რა საფრთხეებს შეიცავს კერძო საკუთრებიდან არამართლზომიერი მფლობელის გამოსახლების ინიციატივა
19 მაისს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის ავტორიც პარლამენტის წევრი პაატა კიკნაველიძეა. კანონპროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს იგეგმება. პროექტი ცვლილებების შეტანას სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებში და „პოლიციის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონებში ითვალისწინებს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მესაკუთრეს მისი კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელის (რომელსაც მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია) გამოსახლების მოთხოვნით შეუძლია პოლიციას მიმართოს. შემოთავაზებული ცვლილებით უქმდება უძრავი ნივთების უკანონო/არამართლზომიერი მფლობელების გამოსახლების შესაძლებლობა სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების საჭიროება გამოწვეულია არსებითი ხასიათის სამართლებრივი ხარვეზებით, რაც, ავტორის თქმით, ახასიათებს არასასამართლო, მათ შორის, საპოლიციო წესით უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლების ინსტიტუტს, რომელიც შემოღებულ იქნა და მოქმედებს 2007 წლიდან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებასთან. კანონპროექტის მიღებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, სალიზინგო და დეველოპერული კომპანიებისა და უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული მოქალაქეებისათვის. ვფიქრობთ, რომ ეს თავის მხრივ იქონიებს გავლენას ეკონომიკის ამ სექტორების განვითარებაზე, და გააუარესებს საქართველოს პოზიციებს შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში.
წარმოგიდგენთ კანონპროექტის ავტორის მიერ განმარტებით ბარათში მოყვანილ მიზეზებს და მათ საპასუხოდ ჩვენს არგუმენტებს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უკვე მივაწოდეთ.
Shenishvnebi Da Mosazrebebi Udzravi Nivtis Aramartlzomieri Mplobelis Gamosaxlebaze