ENG

მაღალ დონეზე კორუფციის პრევენციისთვის საქართველოს ეფექტური პოლიტიკა ჭირდება

09 დეკემბერი, 2017

განცხადება კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

9 დეკემბერს მსოფლიო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. კორუფცია სერიოზული დანაშაულია, რომელიც აფერხებს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, სიღარიბის დაძლევას, სახელმწიფოს რესურსების გონივრულ მართვას და საჯარო სერვისების ეფექტურ მიწოდებას.

მიუხედავად 2004 წლიდან დღემდე ამ სფეროში განხორციელებული რეფორმებისა, კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში. მართალია წვრილმანი მექრთამეობა ჩვენ ქვეყანაში დღეს უკიდურესად იშვიათია, მაგრამ კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხეები კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმების მხრივ, განსაკუთრებით ხელისუფლების მაღალ დონეზე.

იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც საქართველოში მაღალი დონის კორუფციის რისკებს განაპირობებს, აღსანიშნავია დემოკრატიული კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემის ხარვეზები, რაც, თავის მხრივ, საკვანძო ინსტიტუტების (პირველ რიგში პარლამენტისა და სასამართლოს) სისუსტის შედეგია. კორუფციის პოტენციურ წყაროდ რჩება არასათანადოდ დარეგულირებული კავშირები თანამდებობის პირებსა და კერძო კომპანიებს შორის, ხოლო სამართალდამცავ უწყებებს არ შესწევთ მაღალი დონის კორუფციის ეფექტურად გამოძიების უნარი პოლიტიკური ხელძღვანელობისგან არასაკმარისი დამოუკიდებლობის გამო. გამოწვევად რჩება საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის, პატრონაჟისა და ფავორიტიზმის აღმოფხვრა და მისი ჩამოყალიბება დამოუკიდებელ და პროფესიონალიზმზე დაფუძნებულ ინსტიტუტად.

კორუფციასთან ბრძოლის სფეროში შემდგომი პროგრესის მისაღწევად საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ანტიკორუფციული პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმირება და ამავე დროს გადადგას ნაბიჯები უფრო პლურალისტური და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნისაკენ, კერძოდ:

  1. უზრუნველყოს პარლამენტისა და სასამართლოს საზედამხედველო როლის გაძლიერება

  2. ხელი შეუწყოს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას და უფრო თანაბარი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას

  3. პატივი სცეს საკვანძო საზედამხედველო ინსტიტუტების (მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პროკურატურის) დამოუკიდებლობას

  4. შექმნას ძლიერი და დამოუკიდებელი უწყება კორუფციის (განსაკუთრებით მაღალი დონის კორუციის) გამოძიების ფუნქციით და ზოგადად უზრუნველყოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის ნორმების ეფექტური შესრულება პრაქტიკაში

  5. გადადგას ქმედითი ნაბიჯები რეალურად დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შესაქმნელად

  6. მთავრობსა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით მიიღოს კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები

  7. მიიღოს ზომები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროებში არსებული კორუფციის რისკების შესამცირებლად

  8. ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მედიისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებას