ვის ეკუთვნის ქართული მედია
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ქვეყანაში მოქმედი გავლენიანი ტელევიზიების მფლობელობის საკითხები შეისწავლა. კვლევაში, რომელიც ძირითადად 2014 წლის შემდგომ პერიოდს მოიცავს, პოლიტიზირებული და პოლარიზებული მედია გარემოს ფონზე, მაუწყებლების მფლობელთა ვინაობასთან ერთად, მათი შესაძლო ბიზნესს კავშირები და ინტერესებიც გამოიკვეთა.
ანგარიშის მომზადებისას გავაანალიზეთ სამეწარმეო რეესტრის, დეკლარაციების, პოლიტიკური შემომწირველებისა და სხვა არსებული ღია მონაცემები. შევისწავლეთ სატელევიზიო ბაზრის შემდეგი მსხვილი მოთამაშეები, როგორიცაა ჰოლდინგი “რუსთავი 2” (რომელიც “რუსთავი 2”-თან ერთად მესამე და მეოთხე არხებს აერთიანებს), ჰოლდინგი “ტელეიმედი” (მასში ასევე გაერთიანებულია ტელეკომპანია “მაესტრო” და GDS), “იბერია ტვ”, ტელეკომპანია “პირველი”, “ობიექტივი”, “პალიტრა ტვ”, “რ.ბ.ჯ” (“პირველი გასართობი”) და “სტერეო პლუსი”.
კვლევაში ხაზგასმულია, “რუსთავი 2”-ის საქმე, სადაც გამოიკვეთა ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს გზით მედიის მფლობელის ცვლილების შესაძლო სურვილი, ხოლო ტელეკომპანია “პირველის” შემთხვევაში, ხელისუფლება, სავარაუდოდ, მის მფლობელს სხვა ბიზნესში პრობლემებს უქმნიდა, რითაც ტელევიზიაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა. საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა, რომ ტელევიზიის მფლობელები ვერ და არ აცალკევებენ მაუწყებელს სხვა ბიზნესებისგან, რითაც ირღვევა ჟურნალისტების უფლებები და ცალკეულ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ მფლობელები მედიას პირადი ბიზნეს თუ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
სამწუხაროდ, ქართული ტელევიზიები ვერ ჩამოყალიბდნენ ფინანსურად მდგრად და დამოუკიდებელ ბიზნეს ორგანიზაციებად. შესაბამისად, მფლობელის კუთვნილ სხვა ბიზნესში წარმოქმნილი პრობლემები, პირდაპირ აისახება ტელევიზიის ფინანსურ სტაბილურობაზეც. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისა და კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ტელევიზიების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა აღნიშნულმა ტენდენციამ პოზიტიური ზეგავლენა ვერ მოახდინა მედია გარემოს დეპოლიტიზირებაზე.
რეკომენდაციები:
- ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედია კომპანიებისა და მათი მფლობელების წინააღმდეგ სხვადასხვა ბერკეტის გამოყენება მათთვის ე.წ. ბიზნეს თუ ფინანსური ხასიათის პრობლემების შესაქმნელად;
- პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მედიის მფლობელობა, შეწყვიტონ სატელევიზიო მედიის საქმიანობაში ჩარევა მათთვის სასურველი სარედაქციო პოლიტიკის გასატარებლად;
- ტელევიზიის მფლობელებმა მკაფიოდ უნდა გამიჯნონ სატელევიზიო და სხვა ბიზნეს საქმიანობა, რათა არ მოხდეს მაუწყებლისა და მასში დასაქმებული ჟურნალისტების ინსტრუმენტალიზება ვიწრო პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესების გასატარებლად;
- მედია პლურალიზმისა და პროფესიული ჟურნალისტიკის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია მედიის მფლობელებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა აამაღლონ ჟურნალისტების ცოდნა ეთიკური სტანდარტების შესახებ.