ENG

არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ

08 ოქტომბერი, 2015

 

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვსურს როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემის მიმართულებით, რაც გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ  2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ, რაც სერიოზულ მონაპოვარს წარმოადგენდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების ისტორიაში, საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და განმტკიცებისკენ. სხვა მოვლენებთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლითაც სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დეკლარირება.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში  ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით არაერთი რეფორმა დაიგეგმა და განხორციელდა, რჩება უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

  1. საარჩევნო რეფორმა 

საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, საარჩევნო დავები და  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ეს ის საკითხებია, რომელთა დაკავშირებითაც საარჩევნო რეფორმის განხორციელება დიდი ხანია წარმოადგენს არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნის საგანს.  აღნიშნული საკითხებიდან, უპირველეს ყოვლისა, პრიორიტეტს არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ცვლილება წარმოადგენს, რათა  უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში, ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა და საერთო-ეროვნული და ადგილობრივი წარმომადგენლობა.

ზემოხსენებული გამოწვევების გადასაჭრელად,  საარჩევნო სისტემის თაობაზე, 14 პოლიტიკურ პარტიასა და 8 არასამთავრობო ორგანიზაციას შორის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, უპრეცენდენტო კონსენსუსი შედგა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებას წარედგინა ერთიანი ხედვა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული მოსაზრებები არ იქნა გაზიარებული მმართველი კოალიციის მიერ, რომელმაც მოგვიანებით წარმოადგინა საკუთარი ხედვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ზომების გათანაბრებისა და მაჟორიტარული არჩევნებისთვის  50%-იანი ბარიერის შემოღების შესახებ, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება მოქმედი საარჩევნო სისტემის პრობლემებს და იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ გამოწვევის აღმოფხვრას, რაც არსებულ შერეულ საარჩევნო სისტემას გააჩნია.

ასევე, უნდა ითქვას, რომ დაინტერესებული მხარეებისთვის დღემდე არ არის ცნობილი ახალი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები, კერძოდ, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შესაბამისად, მაჟორიტარულ ოლქებს შორის დისპროპორციის პრობლემის გადაჭრას, რაც გამოიწვევს ბევრი ოლქის მექანიკურად შეერთებას ან დაყოფას. ხელისუფლების მიერ მოცემულ საკითხზე მუშაობა არ მიმდინარეობს ღიად, სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

აღსანიშნავია, რომ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ხელისუფლება მხოლოდ 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნებისთვის გეგმავს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების  ჩატარებას. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა კი, პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების მოთხოვნით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირების მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერა არა აქვს. შესაბამისად, კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა, რომ საარჩევნო სისტემაში არსებითი ცვლილებები არც 2016 წლის და არც მის შემდგომ გამართული არჩევნებისათვის არ შევიდეს.

გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებული ძირეული პრობლემების მოგვარებას. ეს უკანასკნელი კი უარყოფით გავლენას მოახდენს 2016 წელს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე, რაც ცალსახად დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.  

  1. მედია გარემო

2015 წლის სექტემბერში ქვეყანაში მოქმედ ოთხ ეროვნულ მაუწყებელში ერთდროულად დაწყებული სხვადასხვა სახის ძირეული ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში მედია გარემოზე. საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების სეგმენტის დროებითი შეჩერების თაობაზე ტელეკომპანია „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებებით, ასევე, რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებითა და ტელეკომპანია „მაესტროს“ გაკოტრების საქმის წარმოებით, ჩნდება ეჭვები ყველაზე რეიტინგული და ეროვნული დაფარვის მქონე ტელევიზიების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის თაობაზე.

აღნიშნულს ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისაგან. 2013 წლის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ნაცვლად 9 წევრისა 7 წევრის შემადგენლობით მუშაობს. მიუხედავად საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების არაერთი მოწოდებისა, საქართველოს პარლამენტს არ უცდია კონკურსის ხელახლა ჩატარება საბჭოს სრულად დაკომპლექტებისთვის, რაც ვერ უზრუნველყოფს საბჭოს სათანადო წარმომადგენლობითობას. ასევე, კანონის დარღვევით წარიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს არჩევნები.

მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთი მოწოდებისა, ქვეყანაში არ არის უზრუნველყოფილი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სწრაფი და ეფექტური გამოძიება. საქართველოს მთავარი პროკურატურა საზოგადოებას არ აწვდის ინფორმაციას მიმდინარე გამოძიებების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის შეფასდეს მედიის მდგომარეობა ამ მხრივ.

ასევე, იკვეთება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელშეშლის შესაძლო ფაქტები, რაც გავლენას ახდენს როგორც მედიის თავისუფლების ხარისხზე ქვეყანაში, ისე ცალკეული ჟურნალისტის უსაფრთხოებასა და თავისუფალ პროფესიულ საქმიანობაზე.

ყოველივე ზემოთქმული საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმსა და ამომრჩეველთა ინფორმირებულობას შუალედური და მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

  1. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

გარკვეული საფრთხეები გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით. მიმდინარე პერიოდში გამართულ არაერთ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეთა და მათ მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის ძალადობრივი დაპირისპირების, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო, არაპროპორციული ჩარევისა და აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა. ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების მოტივით, აქციის მონაწილეებს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება შეეზღუდათ, რამაც საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა განაპირობა. სამწუხაროდ, კანონის ამგვარ განმარტებას ხელი შეუწყო სასამართლო გადაწყვეტილებებმაც.

  1. სასამართლო

სასამართლო სისტემაში, კერძოდ კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე, სხვადასხვა გახმაურებული საქმეების სასამართლოში განხილვის პროცესებმა  და ამ საქმეებთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირების მიერ სასამართლოს მიმართ გაჟღერებულმა მოსაზრებებმა ცხადყო, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები შეიცავს საფრთხეებს ეფექტური სასამართლო სისტემის უზრუნველყოფისა და  დამოუკიდებლობისათვის.

  1. სამართალდამცავი ორგანოები

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმის ინიცირებით, სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სცადა სისტემის დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალურობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კუთხით. აღნიშნულ სისტემებში არსებული ძირეული პრობლემები, რომლებიც ვერ მოგვარდება გატარებული რეფორმებით, სამართალდამცავ სისტემაზე პოლიტიკური გავლენების შესაძლებლობას ტოვებს, რის ალბათობასაც  კიდევ უფრო ამძაფრებს არსებული ინსტიტუციური პრაქტიკა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლებას:

  • გადადგას ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა;

სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს:

  • უზრუნველყონ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ასევე, განახორციელონ სათანადო და ერთგვაროვანი მიდგომები დამრღვევთა მიმართ, რათა არ მოხდეს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა და კონფლიქტების შემდგომი ესკალაცია.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)