იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის მესამე ანგარიში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის მესამე ანგარიში

24 თებერვალი, 2015

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის მესამე ანგარიში წარმოადგინეს, რომელიც 2014 წლის პერიოდს მოიცავს.

2014 წელს, წინა პერიოდთან შედარებით, საბჭოს აქტიურობით და განსახილველი საკითხების სიუხვით გამოირჩეოდა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რიგი გაუმჯობესებები სხვადასხვა მიმართულებით:

  • საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საბჭოს ახალი შემადგენლობა განისაზღვრა, დადებითად აისახა საბჭოში მიმდინარე დისკუსიისა და მუშაობის, ასევე, საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხზე;
  • დადებითად უნდა შეფასდეს წლის ბოლოს რეგლამენტში შესული ცვლილება, რომელიც  საბჭოს მიერ გაფართოებული სხდომების მოწვევის შესაძლებლობას ითვალისწინებს საექსპერტო წრეებისა და სხვა დაინტერესებული პირების/ორგანიზაციების მონაწილეობით;
  • საბჭოს ვებგვერდს დაემატა საჯარო ინფორმაციის კუთხე, სადაც პროაქტიულად ქვეყნდება გარკვეული საჯარო ინფორმაცია;
  • მიმდინარე საანგარიშო პერიოდში პირველად მოსამართლეთა თანამდებობებზე გამწესება კონკრეტულ სასამართლოში  ხმათა 2/3-ით განხორციელდა, ნაცვლად წინა წლების მანკიერი პრაქტიკის შედეგად ჩამოყალიბებული ორეტაპიანი შერჩევა-დანიშვნისა;
  • წინა წლებთან შედარებით (თუმცა, არა 2013 წელთან შედარებით), შემცირებულია მოსამართლეთა მივლინებების გამოყენების რაოდენობა.

დადებითი ცვლილებების მიუხედავად, საბჭოს საქმიანობაში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც, ერთი მხრივ, გამოწვეულია საბჭოს საქმიანობის არასაკმარისი და/ან ხარვეზიანი საკანონმდებლო რეგულირებით და, მეორე მხრივ, საბჭოს მიერ მოქმედი საკანონმდებლო ნორმების არასწორი განმარტებებით და/ან გამოყენებით, კერძოდ:

  • საანგარიშო პერიოდში საბჭომ ვერ მოახერხა არაერთ მნიშვნელოვან თემაზე მუშაობა და/ან გადაწყვეტილების მიღება, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობის დადგენა, მათი დაწინაურების კრიტერიუმებისა და წესის განსაზღვრა;
  • მიმდინარე პერიოდში ჩატარებული 30 სხდომიდან კანონით დადგენილ ვადაში სხდომის შესახებ ანონსი მხოლოდ 3 შემთხვევაში გამოქვეყნდა;
  • არ არის დადგენილი საბჭოში შესული განცხადებებისა და მიმართვების განაწილების, ასევე, განხილვის წესი და ვადა, რაც დაბრკოლებებს ქმნის. მაგალითად, ერთ შემთხვევაში საბჭოში 2008 წელს შემოსული განცხადება 2014 წელს განიხილეს;
  • ხარვეზიანია ასევე მოსამართლეთა მივლინებისა და უფლებამოსილების დაკისრების შესახებ კანონმდებლობაც. გადაწყვეტილებები მოსამართლეთა მივლინების თაობაზე არ შეიცავს არგუმენტაციასა და დასაბუთებას;
  • რიგ შემთხვევებში, საბჭოს უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებები ტოვებდა აშკარად დაუსაბუთებლის შთაბეჭდილებას;
  • არც კანონით და არც კანონქვემდებარე აქტით არ არის დარეგულირებული საბჭოს წევრის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი.
  • საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად არ არსებობდა ინსტიტუციური კავშირი საბჭოსა და იუსტიციის სამინისტროს შორის მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, სადაც მათი როლები და ფუნქციები იკვეთება. მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის იმ ნაწილზე მუშაობის დროს, რომელიც სასამართლო სისტემაში გასატარებელ რეფორმებს ეხება, ამ ორ უწყებას შორის სამუშაო პროცესსა და კონსულტაციებს ადგილი არ ჰქონია.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგს მიმდინარე წელსაც აგრძელებენ, რის შედეგებს მომდევნო წელს გამოაქვეყნებენ.

 

ანგარიში მომზადებულია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო. წინამდებარე ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აშშ მთავრობის და EWMI-ის შეხედულებებს.

 

print