიტის ფარგლებში  მათთვის სასურველ აფთიაქში იყიდონ. წამლების შეძენა “ალფას” ბენეფიციარებს მხოლოდ “ავერსის” სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ;

  • 2010 წელს, აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ 2008-2010 წლებში სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარებთან კონტრაქტების 75% დადგენილ ვადაზე გვიან გაფორმდა, მაშინ როცა სახელმწიფო კონტრაქტის მთელი ვადის განმავლობაში სადაზღვევო პრემიას იხდიდა;

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მკვდარი სულები აღმოაჩინა (მონაცემთა ბაზაში ერთი და იმავე პირის ორჯერ შეტანა, არასათანადო ბენეფიციარები, გარდაცვლილები). სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ამ დარღვევებმა მილიონობით ლარი შეადგინა, რაც შემდეგ მზღვეველებისგან იქნა ამოღებული, საზოგადოებისთვის უცნობია დაისაჯა თუ არა კონკრეტული პირები აღნიშნული გადაცდომისთვის;

  • სახელმწიფო დაზღვევის იმ 252 ბენეფიციარიდან, რომლებიც ჩვენმა სოციოლოგიურმა კვლევამ მოიცვა, 40-მა განაცხადა, რომ მათი თვიური შემოსავალი 401 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს, ხოლო 20-ის თქმით, მათი შემოსავალი 300-400 ლარია, რაც, ნიშნავს, რომ ისინი სახ. დაზღვევის პროგრამაში თაღლითურად მოხვდნენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შემდეგი რეკომენდაციები აქვს:

  • საქართველოს მთავრობამ უნდა აღმოფხვრას შეუსაბამობები სახელმწიფო დაზღვევის როგორც არსებულ, ისე ახალ, გაფართოებულ პროგრამებს შორის, შექმნას სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის სწორი სტიმულები;

  • საქართველოს მთავრობამ უნდა შემოიღოს სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა. სოციალური მომსახურების სააგენტომ განახორციელოს სახელმწიფო დაზღვევის  არსებული და ახალი გაფართოებული  პროგრამის ბენეფიციარების კმაყოფილების და სარგებლიანობის მონიტორინგი;

  • საავადმყოფოები უნდა მართონ დამოუკიდებელმა მენეჯმენტ-კომპანიებმა და არა სადაზღვევო კომპანიების შვილობილმა კომპანიებმა;

  • საქართველოს მთავრობამ უნდა განაახლოს ნებაყოფლობითი დაზღვევის პროგრამა  გამოუყენებელი რესურსების ასათვისებლად, რაც ხელს შეუწყობს სადაზღვევო ბიზნესის მდგრადობას და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყანაში;

  • საქართველოს მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს კონკურენციას სახელმწიფო დაზღვევის არსებული და ახალი გაფართოებული პროგრამების ვაუჩერების რაიონული განაწილების რეჟიმიდან თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში გადაყვანით, რაც ბენეფიციარის მიერ მზღვეველის არჩევის უფლებას გულისხმობს;

  • საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებებსა და სადაზღვევო კონტრაქტებში/პოლისებში დეტალურად უნდა გაიწეროს სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა უფლებები, რაც მათ საკუთარი დაზღვევის შესაძლებლობებით სრულად სარგებლობის საშუალებას მისცემს;

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა გააფართოვოს მის მიერ დამტკიცებული სამკურნალო საშუალებათა ნუსხა, რომელთა შეძენა ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარებს სახელმწიფოს 50%-იანი თანამონაწილეობით შეუძლიათ.ვფიქრობთ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა ჩაატაროს სოციოლოგიური კვლევა, რათა დაადგინოს ის პრეპარატები, რომლებიც აღნიშნულ ნუსხას უნდა დაემატოს.

    უფრო დეტალური დასკვნები და რეკომენდაციები ანგარიშშია მოცემული.

ამ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.

 

healthcare