ENG

კომუნიკაციების კომისიის ქმედებები საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს

28 სექტემბერი, 2018

 

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 25 სექტემბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აკრიტიკებს „რუსთავი 2“-ზე უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილ დროს, ხოლო ცალკე წერილში მაუწყებლებში გასაშვები რეკლამების შინაარსს. იმავე დღეს, კომისიის თავმჯდომარე წერილებს უგზავნის ყველა მაუწყებელს და სამაუწყებლო ბადიდან სამი სარეკლამო ვიდეორგოლის ამოღებას თხოვს მათი კანონთან შეუსაბამობის მოტივით. მიგვაჩნია, რომ ორივე ქმედება ეჭვქვეშ აყენებს მარეგულირებლის ინსტიტუციურ მიუკერძოებლობას და შეიცავს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის განცხადება და თავმჯდომარის წერილი მაუწყებლებისადმი არ წარმოადგენს სამართლებრივ აქტს და შესაბამისად არ წარმოშობს იურიდიულ შედეგებს. შესაბამისად, სახეზე გვაქვს კომისიის და მისი თავმჯდომარის ერთგვარი რეკომენდაცია, რომელიც მიმართულია კონკრეტული მაუწყებლებისა და პოლიტიკური გაერთიანებების შეზღუდვისაკენ.

ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა, კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც მარეგულირებელი შეშფოთებას გამოხატავს “რუსთავი 2”-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით. მართალია, მისსავე განცხადებაში  კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლის გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოდის, მაგრამ კომისია შეშფოთებულია, რომ კვალიფიციური სუბიექტის მიერ „რეკლამა მიმართულია მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ანტირეკლამაზე და მისი არჩევის ხელშეშლას ემსახურება”.  აღნიშნულ საპრეზიდენტო კანდიდატად კომისია სალომე ზურაბიშვილს გულისხმობდა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება”  უჭერს მხარს.

საარჩევნო კოდექსში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა განმარტებულია, როგორც მედიაში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, შესაბამისად, არგუმენტს მოკლებულია კომისიის შეფასება ამ მიმართულებით, რადგან საარჩევნო სუბიექტებს სრული უფლება აქვთ განათავსონ სხვა კანდიდატების ხელისშემშლელი რეკლამა. მაუწყებელი, ასევე, უფლებამოსილია კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, რომელსაც „რუსთავი 2” არ არღვევს, გაზარდოს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების დრო და ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უფლება მისცეს არადისკრიმინაციულად განათავსონ რეკლამა.

რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის მიერ ტელევიზიებისთვის გაგზავნილ წერილებს, აქ ბექაური განიხილავს სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის არჩევის ხელშეშლას ისახავს მიზნად. თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რგოლების ამ ფორმით განთავსება ეწინააღმდეგება კანონს და, შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მათი ამოღება. წერილში ბექაურს მოყვანილი აქვს შემდეგი არგუმენტები:

  1. ერთ სარეკლამო რგოლში პოლიტიკური გადაცემის წამყვანის ინგა გრიგოლიას გადაცემიდან ნაწყვეტი არის გამოყენებული. კანონმდებლობა კი საინფორმაციოს ჟურნალისტის ან წამყვანის რეკლამაში ან ტელეშოპინგში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობას კრძალავს.

    კანონმდებლობა ნამდვილად უკრძალავს საინფორმაციოს წამყვანს რეკლამაში მონაწილეობას, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს იმ სატელვიზიო გადაცემიდან ამონარიდის გამოყენებას, რომლის მიზანსაც არანაირად არ წარმოადგენდა ჟურნალისტის რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სარეკლამო რგოლში მონაწილეობა.
  2. კომისია მეორე რეკლამაზე ამბობს, რომ ზურაბიშვილის მიმართ გამოყენებულია შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და ის მოხსენიებულია მოღალატედ, „რაც არღვევს ზნეობრივ ნორმებს და ბღალავს ფიზიკურ პირს“.

    ჩვენი აზრით, ვინაიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო პრინციპებით პოლიტიკური შინაარსის  განცხადებები საჯარო პირის მიმართ გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტით არის დაცული, მსგავსი ფრაზები ზნეობრივი ნორმების დარღვევად არ უნდა იქნეს მიჩნეული.
  3. ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში გამოყენებული ცალკეული შეფასებები უხამსი შინაარსის შემცველია.

    ცნება „უხამსობა” „მაუწყებლობის შესახებ” კანონში განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. ჩვენი აზრით, ისეთ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლს, რომელშიც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ ნათქვამი ფრაზა არის გამოყენებული მის საწინააღმდეგოდ ამომრჩევლის განსაწყობად, გააჩნია პოლიტიკური ღირებულება, მიუხედავად იმისა ცალკეული პირები ეთანხმებიან თუ არა მას. აქედან გამომდინარე, მსგავსი სახის რეკლამის განთავსება კანონთან შესაბამისია.

ამრიგად, ბუნდოვანია, როგორც კომისიის განცხადების, ასევე თავმჯდომარის წერილის ლეგიტიმური მიზნები, რადგან:

  • არც ერთი მათგანი არ არის მიმართული იურიდიული შედეგის დადგომისკენ;
  • კომისიის განცხადება უარყოფითად აფასებს კანონით სრულიად ნებადართულ ქმედებებს, თანაც იქვე აღიარებს, რომ კანონი არ დარღვეულა;
  • თავმჯდომარის წერილში ადგილი აქვს კანონის განმარტების მცდელობას მაშინ, როდესაც კომისიას ამ საკითხზე  არ უმსჯელია;
  • კომისიის განცხადებაც და თავმჯდომარის წერილიც  მიმართულია ტელევიზიებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქმედებების შეზღუდვისკენ.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ასეთი ქმედებები შეიძლება აღქმულ იქნეს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად, ვინაიდან ერთი საარჩევნო სუბიექტის ინტერესებს ემსახურება, ხოლო სხვა სუბიექტების ინტერესების საწინააღმდეგოდაა მიმართული. შესაბამისად, მოვუწოდებთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და მის თავმჯდომარეს, იმოქმედონ კანონით დადგენილ ფარგლებში, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადება/გადაწყვეტილებისაგან და მიუკერძოებლად განახორციელონ საკუთარი ფუნქციები.