2015 წლის 30 მაისს, ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე მონაწილეებმა საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს. შეთანხმებას ხელი 8 არასამთავრობო ორგანიზაციის და 14 პოლიტიკური პარტიის, მათ შორის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების წარმომადგენელმა მოაწერა.
საქართველოს პარლამენტის წევრებს
პატივცემულო დეპუტატებო!
ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ვთანხმდებით და მოგმართავთ:
საქართველოში დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა, რაც საჭიროებს საკონსტიტუციო და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს. არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი.
სწორედ ხსენებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანოზაციების არაერთი რეკომენდაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა პარლამენტის წევრთა ინიციატივით დაუყოვნებლივ დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება. გთავაზობთ საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ახალი რედაქციის პროექტს:
,,საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან“.
კიდევ ერთხელ გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ინიცირებული, რათა 2016 წელს მორიგი საპარლამეტო არჩევნების ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე შეიცვალოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა.
იმედი გვაქვს, წინამდებარე მიმართვის ტექსტში წარმოდგენილი კონსენსუსი, რომელიც განსხვავებული შეხედულებების მქონე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებს აერთიანებს, თქვენი მხარდაჭერითა და საერთო ძალისხმევით აისახება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებში.