საქართველოს მთავრობამ 22 ნოემბერს პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებები [1] მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონსა და თანმდევ 110 კანონში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის გაერთიანება, ასევე დაზვერვის სამსახურისთვის განკუთვნილი უფლებამოსილებების, მათ შორის საიდუმლო თანამშრომლის მივლენის უფლების უსაფრთხოების მთელ სამსახურზე გავრცელება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, პარტიორ ორგანიზაციებთან ერთად კრიტიკულად შეაფასა [2] ეს განზრახვა და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს არ დაეჭირა მხარი შემოთავაზებული ცვლილებებისთვის. ინიციატივა, ასევე, უარყოფითად შეფასდა [3]ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის მისიის მიერ.
ამ ფონზე, 4 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტთან კონსულტაციების შედეგად წინადადებით [4] მიმართა საქართველოს საკანონმდებლიო ორგანოს და უკან გაითხოვა 12 კანონპროექტი, მათ შორის “სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ”, რომლითაც გათვალისწინებული იყო საქართველოს დაზვევრვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანება და ე.წ. “ოდეერის” ინსტიტუტის სრულად აღდგენა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიესალმება ამ ნაბიჯს და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებას.
უსაფრთხოების სისტემის რეფორმა ქვეყნისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. “უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე სისტემის შექმნის ადვოკატირების“ პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან“ ერთად 2018 წლის გაზაფხულზე წარადგენს რეფორმის თაობაზე რეკომენდაციებს. იმედს ვიტოვებთ რომ რეფორმა მაქსიმალურად ღიად, ექსპერტთა ჩართულობით წარიმართება და შედეგად მივიღებთ უსაფრთხობის სამსახურს ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის ძლიერი დემოკრატიული მექანიზმებით.
Links
[1] https://info.parliament.ge/#law-drafting/14794
[2] http://www.transparency.ge/ge/post/sakanonmdeblo-cvlilebebit-sabchota-stilis-odeeris-instituti-brundeba-da-uprecendentod-zlierdeba
[3] http://assembly.coe.int/nw/xml/News/News-View-EN.asp?newsid=6882&lang=2&cat=3
[4] https://info.parliament.ge/#law-drafting/14858
[5] https://www.transparency.ge/ge/category/tags/parlamenti