თანამდებობის პირი ვასილ ხახულაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებასა და ბიზნეს საქმიანობას მალავს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თანამდებობის პირი ვასილ ხახულაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებასა და ბიზნეს საქმიანობას მალავს

15 მარტი, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ ვასილ ხახულაშვილმა 2024 წელს შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ მიუთითა და სრულად არ ასახა უძრავი ქონება.

დარღვევა I: ხახულაშვილი ბიზნეს წილებს ოთხ კომპანიაში ფლობს, რომელთაგან არც ერთი არ არის ასახული დეკლარაციაში. საყურადღებოა, რომ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ მან არც 2022 და 2023 წლის დეკლარაციებში არ მიუთითა:

  1. შპს აი გაზი - 25%
  2. შპს აი გაზი+ - 50%
  3. შპს გაზი 555 - 49%
  4. შპს გაზი 555+ - 49%

დარღვევა II: ვასილ ხახულაშვილმა მის მფლობელობაში არსებული ბიზნესწილები მართვის უფლებით არ გადასცა მესამე პირს, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის პირდაპირი დარღვევაა.

დარღვევა III: ვასილ ხახულაშვილმა დეკლარაციაში სრულად არ ასახა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. კერძოდ, მან არ მიუთითა ქალაქ მარნეულში მის საკუთრებაში არსებული 1400 და 1460 კვ.მ მიწის ნაკვეთები.

საინტერესოა ისიც, რომ 2016 წელს ხახულაშვილმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა გიორგი ქოიავამ პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” 20-20,000 ლარი შესწირეს. 

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ვასილ ხახულაშვილი, როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ვასილ ხახულაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება.

print