16 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა [1]. კონკურსი საჯაროა [2] და საბუთების მიღება 18 ოტომბრამდე წარმოებს. დირექტორს მრჩეველთა საბჭო 3 წლის ვადით ირჩევს.
ამავე დღეს საბჭომ დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის წესი [3] მიიღო. რამდენიმე კვირით ადრე, მაუწყებელმა დანიშვნის წესის პროექტზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მომართა კომენტარებისა და რეკომენდაციებისთვის, რის შემდეგაც ჩვენი რეკომენდაციები [4] საბჭოს წერილობით მივაწოდეთ. საბჭოს სურვილი მოისმინოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები მისასალმებელია, თუმცა, სამწუხაროდ, საბჭომ ჩვენი რეკომენდაციების ყველაზე პრინციპული პუნქტები არ გაითვალისწინა.
მიგვაჩნია, რომ დირექტორის არჩევის საბჭოს მიერ მიღებული წესი ვერ უზრუნველყოფს დირექტორის თანამდებობაზე კვალიფიციური კადრის შერჩევას. დოკუმენტის მიხედვით, კანდიდატებისთვის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მართვის სტრატეგიისა და ხედვის წარმოდგენა ნებაყოფლობითია, საბჭო კი უფლებამოსილია სურვილისამებრ კანდიდატებთან გასაუბრებაც ჩაატაროს. შედეგად, საბჭოს შეუძლია დირექტორი მხოლოდ წარდგენილ ფორმალურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით აირჩიოს, რაც არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს მრჩეველთა საბჭოს წევრების სათანადო ინფორმირებულობას კანდიდატებთან დაკავშირებით.
მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე [5], ამ საკითხის განხილვისას, საბჭოს წევრები მიუთითებენ, რომ კანონი სტრატეგიის წარდგენის ვალდებულებას არ ადგენს, თუმცა მათ აქვთ თავისუფლება წარმოადგინონ ნებისმიერი დოკუმენტი; ამის ვალდებულებად გაწერის შედეგად კი კანდიდატები შეიძლება “გაწვალდნენ.” აღსანიშნავია, რომ შერჩევის წესის დადგენაში საბჭო თავისუფალია და ამ წესის მიზანი დამატებითი რეგულაციების დადგენაა, რაც კანონს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა, არ გამორიცხავს შერჩევის ადეკვატური ეტაპების გაწერას.
ამასთან, არსებული წესის მიხედვით კონკურსი ჩაშლილა ცხადდება თუ “დირექტორობის კანდიდატების მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მომდევნო შვიდი დღის ვადაში ვერ შეიკრიბა მრჩეველთა საბჭო ან/და არ შედგა კვორუმი.” კონკურსი ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ ხელახლა უნდა გამოცხადდეს. გაუგებარია, თუ რატომ უნდა გამოცხადდეს კონკურსი ხელახლა, თუ კანდიდატებს წარდგენილი აქვთ დოკუმენტაცია კანონის დაცვით და რატომ უნდა გახდნენ ისინი იძულებული ხელახლა წარადგინონ განაცხადი. აღსანიშნავია, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ პროექტში ეს მუხლი არ იყო გაწერილი, შესაბამისად, ჩვენ ამ კონკრეტულ საკითხზე მოსაზრების გამოთქმის საშუალება დროულად არ მოგვეცა.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მრჩეველთა საბჭომ დირექტორობის ყველა კანდიდატთან უნდა გამართოს ღია, საჯარო გასაუბრება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა თვალყური ადევნოს პროცესს. ამასთან, მრჩეველთა საბჭოს არგუმენტაცია და შერჩევის კრიტერიეუმები საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი.
Links
[1] http://ajaratv.ge/files/attach/gadacyvetilebaaaaaa.pdf
[2] http://ajaratv.ge/files/attach/direqtoris%20archeva_1.pdf
[3] http://ajaratv.ge/files/attach/direqtoris%20archevis%20wesi.pdf
[4] https://docs.google.com/document/d/1S68YVk4aQJs6BE8Cn9Z3pG95xiqmkd0R3BzJBqujjiQ/edit?usp=sharing
[5] http://board.ajaratv.ge/videos.php
[6] https://www.transparency.ge/ge/category/tags/acharis-televizia
[7] https://www.transparency.ge/ge/category/tags/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90
[8] https://www.transparency.ge/ge/category/tags/mediagaremo