ENG

ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო მონიტორინგის ანგარიში

14 ივნისი, 2012

2012 წლის 14 ივნისი –„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”  სასამართლოს ოთხთვიან ადმინისტრაციულ საქმეთა მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციამ 252 სასამართლო სხდომის, ჯამში 108 საქმის მონიტორინგის შედეგად, გამოავლინა სასამართლოს როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები. ორგანიზაციის ძირითადი მიგნებები ადმინისტრაციული საქმეების განხილვის პროცესს უკავშირდება. პოზიტიურ ცვლილებებად შეიძლება მივიჩნიოთ შემდეგი:

  • ცალკეული გამონაკლისების მიუხედავად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპი არ ირღვევა.
  • შეჯიბრებითობის პრინციპი საქმეთა დიდ უმრავლესობაში დაცულია – დავის მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები, გააკეთონ განცხადებები, გადაამოწმონ მტკიცებულებები, დაუსვან მოწმეებს კითხვები და შეასრულონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი საპროცესო მოქმედება.

ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის პროცესმა მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები გამოავლინა:

  • დავების 92.6%­ის შემთხვევაში დავა სრულად ან ნაწილობრივ სახელმწიფო მხარის სასარგებლოდ დასრულდა.
  • მოსამართლეები საქმის განხილვისასა  მოსამართლეები საკმარის ინიციატივას არ იჩენდნენ და ინკვიზიციურობის პრინციპის გამოყენების სურვილს არ გამოხატავდნენ. მოსამართლის ინკვიზიციური უფლებამოსილება უაღრესად მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებებსა და კერძო მხარეებს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად.
  • მოსამართლეებს არ სურთ, მხარეებს აქტიურად შესთავაზონ მორიგება და ხელი შეუწყონ ამ პროცესს.  
  • არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლეები ზოგჯერ საქმეს კარგად არ იცნობენ და შესაძლოა მისი სწრაფად დასრულებით უფრო იყვნენ დაინტერესებული, ვიდრე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანით.

იმის მიუხედავად, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაკვირვება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საქმეებზე განახორციელა და არ განუხორციელებია საქმეების არსებითი შეფასება, სახელმწიფო მხარეების სასარგებლოდ გადაწყვეტილი დავების უაღრესად მაღალი მაჩვენებელი მაინც შესაძლო პრობლემებზე მიუთითებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოსაზრებით, სახელმწიფოს მიერ საქმეების მოგების მაღალი მაჩვენებლისა და ზოგიერთი ძირითადი სამართლებრივი პრინციპების არასაკმარისი დაცვის გამო შესაძლოა საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარება შეფერხდეს.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არჩია, სასამართლო მონიტორინგის პროექტში ყურადღება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე მიექცია. ამ აქცენტის გათვალისწინებით, სასამართლოების განრიგიდან ის საქმეები შეირჩა, რომლებშიც მხარე საჯარო რეესტრი, საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო. თუ ასეთი საქმის განხილვა დაგეგმილი არ იყო, დამკვირვებლები სასამართლო სხდომებს შემთხვევითი შერჩევის წესით ირჩევდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახორციელებდა შემდეგი საკითხების მონიტორინგს:

  • მოსამართლეთა პუნქტუალობა;
  • საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპი;
  • მოსამართლის მიერ სხდომის წარმართვის პრინციპი;
  • ინკვიზიციურობის პრინციპი (მოსამართლის ინიციატივა);
  • შეჯიბრებითობის პრინციპი (მხარეთა თანასწორობა, დავის მიუკერძოებელი გადაწყვეტა).

ანგარიში მომზადებულია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.