ENG

უნდა გაუშვას თუ არა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „ქართული ოცნების“ ანტირეკლამა

11 სექტემბერი, 2013

10 სექტემბერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ექვსი პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე იმ მიზეზით უთხრა უარი, რომ ეს ვიდეომასალა წინასაარჩევნო რეკლამის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. უფრო ზუსტად, საუბარი იყო იმაზე, რომ ვიდეორგოლებში არსად ჩანდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამავე თემაზე „ნეტგაზეთთან“ განმარტება გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ. მისი თქმით, „რეკლამა სხვისი ანტირეკლამა კი არ უნდა იყოს, თავის თავზე თქვან, რა ვაჟკაცები არიან, რა გააკეთეს და ოცნებამ რა არ გააკეთა, ამას ეთერში არ მივცემ. თვითონ რას აპირებენ, როგორ აპირებენ, ეს გავა, შაჰ-აბასი რომ შემოიჭრა და ერეკლე მეფე ცუდი მეფე იყო, ამაზე მე ვერ მივცემ რეკლამას.“ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს პარტიის 6 კლიპიდან 2 რგოლის განთავსებაზე მაინც არ უნდა ეთქვა უარი.

ამ საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, მართებულად მოჩანს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება საარჩევნო სუბიექტის ცნების ფართო განმარტების შესახებ, რომლითაც ის სუბიექტად საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად, პარტიასაც მიიჩნევს, თუმცა მაუწყებლის განცხადებაში მაინც არის ერთი პრობლემა: საარჩევნო კოდექსი გვეუბნება, რომ წინასაარჩევნო რეკლამაში უნდა ჩანდეს საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი საარჩევნო ნომერი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ საუბარია მხოლოდ კლიპის შემკვეთ საარჩევნო სუბიექტზე, ამ შემთხვევაში ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტი უნდა მოვიაზროთ, რადგან კანონი არ იძლევა მითითებას იმაზე, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტი ან ნომერი უნდა ჩანდეს რეკლამაში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ექვსი ვიდეორგოლიდან მინიმუმ ორი მათგანის (კლიპი დასაქმება, 1 და საწარმოები, 3) განთავსებაზე უარი არ უნდა ეთქვა, რადგანც ამ კლიპებში ჩანს საარჩევნო სუბიექტი „ქართული ოცნება“, რითაც კანონის მოთხოვნები სრულდება. 

ამავე დროს, გაუმართლებლად და არაკორექტულად მიგვაჩნია თამაზ ტყემალაძის ზემოაღნიშნული კომენტარი, რომელშიც იგი უარის მიზეზებს განმარტავს. კერძოდ, მისი აზრი, რომ წინასაარჩევნო რეკლამა არ უნდა იყოს ანტირეკლამა და საარჩევნო სუბიექტმა მხოლოდ საკუთარ გეგმებზე უნდა ისაუბროს, კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება და სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული. საქართველოს კანონმდებლობა (საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტი) წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნევს არამხოლოდ ისეთ რეკლამას, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას, არამედ ისეთსაც, რომელიც ვინმეს არჩევისთვის ხელის შეშლას ემსახურება.

მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან და საკუთარ საქმიანობასა და განმარტებებში კანონის მოთხოვნებით იხელმძღვანელონ.

elections