„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემების შეფასებას აქვეყნებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემების შეფასებას აქვეყნებს

09 დეკემბერი, 2015

თბილისი, 2015 წლის 9 დეკემბერი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული „ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემების შეფასების“ კვლევა მოიცავს სამ თვითმმართველ ქალაქს - თბილისს, ქუთაისსა და ზუგდიდს - და განიხილავს მათი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს. კვლევის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უმთავრესი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

წარმატებულ ადგილობრივ ანტიკორუფციულ სისტემას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს  ადგილობრივ დონეზე კორუფციის შემცირების მხრივ. ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემა მოიცავს რამდენიმე ძირითად ინსტიტუტს, რომელიც, როგორც წესი, ადგილობრივ ხელისუფლებაში გვხვდება: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო), აღმასრულებელი ხელისუფლება (მერია ან გამეგობა), ადგილობრივი ბიუროკრატია (საჯარო მოსამსახურეები).

ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემა ასევე შედგება ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის მექანიზმებისგან, რომლებიც აუცილებელია ანტიკორუფციული სისტემის ეფექტური მუშაობისთვის. ეს ფუნქციებია საჩივრების განხილვა, ადგილობრივი მთავრობის აუდიტი და ზედამხედველობა, კორუფციის გამოძიება და გამოაშკარავება, ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების ინფორმირება კორუფციის საფრთხეების თაობაზე და სამოქალაქო ჩართულობა.

კვლევის შედეგების საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ ზემოხსენებული სამი ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი ძლიერი მხარეები:

  • ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკრებულოს ფუნქციების  მკაფიო გამიჯვნა საკანონმდებლო დონეზე

  • ადგილობრივი ბიუროკრატიის უზრუნველყოფა ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსებით

  • გადასახადების ადმინისტრირების სფეროში მოქმედი გამჭვირვალე და მარტივი რეგულაციები, თუმცა პრობლემური საკითხები ამ სფეროშიც არსებობს.

  • ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებების  გასაჩივრების პროცედურა პრაქტიკაში და აუდიტორული შემოწმების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები.

კვლევამ გამოავლინა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლოვანებაც:

  • სამივე მუნიციპალიტეტში საკრებულო საკმაოდ სუსტი საზედამხედველო ორგანოა და მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი მისი დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით.

  • ადგილობრივი ბიუროკრატიის მართვის მხრივ არსებულმა მდგომარეობამ სამივე მუნიციპალიტეტში ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა.

  • ადგილობრივი ბიუროკრატიის დამოუკიდებლობის მხრივ სამივე მუნიციპალიტეტს ყველაზე დაბალი შეფასება აქვს, რადგანაც საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებლობა პოლიტიკური პროცესებისგან  უზრუნველყოფილი არ არის.

  • ადგილობრივი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული გათანაბრებითი ტრანსფერი შეადგენს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსურ დამოუკიდებლობას ამცირებს.

  • ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების ურთიერთქმედების მექანიზმები სუსტია.

  • ადგილობრივი ხელისუფლება სამივე მუნიციპალიტეტში უმოქმედოა საზოგადოებაში ანტიკორუფციული ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

  • უმეტესწილად არაეფექტიანია სამოქალაქო სექტორიდან წამოსული სოციალური ანგარიშვალდებულების ინიციატივებიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ ურბანულ საკითხს ეხება.

კვლევის საფუძველზე მომზადებული ძირითადი რეკომენდაციები:

  • აუცილებელია საკრებულოს, როგორც საზედამხედველო ორგანოს როლის გაძლიერება, მისი დამოუკიდებლად მუშაობისა და მის წინაშე ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებით ძირითად გადაწყვეტილებებს სწორედ საკრებულო უნდა იღებდეს.

  • ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან ადგილობრივი ბიუროკრატიის მართვის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის პრემიების, ხელფასების, სახელფასო დანამატების საკითხების მოწესრიგების, სამსახურში მიღების, გათავისუფლებისა და დაწინაურების წესების დახვეწის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის გზით.

  • ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ ადგილობრივი ბიუროკრატიის პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებლობა და არ დაუშვან, ერთი მხრივ, მათი პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკურ პროცესებში მათი იძულებითი ჩართვა.

  • უნდა დაიხვეწოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების ურთიერთქმედების მექანიზმები, მათ შორის, ანტიკორუფციული და ცნობიერების ამაღლების კამპანიების ორგანიზებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების  აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის გზით.

  • აუცილებელია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დახვეწონ მათი მუშაობის საორგანიზაციო მხარე. კერძოდ, აუცილებელია საკრებულოების რიგგარეშე სხდომებისა და მათზე განსახილველი საკითხების რაოდენობის შემცირება, სხდომის დღის წესრიგის და მნიშვნლოვანი ინფორმაციის დროულად გამოქვეყნება და სხვა.

  • ადგილობრივმა თვითმმართველობებმა თავიანთი საქმიანობის განხორციელების პროცესში მუდმივად უნდა იზრუნონ, სულ მცირე, საქართველოს მასშტაბით არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე. კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ ამის კარგი შესაძლებლობები არსებობს, მაგალითად, ბიუჯეტის დაგეგმვის, მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდების და სხვა სფეროებში.

  • მნიშვნელოვანია, შემცირდეს ადგილობრივი ხელისუფლების დისკრეცია მშენებლობის რეგულირების საკითხებში, რაც კორუფციის რისკების მატარებელია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში სუბიექტივიზმის შემცირება შესაძლებელია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის და სხვა მსგავსი ტიპის სახელმძღვანელო დოკუმენტების შექმნით, რომელთა დამტკიცებაც საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობით მოხდება.

მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას თვითმმართველობის შემდგომი ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ეტაპობრივად უნდა მოხდეს თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება და დამტკიცება.

 

print