ENG

განცხადება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ

17 იანვარი, 2013

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდა, რის შემდეგაც, საზოგადოებაში გაჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ საჯარო სამსახურებშიც ­დაიწყებოდა სერიოზული რეორგანიზაცია. დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამსახურებში მართლაც სერიოზული ცვლილებები განხორციელდა ან მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელება ბუნებრივია, ბევრგან ეს პროცესები გაუმართლებელ სახეს იღებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ბევრ საჯარო უწყებაში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა უკვე დაკარგა სამსახური და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. გათავისუფლებები მიმდინარეობს როგორც დედაქალაქში, ასევე – რეგიონებში. აღნიშნული პროცესის დროს რამდენიმე საინტერესო ტენდენცია და ფაქტი გამოვლინდა, კერძოდ:

●  საჯარო მოსამსახურეების დიდი ნაწილი თვითონ წერს განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ, რასაც ადასტურებს დეკემბერში ჩვენ მიერ სხვადასხვა საჯარო უწყებიდან გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაცია (იხილეთ ცხრილი). იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონეა, აღნიშნული გარემოება გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რასაც ემატება გავრცელებული ინფორმაცია, რომ უმრავლეს შემთხვევაში ამ ადამიანებს ზემდგომი თანამდებობის პირები აიძულებენ განცხადების დაწერას. აღნიშნულ ფაქტებს ზოგ შემთხვევაში თანამდებობის პირები საჯაროდაც ადასტურებენ;

●  მედიასთან ურთიერთობისას გამოჩნდა, რომ რამდენიმე ახლადდანიშნული თანამდებობის პირი (მაგალითად, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე) კარგად არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც ხელქვეითზე ზეწოლის მოხდენა და სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს და წარმოადგენდეს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ-ს) 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების ან საზოგადოების ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასეთ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება ჯერ არ მომხდარა. თუმცა განათლების სამინისტროში ამგვარ ფაქტზე მოხდა რეაგირება და სამსახურის უფროსი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან, რაც ცალსახად პოზიტიური ფაქტია.

●  მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ძირითადად ოპერატიულად გასცემენ ინფორმაციას დათხოვნილ პირებთან დაკავშირებით, არის შემთხვევები როდესაც დათხოვნის მიზეზები სათანადოდ არ არის განმარტებული;

●  ყველაზე მეტი ადამიანი (493) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს. თუმცა სამინისტრომ დათხოვნის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა;

●  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კადრების განკარგულებაში გადაყვანილია 1115 ადამიანი. იმ შემთხვევაში, თუ მათთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება ალტერნატიული ადგილების შეთავაზება, ისინიც დათხოვნილთა სიაში მოხვდებიან;

●  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის წერილიდან გამოჩნდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების 17 ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა. მათგან ხუთს როტაციის ვადა გაუვიდა, ხოლო ორმა (თემურ იაკობაშვილმა და ალექსანდრე ლომაიამ) თავად გამოთქვეს თანამდებობის დატოვების სურვილი. რაც შეეხება დანარჩენ ათ ელჩს (ბელგიის სამეფოში, ევროპის საბჭოში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბულგარეთის რესპუბლიკაში, ლიტვის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ყაზახეთის რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში), მათი გამოწვევის მოტივი არ არის დასაბუთებული. დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით დიპლომატიური წარმომადგენლობა პარტიული ინტერესებისაგან თავისუფალია. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაასაბუთებს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების  მოთხოვნის მიზეზებს1;

●  მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები წესით მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაზე უნდა ასახულიყო, ხელისუფლების ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზეც მასობრივად მოხდა და ახლაც მიმდინარეობს, რასაც, თავის მხრივ, საჯარო სამსახურებში ბევრი საკადრო გადაადგილებაც მოყვა;

●  რეგიონებში სამსახურიდან დათხოვნები ძირითადად ხასიათდება იმით, რომ არ იქმნება საატესტაციიო კომისიები ან ასეთის არსებობის შემთხვევაში არ არის უზრუნველყოფილი მათი მიუკერძოებლობა; ზეპირი ატესტაციის დროს ისმება შეკითხვები, რომლებიც საჯარო მოხელის შვებულების დროს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.

●  რეგიონებში საჯარო სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღების დროს ხშირად იკვეთება ნეპოტიზმი, ანუ კადრების შერჩევა არა კვალიფიკაციის, არამედ – ნათესაური კავშირების ნიშნით.

გარდა ზემოთ მოცემული ზოგადი სტატისტიკისა და საინტერესო ტენდენციებისა, აჭარასა და სამეგრელოში ამ კუთხით მიმდინარე მოვლენების შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციაც მოვიპოვეთ. 

 

აჭარა

ჩვენ მიერ ამ დროისათვის მოპოვებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის აპარატში 11 ადამიანი გათავისუფლდა თანამდებობიდან საკუთარი განცხადებით, მათ შორის მხოლოდ 2 სხვა თანამდებობაზე გადასვლის მიზნით, ერთი კი ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს სამსახურში ზედიზედ რამდენჯერმე გამოუცხადებლობის გამო.

