„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს ანგარიშს ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებით
”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2012 წლის პერიოდს მოიცავს. ანგარიშში „ინტერნეტის თავისუფლება - ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს?“ შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა:
- საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ფიქტიური კომპანიები ფლობენ, რაც ხშირად რთულს, ზოგჯერ კი შეუძლებელს ხდის ბენეფიციარი მფლობელების ვინაობის დადგენას. ჩვენს მიერ მოძიებული ფაქტები საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ „კავკასუს ონლაინის“ 50% და „ბილაინის“ 49% ერთსა და იმავე დაუდგენელ პირებს ეკუთვნით, რომლებიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის უკან იმალებიან. აღნიშნულმა პირებმა საკუთარ წარმომადგენლად ლევან ყარამანიშვილი დანიშნეს, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს წილებს „რუსთავი 2“-სა და „მზეში“. ყარამანიშვილი რესტორნების ქსელ „GMC ჯგუფთანაც“ არის დაკავშირებული და სხვა რამდენიმე ბიზნეს საქმიანობაშიც არის ჩართული.
- კომპანიები მომხმარებლებს მონაცემთა შეგროვების, შენახვისა და მათი დაცულობის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიან. ისინი არ განმარტავენ, თუ რა შემთხვევებში შეიძლება მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის მესამე მხარისთვის გადაცემა.
- წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუზღუდავი წვდომა აქვს სატელეკომუნიკაციო კომპანიების ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე. ეს შეუძლებელს ხდის ელექტრონული კომუნიკაციის მეთვალყურეობაზე კანონით გათვალისწინებული სასამართლო ზედამხედველობის პრაქტიკის დანერგვას.
- მთავრობის და ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან არ შეინიშნება ცენზურის დაწესების ან კონტენტის დაბლოკვის მცდელობა; არც აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების ან დაკითხვის ფაქტების შესახებ ვრცელდება რაიმე ინფორმაცია.
- ბოლო წლებში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ მაჩვენებლის ზრდის ტემპის შენელება შეინიშნება. ინტერნეტს ყოველდღიურად ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი (24%) მოიხმარს, 8% კი ქსელში კვირაში ერთხელ მაინც შედის. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ გამოკითხვის მიხედვით, ყოველი ათიდან დაახლოებით ხუთი მოქალაქე, ანუ მოსახლეობის 58%, ინტერნეტით საერთოდ არ სარგებლობს.
- ელექტრონული კომუნიკაციის თვითნებური და სისტემატური მეთვალყურეობის პრობლემაზე ახალ მთავრობას ჯერ კიდევ სამუშაო აქვს.
- ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოსახლეობაში ახალი ტექნოლოგიების მოხმარების შესახებ უნარების ასამაღლებლად მეტი ღონისძიება უნდა ჩაატაროს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს დააყენოს საკანონმდებლო ცვლილებების გატარების საკითხი, რომელიც მაუწყებლების მსგავსად, საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას დაქვემდებარებულ მობილურ ოპერატორებსა და ინტერნეტ პროვაიდერებსაც მოსთხოვს ბენეფიციარ მფლობელთა ვინაობის გამჟღავნებას. ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნას რეგულაციები, რომლებიც კომერციული ვებ-გვერდებისა და ონლაინ საინფორმაციო საშუალებების მფლობელების გამჭვირვალობის ზრდას უზრუნველყოფს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ზემოაღნიშნული კვლევა განახორციელა IREX-ის G-MEDIA პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით. სამომავლოდ, ჩვენი ორგანიზაცია კვლავ განაგრძობს ქართული მედია სექტორის მონიტორინგს და პრობლემატურ საკითხებზე შესაბამისი კვლევების გამოქვეყნებას.
--- პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.-ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.