ENG

სამწლიანმა სასამართლო მონიტორინგმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გამოავლინა, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება

04 დეკემბერი, 2014

 

 

თბილისი, 2014 წლის 4 დეკემბერი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პირველი ინსტანციის სასამართლოებში ადმინისტრაციული საქმეების განხილვის სამწლიანი მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში გამოცემულ იქნა ოთხი ანგარიში. სულ დავაკვირდით 771 საქმეს 1749 სხდომაზე თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გორის, თელავის, ხელვაჩაურის, ზუგდიდისა და რუსთავის პირველი ინსტანციის სასამართლოებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ოთხ ეტაპად ჩატარებული მონიტორინგის განმავლობაში შემდეგი დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებათა მაჩვენებელი. პირველი მონიტორინგის პერიოდში, სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდა დავათა – 85%-ს (108 საქმიდან 92 საქმე), ხოლო მეოთხე მონიტორინგის პერიოდში – 53% (268 საქმიდან 141 საქმე).
  • გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო პროცესების ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. გაუქმდა რეგულაცია, რომლითაც სასამართლო დარბაზებში ელექტორნული მოწყობილების შეტანა იკრძალებოდა, ამასთან სასამართლო სხდომები ღია გახდა მას მედიისათვის და ახლა, როგორც წესი, ნებადართულია როგორც ვიდეო და აუდიო ჩანაწერის გაკეთება, ისე მაუწყებლობაც. ასევე, ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლეოდა საშუალება, დასწრებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესებს. მონიტორები უპრობლემოდ ახერხებდნენ სასამართლო სხდომათა დარბაზებში ჩანაწერების გაკეთებას.
  • მას შემდეგ, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სასამართლოების პუნქტუალურობის კუთხით დაიწყო მონიტორინგი და ადვოკატირება, შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მაგალითად, პირველი მონიტორინგის პერიოდში თბილისში დროულად სხდომათა მხოლოდ 35% იწყებოდა, მეოთხე მონიტორინგის პერიოდში კი – 80%.

სამწლიანი მონიტორინგის განმავლობაში გამოვლენილ იქნა შემდეგი პრობლემური საკითხები:

  • მეორე სასამართლო მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელმაც საჯარო განხილვის უფლება შეზღუდა. 2012 წლის 19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლო თავმჯდომარემ გამოსცა განკარგულება, რითაც სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველ პირებს სხდომის დარბაზში ელექტრონული მოწყობილობების შეტანა აეკრძალათ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ამ აკრძალვის უკან იდგა ამ პერიოდში პოლიტიკური რეზონანსის მქონე რამდენიმე გახმაურებული საქმის განხილვა.
  • მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსამართლეები ერთმანეთისაგან განარჩევდნენ რიგით და გახმაურებულ საქმეებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე მოსამართლეები არა მხოლოდ სახელმწიფო მხარის სასარგებლოდ წყვეტდნენ დავას, არამედ პროცედურულ წესებსაც არღვევდნენ სახელმწიფო მხარის სასარგებლოდ.
  • მონიტორინგის განმავლობაში მნიშვნელოვანი დარღვევები სწორედ გახმაურებული საქმეების განხილვისას დაფიქსირდა:
    • სასამართლო ხშირად ვერ უზრუნველყოფდა ინფორმაციის გამოქვეყნებას ამ საქმეებთან დაკავშირებით ჩანიშნული სხდომების შესახებ;
    • საქმეების განხილვა, ჩვეულებრივ, მცირე ზომის სასამართლო დარბაზებში ხდებოდა;
    • ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე მოსამართლემ სახელმწიფო მხარის მიერ სხდომის დახურვის ეტაპზე წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები მიიღო, რაც საპროცესო კანონმდებლობის აშკარა დარღვევაა;
    • დაფიქსირდა კერძო მხარის მიმართ შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევის ფაქტიც, ამ შემთხვევაში კერძო მხარემ შუამდგომლობა დააყენა მთავარი სხდომის გადადების თაობაზე, რათა მას შესაძლებლობა მისცემოდა, უკეთ გაცნობოდა დიდი მოცულობის საქმის მასალებს, რომელიც მხოლოდ სხდომის წინა დღეს გადასცეს და პროცესისათვის სათანადოდ მოსამზადებლად არასაკმარისი დრო ჰქონდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მხარეს საქმის მასალების გასაცნობად და სხდომისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდა.
  • სასამართლოს მონიტორინგმა პერიოდმა ასევე გამოავლინა, რომ მოსამართლეები ძირითადად ვერ უზრუნველყოფდნენ კერძო პირებისათვის მათი საპროცესო უფლება-მოვალეობების განმარტებას. ეს გარემოება განსაკუთრებულ აღსანიშნავია იმ შემთხვევაში, როდესაც კერძო პირებს ადვოკატი არ ჰყავდათ.
  • ოთხივე მონიტორინგის პერიოდში მოსამართლეები ინკვიზიციური უფლებამოსილების გამოყენებისაგან თავს იკავებდნენ და პროცესების წარმართვისას იყვნენ პასიურნი.
  • უკანასკნელი მონიტორინგის პერიოდში გამოკვეთილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც თბილისში განსახილველ საქმეთა დიდ რაოდენობას უკავშირდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თბილისში მომუშავე მოსამართლეთა რაოდენობა საკმარისი არ არის საქმეთა სწრაფი ტემპით მზარდ ნაკადთან გასამკლავებლად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იმედოვნებს, რომ სასამართლო მონიტორინგის პროექტის ფარგლებში გამოვლენილი აქტუალური პრობლემები ყურადღების მიღმა არ დარჩება, ხოლო ჩვენს მიერ დაფიქსირებული გაუმჯობესები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო აამაღლებს მართლმსაჯულების განხორციელებისა და აღსრულების ხარისხს საქართველოში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახორციელებდა შემდეგი საკითხების მონიტორინგს:

  • პუნქტუალურობა და საქმის განხილვის გონივრული ვადა;
  • საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპი;
  • მოსამართლის მიერ სხდომის წარმართვის პრინციპი;
  • ინკვიზიციურობის პრინციპი (მოსამართლის ინიციატივა);
  • შეჯიბრებითობის პრინციპი (მხარეთა თანასწორობა, დავის მიუკერძოებელი გადაწყვეტა).

 

საკონტაქტო პირი:

ნანა ლობჟანიძე, კომუნიკაციების ოფიცერი

595 210 309, nana@transparency.ge

 

აღნიშნული მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარებით,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)   და ფოლკე ბერნადოტეს სახელობის აკადემიის ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“. დოკუმენტის შინაარსი შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ისა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ან ფოლკე ბერნადოტეს სახელობის აკადემიის შეხედულებებს.