ENG

სასამართლო მონიტორინგმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გამოავლინა, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება: მესამე ანგარიში

17 აპრილი, 2014

თბილისი, 2014 წლის 8 აპრილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”  პირველი ინსტანციის სასამართლოებში ადმინისტრაციული საქმეების განხილვის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.  ჩვენ დავაკვირდით  532 სასამართლო სხდომას 253 საქმეზე, თბილისის, ბათუმის, ხელვაჩაურის,  ქუთაისის,  გორისა და ზუგდიდის პირველი ინსტანციის სასამართლოებში. მონიტორინგი მოიცავს 2013 წლის თებერვალი - დეკემბრის პერიოდს.

მონიტორინგმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გამოავლინა, თუმცა რიგი საკითხები კვლავ პრობლემად რჩება.

პოზიტიურ ცვლილებებად შესაძლოა მივიჩნიოთ შემდეგი:

  • მესამე მონიტორინგის პერიოდში სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყვეტილი საქმეების საერთო წილი  პირველი და მეორე მონიტორინგის პერიოდებთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა.
  • მოსამართლეები ჩვენს მიერ დაკვირვებულ ყველა სასამართლოში იცავენ შეჯიბრებითობის პრინციპსრითაც საქმის განხილვის მიმდინარეობისას მიუკერძოებლობას უზრუნველყოფენ.
  • წინა პერიოდებთან შედარებით პუნქტუალობის კუთხით  გაუმჯობესების მკაფიო ტენდენცია გამოიკვეთა თბილისის,  ბათუმის საქალაქო სასამართლოებში და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, თუმცა პუნქტუალობის მაჩვენებელი დაბალია გორისა და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოებში.

გამოვლენილ იქნა შემდეგი პრობლემური საკითხები:

  • თბილისში, ქუთაისსა და გორში განსხვავებით სხვა სასამართლოებისაგან, მოსამართლეები ნაკლებად სთავაზობდნენ მოდავე მხარეებს მორიგებას.
  • სასამართლოების ადმინისტრაციები არ აქვეყნებენ ინფორმაციას იმ სასამართლო სხდომათა შესახებ, რომელთა განხილვაც განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. შედეგად მონიტორინგის ჯგუფი რიგ შემთხვევებში ვერ ახერხებდა გადატანილი სხდომების თარიღების დადგენას.
  • თბილისის სასამართლოს არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია გამოქვეყნებული შესაბამისი მუხლი, რომლითაც მიმდინარეობდა დავა.
  • მონიტორინგის  განმავლობაში მოსამართლეები ნაკლებად იყენებდნენ ინკვიზიციურობის პრინციპს, მაგალითად, მხარეებისათვის მითითებების/რეკომენდაციების მიცემა, მტკიცებულებათა გამოთხოვა და სხვა. ინკვიზიციურობის პრინციპის აქტიური გამოყენება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფო მოქალაქეებისთვის ადმინისტრაციულ დავებზე  უფასო იურიდიულ დახმარებას ვერ უზრუნველყოფს.  
  • რაიონული სასამართლოებისაგან განსხვავებით თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომათა უმეტესობაზე მოსამართლეები არ უზრუნველყოფდნენ საქმის გარემოებათა მოკლე შინაარსის გადმოცემას, სხდომის გახსნისას მხარეებს უფლებებს არ განუმარტავდნენ და არც საქმის განხილვის ეტაპების მნიშვნელობას უხსნიდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახორციელებდა შემდეგი საკითხების მონიტორინგს:

  • პუნქტუალურობა და საქმის განხილვის გონივრული ვადა;
  • საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპი;
  • მოსამართლის მიერ სხდომის წარმართვის პრინციპი;
  • ინკვიზიციურობის პრინციპი (მოსამართლის ინიციატივა);
  • შეჯიბრებითობის პრინციპი (მხარეთა თანასწორობადავის მიუკერძოებელი გადაწყვეტა).

აღნიშნული მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“. დოკუმენტის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.