ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ფარმაცევტული ბაზრის კვლევას აქვეყნებს

22 ივნისი, 2012

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

თბილისი, 22 ივნისი, 2012 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ქართული ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ხაზგასმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:

  • საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე დიდი კომპანია, რომლებიც იმპორტის/დისტრიბუციის, საცალო ვაჭრობისა და წარმოების სექტორებს აკონტროლებს. ეს კომპანიებია  PSP, AVERSI და GPC.
  • მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში ფარმაცევტული სექტორის განვითარებაში, ბაზარზე მათმა დომინირებამ გამოიწვია ის, რომ  მედიკამენტებზე არის მაღალი  ფასნამატი, რაც, თავის მხრივ,  იწვევს მოსახლეობის დანახარჯების ზრდას  ფარმაცევტულ პროდუქციაზე.  
  • საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატი ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია.
  • ხშირია, როდესაც ექიმების მიერ პაციენტისთვის მედიკამენის დანიშვნა მოტივირებულია დიდი ფარმაცევტული კომპანიების გარკვეული და მათ შორის  ფინანსური შეთავაზებებით.
  • არის შემთხვევები, როდესაც დიდი ფარმაცევტული ქსელები თავიანთ აფთიაქების  თანამშრომლებს აძლევენ მითითებას, რომ გაყიდონ ამ კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტები და რეკლამა გაუწიონ მათ.
  • სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე, როგორც ჩანს, თავისი როლის ეფექტიანად შესრულებისთვის საჭირო რესურსები არ აქვს.

ანგარიშში ხაზგასმული პრობლემების გადასაჭრელად, საჭიროა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. კერძოდ:

ახლადშექმნილმა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა შეისწავლოს ფარმაცევტული ბაზრის დომინანტი კომპანიების ქმედებები, ხოლო საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უნდა შეაგროვოს და გამოაქვეყნოს ამომწურავი მონაცემები ამ სექტორის შესახებ. მოსახლეობის მიერ ფარმაცევტულ პროდუქციაზე გაღებული ხარჯები შეიძლება შემცირდეს აუცილებელი მედიკამენტების სიის შემოღების, გენერიკების გამოყენების წახალისებისა და მედიკამენტების დანიშვნის შესაბამისი წესების სათანადოდ აღსრულების გზით. ამასთანავე, საჭიროა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, ხარისხის სათანადო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით.

ანგარიში მომზადდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. უახლოეს მომავალში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კიდევ ორ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომლებიც ჰოსპიტალურ სექტორსა და სადაზღვევო სექტორს ეხება.

 

healthcare