ENG

სასამართლო სისტემაში პრობლემები ჯერ კიდევ მრავლადაა – სასამართლო მონიტორინგის მე–2 ანგარიში

02 აპრილი, 2013

 

დაუყონებლივ გასავრცელებლად

თბილისი, 2013 წლის 2 აპრილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ოთხთვიანი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სასამართლო მონიტორინგი განხორციელდა მაღალი საჯარო ინტერესის საქმეების სასამართლო სხდომებზეც, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში, ძირითადად, პარტიების დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევას ეხებოდა.

წინა მონიტორინგის პერიოდთან შედარებით, რომელიც 2011 წლის 5  ოქტობრიდან 2012 წლის 20 თებერვლამდე ვაწარმოეთ, 2012 წლის 1 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებულმა მონიტორინგმა გარკვეული პროცედურული გაუმჯობესებები აჩვენა, კერძოდ:

  • სასამართლოს პროცესები, ძირითადად, დაგვიანების გარეშე იწყებოდა;
  • მოსამართლეებს გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში გამოჰქონდათ;
  • მოსამართლეები სხდომის დაწყებამდე დავის მხარეებს მათი უფლებების შესახებ უფრო ამომწურავ ინფორმაციის აწვდიდნენ.

მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მნიშვნელოვანი პრობლემები ჯერ კიდევ მრავლადაა. კერძოდ, მონიტორინგმა დაადგინა, რომ მოსამართლეთა დამოკიდებულება და ქცევა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეების მიმართ, ისევე, როგორც ამ საქმეებში წარმოდგენილი მხარეების მიმართ, კარდინალურად განსხვავდებოდა რიგითი ადმინისტრაციული დავების განხილვისგან. ასეთ შემთხვევაში გაუმჯობესებაზე საუბარი არ არის შესაძლებელი.

კერძოდ, მაღალი საჯარო ინტერესის ადმინისტრაციულ დავებში, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დაიწყო, შემდეგი ხარვეზები გამოიკვეთა:

  • სასამართლო მკვეთრი მიკერძოებულობით გამოირჩეოდა, მაშინ როდესაც პროცესზე მხარედ მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტები გამოდიოდნენ;
  • სასამართლო ზღუდავდა მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად დასწრებოდნენ სხდომებს, რადგანაც არ აქვეყნებდა ამ სხდომებს განრიგში და ირჩევდა საქმისთვის შეუსაბამოდ მცირე ზომის სასამართლო დარბაზებს;
  • სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალი უარს აცხადებდა, გაეცა ინფორმაცია განუსაზღვრელი დროით გადადებული სხდომების თარიღისა და დროის შესახებ;
  • სასამართლომ განგებ არ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება დროულად მაშინ როდესაც, დროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა;
  • მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტების საქმეში მხარედ არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ აძლევდა წარმოდგენილ მხარეებს თანაბარ შესაძლებლობას, ზედმიწევნით შეესწავლათ საქმის მასალები;
  • მოსამართლეთა მიერ ინკვიზიციურ უფლებამოსილების იშვიათად გამოყენების დროსაც კი ისინი აშკარად სახელმწიფო მხარეს აყენებდნენ უპირატეს მდგომარეობაში;
  • ადმინისტრაციულ საქმეებში სახელმწიფო მხარის წარმატების მაჩვენებელი იმდენად მაღალია, რომ, როგორც წესი, ბადებს ეჭვს სასამართლოს არაობიექტურობაზე. 

მეთოდოლოგია და შეფასების კრიტერიუმები

ანგარიშს საფუძვლად დაედო თბილისის, ბათუმის, ხლვაჩაურის, გორისა და თელავის პირველი ინსტანციის სასამრთლოებში 142 საქმეზე ჩატარებული 282 სასამართლო სხდომის მონიტორინგის შედეგები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახორციელებდა შემდეგი კრიტერიუმების მონიტორინგს:

  • პუნქტუალურობა და საქმის განხივლის გონივრული ვადა;
  • საქმის განხილვის საჯაროობისს პრინციპი;
  • მოსამართლის მიერ სხდომის წარმართვის პრინციპი;
  • ინკვიზიციურობის პრინციპი (მოსამართლის ინიციატივა);
  • შეჯიბრებითობის პრინციპი (მხარეთა თანასწორობა, დავის მიუკერძოებელი გადაწყვეტა).

ანგარიში მომზადებულია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.

მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. ის არ ასახავს USAIDის, აშშ–ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.