მ.წ. 15-21 ოქტომბერს, ქვემო ქართლის იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც უმეტესად ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ, აზერბაიჯანიდან სტუმრობდნენ სპორტის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ოლიმპიური ჩემპიონები, პროფესორები, მწერლები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი წევრი და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, „ქართული ოცნების” ადგილობრივ წარმომადგენლებთან, მერებთან და პარლამენტის წევრებთან ერთად სოფელ-სოფელ დადიოდნენ, რათა გაეძლიერებინათ „ქართული ოცნების” პოზიციები ჩვენ ეთნიკურად აზერბეიჯანელ თანამოქალაქეებში. აღნიშნული ფაქტები წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის დარღვევას, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას.
დმანისის მუნიციპალიტეტი
15 ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდა [1] ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიის (ADBTİA) სპორტული საქმიანობის პრორექტორი ფარიდ მანსუროვი და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარედაქციო და საგამომცემლო განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი და მწერალი კნიაზ ასლანი. ორივე წარმოშობით დმანისიდან არიან.
სურათზე მარცხნივ დგას კნიაზ ასლანი, მარჯვნივ კი ფარიდ მანსუროვი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
17 ოქტომბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აზერბაიჯანიდან ჩამოსულ დელეგაციასთან ერთად შეხვდა [2] ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერში [3], დარბაზში [4] და ქვემო ბოლნისში (კაპანახჩი) მცხოვრებ მოსახლეობას. დელეგაციის წევრები იყვნენ: მუშფიქ მადადოღლუ, 30-მდე წიგნის ავტორი და გამომცემლობა „ZiM.Az“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ქამრან რამაზანლი, საზოგადოებრივი კავშირი სოიდაშის (SOYDAŞ) თავმჯდომარე; და აფლატუნ ამაშოვი, აზერბაიჯანის ყოფილი პარლამენტის წევრი.
*სოფელი დარბაზი, ტალავერი და ქვემო ბოლნისი (კაპანახჩი) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფლებია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
21 ოქტომბერს, პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანი“-ს მენეჯმენტისა და პოლიტიკური საბჭოს წევრ ვაგიფ ალიევთან ერთად შეხვდა [5]გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მოსახლეობას.
ვაგიფ ალიევი 1994-2003 წლებში იკავებდა სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის მინისტრის პირველი მოადგილის თანმდებობას. 2003-2011 წლებში ეკავა სუმგაიტის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის თანამდებობა. ასევე, იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) კაპიტალის მენეჯმენტის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი. ახლა პოლიტიკური პარტია „ენი აზერბაიჯანი“-ის მენეჯმენტისა და პოლიტიკური საბჭოს წევრია.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა აზერბაიჯანის მოქალაქე, წარმოშობით გარდაბნელი ზაბიტი სამედოვი, რომელიც პროფესიონალი კიკბოქსიორია.
Links
[1] https://www.facebook.com/KobaMuradashviliGD/posts/pfbid0W5S5rVmu1jGsWxGTrCgMZh2EQohFabqDy5363gJgUPcbybxdmqLi6MjhGtq6YRCzl
[2] https://www.facebook.com/D.Sherazadishvili/videos/1594325561156791/
[3] https://www.facebook.com/D.Sherazadishvili/posts/pfbid02FFWeBU6KbaSQqffE6fXjAYK2wMLe2MCgb6hzmZ7cZzsRK75UqNpD797febPKoh8yl
[4] https://www.facebook.com/D.Sherazadishvili/posts/pfbid02Atafc68HVbWJnYxLoLWajpjUtksLGBtwetUDh2CUo7Cq1PDtSzD74vVETsNTReptl
[5] https://www.facebook.com/GDSavalanMirzoevi/posts/pfbid036xzBojzuBU36AinRgtUcuKTDj9yu36Fyrk939ihyusVqhbntfJSHJAxyiAUXiFu3l
[6] https://www.transparency.ge/sites/default/files/screenshot_2024-10-25_at_19.38.57.png
[7] https://www.transparency.ge/sites/default/files/screenshot_2024-10-25_at_19.40.45.png
[8] https://www.transparency.ge/sites/default/files/screenshot_2024-10-25_at_19.42.10.png
[9] https://www.transparency.ge/sites/default/files/screenshot_2024-10-25_at_19.47.20_0.png