ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

22 აგვისტო, 2013

თბილისი, 22 აგვისტო 2013 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2013 წლის თებერვლიდან გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო სხდომათა მონიტორინგს ახორციელებს. ეს ანგარიში შეიცავს ინფორმაციას 2013 წლის თებერვლიდან 19 ივლისამდე პერიოდის შესახებ. ორგანიზაციის დამკვირვებლები ესწრებიან სასამართლო სხდომებს, სადაც მაღალი თანამდებობის პირების – ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა გვარამიას, თენგიზ გუნავას, მეგის ქარდავას, გეგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის – საქმეები იხილება. ქვემოთ გთავაზობთ მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას და საქმეთა აღწერილობებს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესების ნაწილი უკვე დასრულებულია და საქმეებზე საბოლოო განაჩენებია გამოტანილი, თუმცა ანგარიშმა ასევე მოიცვა საქმეები, რომელთა განხილვა დღესაც მიმდინარეობს.  

პროცესზე დაკვირვებისას რამდენიმე საყურადღებო ტენდენცია გამოიკვეთა:

  • სასამართლო პროცესებზე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები დაცული იყო. დაცვასა და ბრალდებას საკუთარი პოზიციების გამოხატვის თანაბარი საშუალება ჰქონდათ. მათ შეეძლოთ შეუფერხებლად ესარგებლათ საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით.
  • ბრალდება ძირითადად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობოდა. სხვა მტკიცებულება ანგარიშის მომზადების მომენტამდე წარმოდგენილი არ ყოფილა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.
  • რამდენიმე შემთხვევაში პროკურატურის მიერ მოწვეულმა მოწმეებმა მოგვიანებით ჩვენებები შეცვალეს.
  • დაცვის მხარის ზოგიერთი წარმომადგენელი პროცესის შესახებ პოლიტიკურ განცხადებებს ავრცელებდა.
  • პროცესებზე სასამართლომ სამჯერ გამოიყენა დისციპლინური ღონისძიება.
  • ყველა შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულებს სასამართლო პროცესის  ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ჩატარება შესთავაზეს, მათ უარი განაცხადეს შეთავაზებაზე იმ მოტივით, რომ საზოგადოებაში მათ შესახებ უკვე გარკვეული მცდარი აზრი იყო ჩამოყალიბებული, რაც ხელს შეუშლიდა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.
  • სასამართლომ რამდენიმე შემთხვევაში წინასწარ არ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ სხდომების შესახებ, რომლებზედაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა განხილულიყო. ასეთი პრაქტიკა ხელს უშლის გახმაურებული პროცესების საჯაროობას.
  • ბაჩანა ახალაიას საქმეში, საზოგადოების დიდი ინტერესის არსებობის მიუხედავად, პროკურატურა შეეწინააღმდეგა სხდომის ვიდეოგადაღებას და ამ გზით პროცესის გასაჯაროებას.
  • სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას საზოგადოების წარმომადგენლები და ორგანიზებული ჯგუფები ბრალდებულების საწინააღმდეგო აქციებს მართავდნენ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, სხვა შემთხვევებში კი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილია განაჩენი, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს, რის გამოც შესაძლოა საქმე განსხვავებული შედეგით დასრულდეს. ამის გამო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თავს იკავებს საქმეებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისგან. ორგანიზაცია აგრძელებს გახმაურებული საქმეების მონიტორინგს და მათ მიმოხილვას მომავალშიც წარმოადგენს. 

ანგარიში მომზადდა შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) გრანტის ფარგლებში.ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა არ ასახავდეს Sida-ს მოსაზრებებს.