ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შეფასება

01 დეკემბერი, 2017

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” შეისწავლა 2014 წლის 14 ივლისიდან 2017 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა.

ეს ანგარიში, ისევე როგორც წინა ანალოგიური კვლევები თბილისისა და ქალაქ ზუგდიდის წინა მოწვევის საკრებულოების საქმიანობის შესახებ, ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.

ძირითადი მიგნებები:

  • ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარდა 71 სხდომა, აქედან რიგგარეშე იყო 35 სხდომა.

  • საკრებულოს მხრიდან საზედამხედველო ფუნქციების განხორციელება სუსტია. არცერთხელ არ მომხდარა საკრებულოს სხდომებზე რიგგარეშედ ანგარიშვალდებული პირების დაბარება.

  • ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე გამოცემულია სულ 133 განკარგულება, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი წევრების, დიმიტრი მხეიძის, კობა ნარჩემაშვილისა და გენადი მარგველაშვილის ბიუროებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ქონების გადაცემის შესახებ.

  • საკვლევი პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა 7 თანამდებობის პირი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ბიზნეს საქმიანობასთან. შვიდივე თანამდებობის პირი “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” წევრები იყვნენ. მათ შორის, 2 თანამდებობის პირს, კერძოდ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ბექა ყანჩელსა და ქუთაისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს - ლელა ქელბაქიანს სრულყოფილად ჰქონდათ ასახული თავიანთი ბიზნეს წილები დეკლარაციებში. არასრულად შეავსო დეკლარაცია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ ლატარიამ, ხოლო დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითეს თავიანთი ბიზნეს წილები: ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ - დავით დვალმა, ქუთაისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ - თეიმურაზ ნადირაძემ და ქუთაისის საკრებულოს კომისიის კიდევ ერთმა თავმჯდომარემ - ირმა პეტრიაშილმა. ბიზნესკომპანიაში ხელმძღვანელ პოზიციას, კერძოდ, დირექტორის პოზიციას შპს “ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კოლეჯში” იკავებს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრი ირმა პეტრიაშვილი.

  • საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო არ შეუქმნია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის ვალდებულებას ითვალისწინებდა კანონმდებლობა.

  • საკვლევ პერიოდში პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა საკრებულოსა და კომისიის სხდომებზე საკრებულოს წევრების დასწრების საკითხიც.

  • საკრებულოს არცერთ კომისიას განსახილველი საკითხების შესაბამისად ექსპერტი ან სპეციალისტი არ მოუწვევია.

  • საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულოს მიერ მხოლოდ ერთხელ  - 2017 წლის 11 აგვისტოს იქნა მიღებული განკარგულება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ.

  • ქუთაისის საკრებულოს არ ჰქონდა დამოუკიდებელი ვებგვერდი. ქუთაისის მერიის ვებგვერდზე კი საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების შესახებ  მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია იყო მითითებული.

ვფიქრობთ, რომ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საქმიანობისას გამოვლენილი ხარვეზების, გამოწვევების, წარმატებული აქტივობებისა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს 2017 წლის 21 ოქტომბერს არჩეული ახალი საკრებულოს საქმიანობას.

მე-6 მოწვევის საკრებულოს შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოვუწოდებთ:

  • საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ხშირად უნდა იყენებდნენ კითხვის/შეკითხვის დასმის უფლებას, იბარებდნენ საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირებს.

  • ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა დახვეწოს მუშაობის საორგანიზაციო მხარე, შეამციროს რიგგარეშე სხდომების რაოდენობა და მასზე განსახილველი საკითხების რიცხვიც, რადგან აღნიშნული ხელს უშლის მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას და სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის მომზადების შესაძლებლობას.

  • საკრებულოს და მისი კომისიების სხდომებზე დეპუტატთა დასწრების მდგომარეობა საგრძნობლად უნდა გაუჯობესდეს.

  • აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაციები სრულყოფილად  შეავსონ.

  • ქუთაისის საკრებულოში უნდა შეიქმნას გენდერული თანასწორობის საბჭო.

  • საკრებულომ უნდა დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნა და დროებითი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის საერთო ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე მეტი.

  • აუცილებელია, რომ საკრებულოს ჰქონდეთ ოფიციალური ვებგვერდი, სადაც განთავსებული იქნება საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

  • მნიშვნელოვანია საკრებულომ გასცეს ზუსტი და სრული ინფორმაცია, რათა მისი საქმიანობა საზოგადოებისათვის იყოს გამჭვირვალე და ღია.

 

 

print