ENG

თიბისი ბანკზე პარლამენტში ჩაშლილი დისკუსია საკითხის პოლიტიზირების ეჭვებს აღრმავებს

26 თებერვალი, 2019

 

26 თებერვალს, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში თიბისი ბანკის საქმის  და ახალ საბანკო რეგულაციებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენების განხილვა ვერ შედგა. სხდომას ესწრებოდნენ TBC ბანკის აქციონერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომელთაც არ მიეცათ შესაძლებლობა  საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამ საქმეზე დამატებითი განმარტებები გაეკეთებინათ. საბოლოოდ, საზოგადოებამ  ძირითადი აქტორებისგან ვერ მიიღო ინფორმაცია TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, რამაც  საქმის პოლიტიკურ მოტივაციებთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა.

თავდაპირველად, სხდომის ჩატარების ფორმატი ღია იყო. სხდომის დასაწყისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა საუბარს ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ ზოგიერთ ქმედებაზე, რადგან ამას შესაძლოა  თიბისი ბანკის და ზოგადად საბანკო სისტემის ინტერესები დაეზიანებინა. ამას მოჰყვა უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის, კერძოდ მმართველი პარტიის წამყვანი დეპუტატების არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის და დავით მათიკაშვილის მოთხოვნა სხდომის დახურვის თაობაზე სებ-ის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული საფრთხეების გათვალისწინებით, რასაც არ დაეთანხმნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე მმართველი პარტიის ზოგიერთი დეპუტატი, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. ცხარე დისკუსიის ფონზე, თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა, ხოლო სხდომის განახლების შემდეგ მას და მმართველი ძალის უკვე ყველა დეპუტატს შეცვლილი ჰქონდა პოზიცია: კომიტეტის თავმჯდომარემ ღია კენჭისყრაზე დააყენა სხდომის დახურვის შესახებ მოთხოვნა, თუმცა კენჭისყრის ჩატარებამდე, პროცედურულ  საკითხებზე ცხარე კამათის  მიმდინარეობისას, მოულოდნელად დაასრულა სხდომა და დარბაზი დატოვა.

საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე დაესწროს კომიტეტის სხდომას და პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომიტეტზე უმცირესობაში შემავალმა ფრაქციებმა დაიბარეს, თუმცა უმრავლესობის წევრები შეეწინააღმდეგნენ  სხდომაზე  კითხვის დასმას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება რეგლამენტს. 

ჩაშლილი სხდომის შედეგად, დღეს პარლამენტმა:

  •  არ მოისურვა მაკონტროლებლის ფუნქციის განხორციელება
  • არ მისცა საზოგადოებას საშუალება მეტი ინფორმაცია მიეღო TBC-ის საქმესთან დაკავშირებით
  • არ შეეცადა TBC ბანკის მიმართ საქართველოს პროკურატურისა და ეროვნული ბანკის  მიკერძოებულ და პოლიტიზირებულ დამოკიდებულებაზე არსებული ეჭვების გაფანტვას. 

სამწუხაროდ, პარლამენტში განვითარებული მოვლენების ფონზე,  საქმის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით ეჭვები კიდევ უფრო გაღრმავდა. საგულისხმოა, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მხრიდან დღეს და წინა პერიოდში გაკეთებული განცხადებები, სადაც ისინი   მათ წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევაზე და იმის შესახებ საუბრობდნენ, რომ ეროვნული ბანკი არ იყო თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, როცა მათ ხელმძღვანელი პოსტების დატოვება მოსთხოვა. ამ მომენტისთვის სახელმწიფოს არც ერთი მცდელობა საქმეში მეტი სიცხადის შეტანის  მიზნით დამაჯერებელი არ არის და კითხვები კვლავაც პასუხგაუცემელია.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ერთი მხრივ, ჯეროვნად შეასრულოს მაკონტროლებლის ფუნქცია და მეორეს მხრივ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, მისცეს საზოგადოებას საშუალება - მოისმინოს მაღალი ინტერესის მქონე საკითხთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციები.