ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს

04 ივლისი, 2014

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის მეორე ანგარიშს. ანგარიში მოიცავს ორგანიზაციის დაკვირვებებს 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის მაისამდე გამართული სასამართლო სხდომების შესახებ 11 საქმეზე.

ორგანიზაციის დამკვირვებლები ესწრებიან სასამართლო სხდომებს, სადაც რვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის – ივანე მერაბიშვილის, გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას, ბაჩანა ახალაიას, დათა ახალაიას, ნიკა გვარამიას, მეგის ქარდავას და ცეზარ ჩოჩელის – საქმეები იხილება. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესების ნაწილი უკვე დასრულებულია და საქმეებზე საბოლოო განაჩენებია გამოტანილი, თუმცა ანგარიშმა ასევე მოიცვა საქმეები, რომელთა განხილვა ამჟამადაც მიმდინარეობს:

  • ვანო მერაბიშვილის სამი საქმიდან ორი დასრულებულია, ორივე საქმეში ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი, ერთი საქმე ამჟამად მიმდინარეობს.

  • ბაჩანა ახალაიას ხუთი საქმიდან სამი დასრულებულია, მათგან ორ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა, ერთზე კი – გამამტყუნებელი. ამ უკანასკნელ საქმეზე ის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

  • გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარეობს ოთხი საქმე.

  • მეგის ქარდავას წინააღმდეგ არსებული საქმეებიდან ჩვენი მონიტორები ორს აკვირდებოდნენ. ორივე საქმეში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

მონიტორინგმა შემდეგი ზოგადი ტენდენციები გამოავლინა:

  • წინა მონიტორინგის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესებულია პროცესებზე პროკურატურის წარმომადგენელთა გამოსვლები. მათი პოზიცია ზოგ შემთხვევაში გაცილებით არგუმენტირებული იყო.

  • წინა მონიტორინგის პერიოდისგან განსხვავებით, ბრალდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე არ არის დაფუძნებული. საქმეთა ნაწილზე პროკურატურას სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებებიც მოჰყავდა.

  • ზოგ შემთხვევაში სასამართლოთა შენობებში ვერ ხერხდებოდა მოწმეების განცალკევება. ამის შედეგად ერთ საქმეზე დაბარებული რამდენიმე მოწმე სხდომის დაწყებას დერეფანში ერთად ელოდებოდა და მათ კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. მონიტორები ხშირად აფიქსირებდნენ, რომ მოწმეები დერეფანში ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.

  • მონიტორინგის პერიოდში ვრცელდებოდა მაღალი თანამდებობის პირთა განცხადებები, რომლებიც პირდაპირ არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ასეთი შემთხვევები შესაძლოა სასამართლოზე არაპირდაპირ ზეწოლად შეფასდეს. პროცესების მიმდინარეობისას პოლიტიკოსები საქმეთა პოლიტიზირებას ცდილობდნენ, რასაც შეეძლო არაპირდაპირ გავლენა მოეხდინა მოსამართლეებზე.

  • მოსამართლე მხარეთა მიერ გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში თანაბრად აყენებდა მათი პასუხისმგებლობის საკითხს. სასამართლომ ჯარიმა როგორც პროკურატურის ასევე დაცვის მხარის მიმართაც გამოიყენა.

  • რამდენიმე შემთხვევაში დაცვის მხარის წარმომადგენლებმა პროკურორის და მოსამართლის არაობიექტურობის შესახებ დაუსაბუთებელი განცხადებები გაავრცელეს.

ცალკეულ საქმეებზე გამოკვეთილი შემდეგი გარემოებები არის აღსანიშნავი:

  • პროკურატურის რამდენიმე მოწმე (ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას საქმეებში) თავად იყო ბრალდებული და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა. ამ მოწმეთაგან ზოგიერთის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მათი ბრალდების მხარის მოწმედ გამოსვლის პერიოდში შეწყდა. ეს მოწმეები ჩვენებებს ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ აძლევენ.

  • რამდენიმე სხდომაზე პროკურორები პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას სხვადასხვა მიზეზის გამო ცდილობდნენ  (მაგალითად, გიგი უგულავას და ბაჩანა ახალაიას საქმეები). ერთ შემთხვევაში პროცესის გაჭიანურება დაცვის მხარემ სცადა.

  • ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ წარმოებულ სამ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული მოსამართლეები (ბესიკ ბუგიანიშვილი, დავით მგელიაშვილი და გიორგი დარახველიძე) ამ საქმეების განხილვამდე მცირე ხნით ადრე, სხვადასხვა სასამართლოებიდან ერთსა და იმავე დღეს გადმოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასეთი პრაქტიკა არ პასუხობს გამჭვირვალობის სათანადო სტანდარტებს და სასამართლოში საქმეთა განაწილების სისტემის ხარვეზიანობაზე მიუთითებს.

  • გიგი უგულავას სასამართლომ სხდომაზე მისი არყოფნისას მერის უფლებამოსილება შეუჩერა. მართალია, სასამართლო უფლებამოსილია ასეთი შუამდგომლობა მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილოს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა და ის პირდაპირი არჩევნებით არჩეულ თბილისის მერს ეხებოდა, უმჯობესი იქნებოდა, მერის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობა მხარეთა თანდასწრებით განხილულიყო და დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა.

  • ბაჩანა ახალაია თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო დაპატიმრებული, თუმცა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობდა. მართალია, ეს კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, რაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობის ხარვეზზე მიუთითებს და, მეორე მხრივ, ბადებს ეჭვს, რომ ბრალდების მხარეს შეეძლო ეს ხარვეზი ბოროტად (ბრალდებულის ხანგრძლივად პატიმრობაში დატოვებისთვის) გამოეყენებინა.

  • გამოიკვეთა მოწმე, რომელიც სხვადასხვა თანამდებობის პირის წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას. მაგალითად, ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა პირმა, რომელიც ბაჩანა ახალაიას საქმეშიც ფიგურირებდა მოწმედ. სწორედ ამ ადამიანს ახალაიას ერთ-ერთ პროცესზე ჩვენების მიცემისას ხელის გულზე დაწერილი ინფორმაცია აღმოუჩინეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს გახმაურებული საქმეების მონიტორინგს და მათ მიმოხილვას მომავალშიც წარმოადგენს.

 

ანგარიში მომზადდა შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) გრანტის ფარგლებში.ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „საერთაშორისოგამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა არ ასახავდეს Sida-ს მოსაზრებებს.