ანაკლიაში ჩამორთმეული მიწები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს ინფორმაციას 2008-2009 წლებში ანაკლიაში განხორციელებული საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების შესახებ.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლების ზეწოლის შედეგად მოქალაქეებს – გოჩა ქარდავას, გონელი ფუტკარაძეს და ზურაბ ჯიქიას მიატოვებინეს ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ. ასევე რეზო ჯღერიას, მურთაზ შონიას, დავით სხულუხიას მიწის გარკვეული ნაწილი სახელმწიფომ თვითნებურად მიისაკუთრა შესაბამისი კომპენსაციის გადახდისა და კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე.
ჩამორთმეულ ტერიტორიებზე მოგვიანებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გარკვეული ობიექტების მშენებლობა დაიწყო.
საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ არაერთხელ გამოაქვეყნა ანგარიში ანაკლიის საკურორტო ზონაში მოქალაქეთა მიმართ განხოციელებული კანონსაწინაარმდეგო ქმედებების შესახებ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე. აგრეთვე, მოვუწოდებთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიიღოს სასწრაფო ზომები მოქალაქეთა საკუთრებაზე შეზღუდული უფლების აღსადგენად.
ორგანიზაცია მზად არის სამართალდამცავ ორგანოებს და სამინისტროს გადასცეს ის დოკუმენტაცია, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაზარალებულმა მიაწოდეს.
მონაცემები დაზარალებულთა შესახებ:
-
რეზო ჯღერია - ნაკვეთი საერთო ფართი 351,00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 43.30.45.028)
-
მურთაზ შონია, ნათია შონია - ნაკვეთი a) საერთო ფართი 300 კვ.მ (საკადასტრო კოდი 43.30.45.100); ნაკვეთი b) საერთო ფართი 280 კვ.მ (საკადასტრო კოდი 43.30.45.099)
-
დავით სხულუხია - ფართობი 320 კვ.მ(საკადასტრო კოდი 43.30.45.039)
-
კლარა ფეტელავა - ფართობი 310 კვ.მ (საკადასტრო კოდი 43.30.45.040)
-
ზურაბ ჯიქია - ფართობი 305 კვ.მ (საკადასტრო კოდი 43.30.45.013)
-
გოჩა ქარდავა - ფართობი 337 კვ.მ (საკადასტრო კოდი 43.30.45.021)
-
გონელი ფუტკარაძე - ფართობი 301. კვ.მ (საკადასტრო კოდი 43.30.45.005)