11 მაისს საქართველოს პრემიერ მინისტრი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო არსებულ პროტესტს ანტიდასავლური რიტორიკით გამოეხმაურა [1]. განცხადების მთავარი პათოსი იყო, რომ მაშინ როდესაც ევროკავშირი თავად ვაჭრობს რუსეთთან, უსამართლოა საქართველოს მიმართ მოწოდება შეწყვიტოს მასთან ეკონომიკური ურთიერთობები. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი არ მოუწოდებს საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტისკენ. ევროკავშირის მოწოდებაა [2], საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში არსებულ სანქციებს შეუერთდეს, რადგან საქართველო არ გახდეს რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რისი ალბათობაც, ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იზრდება.
ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობის რიცხვებით მანიპულირება
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა [1], რომ „ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა საქართველოს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან… 2022 წელს საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდ დოლარამდე იყო, ხოლო ევროკავშირის 270 მილიარდი დოლარი.“
სიმართლე
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 3-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა.
აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ევროკავშირს რუსეთთან გაცილებით დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს, მანიპულირებაა, რადგან ევროკავშირის ეკონომიკა არის 20 ტრილიონ დოლარამდე და მასში ვაჭრობის მცირე წილიც კი მაღალი რიცხვი გამოდის.
თუ გვაინტერესებს, ომის დაწყების შემდეგ, როგორ შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, შედარება უნდა გაკეთდეს იმის მიხედვით, თუ რა წილი უჭირავს ევროკავშირის და საქართველოს საგარეო ვაჭრობაში რუსეთს და რა გააკეთეს ამ წილების შესამცირებლად. 2021 წელთან შედარებით ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტის 49% და რუსეთიდან იმპორტის 58% დაასანქცირა [3]. საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად.
რუსეთი ფინანსდება, როდესაც მისი პროდუქცია იმპორტით შედის სხვა ქვეყანაში. ევროსტატის ინფორმაციით [4], ომის დაწყებამდე, 2022 წლის თებერვალში რუსეთის წილი ევროკავშირის იმპორტში 9.5% იყო, 2023 წლის მარტში კი 1.9%. ნომინალურ გამოსახულებაში 21 მილიარდი ევროდან 4 მილიარდ ევრომდე შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში 9.4% იყო, 2023 წლის მარტში კი 12.2%. ნომინალურ გამოსახულებაში 96 მლნ დოლარიდან 151 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
2022 წელს საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი კი არ შეადგინა, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, არამედ 2.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც 52%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ევროკავშირის რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა კი ყოველთვიურად მცირდება.
ქართული კომპანიების დასანქცირების რისკი რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ
რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, როგორიც არის ფრენების აღდგენა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას გაურთულებს.
საქართველოს მთავრობას ოფიციალურად დღემდე აქვს განცხადებული, რომ სურს ევროკავშირის წევრი გახდეს. უკრაინასთან ომში ჩართულ რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას შეაფერხებს, რადგან, ევროკავშირი ასპირანტი ქვეყნებისგან საგარეო პოლიტიკის გაზიარებას მოელის [5].
ევროკავშირმა უკრანაში ომის დაწყებიდან 3 დღეში, 2022 წლის 27 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება [6] რუსული თვითმფრინავებისთვის ცის დახურვის შესახებ, რომელიც დღემდე ძალაშია. ნებისმიერ რუსეთში რეგისტრირებულ თვითმფრინავს, ასევე რუსეთის მოქალაქის ან კომპანიის კუთვნილს ან დაქირავებულს ეკრძალება ევროკავშირის სივრცეში ფრენა. ასევე, აკრძალულია რუსული ავიაციისთვის ნებისმიერი საქონლის და მომსახურების მიწოდება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის სანქციები ეხება ნებისმიერ რუსულ კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანია „აზიმუტს“, რომელიც უკვე ახორციელებს პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით.
Links
[1] https://www.facebook.com/watch/?ref=saved&v=653262703297734
[2] https://civil.ge/ka/archives/541913
[3] https://www.consilium.europa.eu/en/policies/sanctions/restrictive-measures-against-russia-over-ukraine/sanctions-against-russia-explained/#trade
[4] https://ec.europa.eu/eurostat/web/products-eurostat-news/w/DDN-20230303-1
[5] https://bm.ge/ka/article/rusettan-frenebi-sheshfotebas-iwvevs-saqartvelos-evropul-gzastan-dakavshirebit---eu/134079
[6] https://www.bbc.com/news/world-europe-60539303