ENG

საქართველოს რეგიონული მედია: ზეწოლა ადგილობრივ მეთვალყურეზე

11 ივნისი, 2012

● მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივ საშუალებებში მომუშავე ჟურნალისტების  მიმართ უკანასკნელ პერიოდში დაშინებისა და დევნის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება

● მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივ საშუალებებში მომუშავე ჟურნალისტების  მიმართ უკანასკნელ პერიოდში დაშინებისა და დევნის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება

● ფიქსირდება ფაქტები, როდესაც პოლიტიკურად სათუთ საკითხებზე რეპორტაჟების მომზადებისას კორესპონდენტებს ემუქრებოდნენ ან ხელს უშლიდნენ მუშაობაში. ზოგ შემთხვევაში ადგილი აქვს ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს

● ხელისუფლების მიერ არ ხორციელდება ეფექტური გამოძიება ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით

● რეგიონულ ჟურნალისტებს უჭირთ ადგილობრივ საკითხებზე ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება

● ზოგ შემთხვევებში ხდება მოსახლეობის დაშინება მათ მიერ კრიტიკული ინტერვიუს მიცემის გამო

თბილისი, საქართველო, 11 ივნისი, 2012 წელი - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თავის ახალ ანგარიშს „საქართველოს რეგიონული მედია: ზეწოლა ადგილობრივ მეთვალყურეზე“ აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივ საშუალებებში მომუშავე ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და დევნის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ  სხვა მრავალ შემთხვევაში ფიქსირდება ფაქტები, როდესაც პოლიტიკურად სათუთ საკითხებზე რეპორტაჟების მომზადებისას კორესპონდენტებს ემუქრებოდნენ ან ხელს უშლიდნენ, ფირზე აღებეჭდათ მომხდარი. როგორც ჟურნალისტები გვამცნობენ, ქუთაისსა და თიანეთში სამთავრობო დაცვისა და პოლიციის  წარმომადგენლებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სამართალდამცავ ორგანოებში ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებაა აღძრულია. თუმცა, ჩვენ მოვიკვლიეთ და დავადგინეთ, რომ აღნიშნული გამოძიებების შედეგად იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტების დაშინების, მუქარისა თუ დევნის გამო ვინმეს პასუგისმგებლობის საკითხი დგება. ყოველივე ეს დაუსჯელობის ატმოსფეროს ქმნის, ანუ ისეთ გარემოს, რომელშიც მედიზე განხორციელებული შეტევების გამო პასუხს არავის სთხოვენ“, აღნიშნავს მათიას ჰუტერი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მკვლევარი მედიის საკითხებში.

რეგიონულ დამოუკიდებელ მედია საშუალებებში მომუშავე ჟურნალისტებს ხშირად უწევთ ჭიდილი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის მისაღწევად თუ მათი რეგიონის განვითარების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად. ბოლო პერიოდში მიღებულმა ადმინისტრაციულმა პროცედურებმა  რამდენიმე მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება შეუქმნა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ოფიციალური ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რეგიონულ დამოუკიდებელ მედია საშუალებებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა ხშირად დაძაბული და ერთობ დაპირისპირებულია. რეგიონული მედიის წარმომადგენლები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ  ნაციონალური სატელევიზიო არხებისგან განსხვავებით მათ საშუალება არ ეძლევათ, სრულად გააშუქონ რეგიონებში მაღალი დონის ოფიციალური პირების ვიზიტები. ახლახანს მთავრობამ გამოხატა სურვილი, გაეუმჯობესებინა ადგილობრივ ჟურნალისტთა წვდომა რეგიონებში ჩატარებულ ოფიციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით და ამ საკითხზე ადგილობრივ მედია საშუალებებთან დიალოგი გამართა.

რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების წინაშე მდგარი ზემოაღნიშნული პრობლემების გარდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”  მიერ გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქალაქეების დაშინებას მას შემდეგ, რაც ისინი კორესპონდენტებთან საუბრისას მმართველი ნაციონალური მოძრაობისათვის მიუღებელ აზრს გამოთქვამდნენ. მაგალითად, იყო შემთხვევა კახეთში, როდესაც, სავარაუდოდ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა ზეწოლა განახორციელეს იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს ოპოზიციური ლიდერის ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მათიას ჰუტერი აღნიშნავს: „ამგვარი შემთხვევები მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში კიდევ უფრო გაურთულებს ადგილობრივ ჟურნალისტებს მდგომარეობას და ხელს შეუშლის პოლიტიკურ საკითხებზე  რეპორტაჟების მომზადებაში.“

რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა 2012 წელს მედიის საქმიანობასა და სუბსიდიებზე საერთო ჯამში 8,56 მილიონი ლარი გამოყვეს. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 7.37 მილიონი ლარს წარმოადგენდა.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოვლენილ რამდენიმე შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში მყოფი ან მასთან დაკავშირებული მედია საშუალებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსებით არაკონკურენტული გარემო შეიქმნა და საფრთხე შეექმნა დამოუკიდებელი გამოცემების ფინანსური მდგრადობა.

 

--- პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს. 

Media