2013 წლის 5 იანვარს აჭარის უმაღლეს საბჭოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა საბჭოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. მისი განცხადებით, ამ უწყებიდან გათავისუფლებულ იქნა 71 თანამშრომელი. თუმცა, არც ოპოზიციის და არც უმრავლესობის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც გავარკვიეთ, დაახლოებით 20-25 თანამშრომელს გაუვიდა ხელშეკრულების ვადა, ასევე, ზოგ შემთხვევაში (10-მდე) შტატი გაუქმდა, მაგალითად, ფრაქციის აღარ არსებობის გამო. დანარჩენთაგან დიდი ნაწილი კვლავ უმაღლეს საბჭოში მუშაობს.

ამჟამად უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს ატესტაციის პროცესი. კანონით, ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს წერილობით ან ზეპირად. უმაღლესი საბჭო კი ატარებს მხოლოდ ზეპირ გასაუბრებებს. სამწუხაროდ, საატესტაციო კომისიაში არ არის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მისასალმებელია, რომ შემადგენლობაში არის ერთი ოპოზიციის წევრი, თუმცა ეს მხოლოდ უკანასკნელ მომენტში მოხდა. ასევე მისასალმებელია, რომ არასამთავრობო სექტორს გასაუბრებაზე დასწრების შესაძლებლობა მაინც მოგვეცა.

ამ ეტაპზე შეინიშნება ტენდენცია, რომ გასაუბრების დროს კითხვების ნაწილი არაა პროფესიული ხასიათის, ეხება პარტიულ საქმიანობას და პოლიტიკასთან კავშირს. ამასთანავე, ხშირია ისეთი შეკითხვები, როგორიცაა, რატომ არ ისარგებლეს კუთვნილი შვებულებით მოხელეებმა; რატომ ისარგებლეს წინასაარჩევნო პერიოდში ან რატომ გამოიყენეს შვებულება პარტიული ან საარჩევნო საქმიანობისათვის. შეინიშნება ისეთი შეკითხვებიც, რომლებიც არ ეხება საჯარო მოხელის პროფესიულ საქმიანობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დააკვირდება ატესტაციის პროცესს უმაღლეს საბჭოში და ასევე ყურადღებას მივაქცევთ საკადრო ცვლილებებს სხვა უწყებებში. იმედს ვიტოვებთ, გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მოხელეთა პროფესიონალიზმის და არა პოლიტიკური მოტივების გათვალისწინებით.  

 

სამეგრელო

ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ დრომდე არ ჩამოუყალიბებია საკონკურსო-საატესტატო კომისია, რომელმაც უნდა შეარჩიოს გამგებლის კანდიდატები და წარადგინოს სხდომაზე. კომისიის შექმნას კანონმდებლობა ითვალისწინებს, თუმცა საკრებულო არ ჩქარობს. ჩვენ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, თუ როდის დასრულდება პროცესი. შესაბამისად, კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ედიშერ თოლორაია ამ დრომდე აგრძელებს გამგებლის მოვალეობის შესრულებას - ის ამ საქმიანობას 2012 წლის 24 დეკემბრიდან, მას შემდეგ შეუდგა, რაც 18 დეკემბერს თანამდებობა დატოვა ყოფილმა გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ.

ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ 14 იანვარს ჩვენი კოორდინატორები შეხვდნენ ედიშერ თოლორაიას. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ არ აპირებს სამსახურიდან გაათავისუფლოს ის ადამიანები, ვინც მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა თანამდებობაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ - მიზეზად თოლორაია მათ კვალიფიკაციას, გამოცდილებას და ამასთან, ადამიანურ ფაქტორს ასახელებს.

მიუხედავად ამ დაპირებებისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაარკვია, რომ გასულ კვირას თოლორაიამ საგანგებო თათბირი მოიწვია, რომელსაც ესწრებოდნენ აპარატის თანამშრომლები და გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელები. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ყველა მათგანს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, ასევე, მოუწოდათ, მათდამი დაქვემდებარებული პირები დაერწმუნებინათ იგივეში. როგორც ჩანს, ყველა თანამშრომელმა ეს მოთხოვნა შეასრულა, თუმცა არის ერთი გარემოება - განცხადებებში არ მიათითებინეს თარიღი, მეტიც, ეს თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას და ხელს აწერენ ოფიციალურ დოკუმენტაციას.

საბოლოოდ თოლორაიამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ თანამშრომლებმა მართლაც დაწერეს განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არ განმარტავს, რატომ მოხდა ეს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ არ აპირებს მათ გათავისუფლებას - ირწმუნება, რომ ელოდება საკონკურსო-საატესტატო კომისიის მუშაობის დაწყებას და ატესტაციის ჩატარების შესაბამისად მათ უმრავლესობას დატოვებს. ასე რომ, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის აზრები ერთმანეთს ეწინააღმდეგება - თუ სურს ყველა დატოვოს სამსახურში, გაუგებარია რატომ დააწერინა მათ განცხადებები. განცხადებების დაწერის იძულების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაშიც გავრცელდა, თუმცა მხოლოდ ერთადერთი საჯარო მოხელე ადასტურებდა, რომ მსგავსი რამ მოხდა - სხვებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს ან უარყვეს ინფორმაცია.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ედიშერ თოლორაიამ გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის უფროსად კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მისი ნათესავი გოჩა კეკუტია დანიშნა. ასევე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დაინიშნა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მდივნის თანამდებობაზე, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად კი საინფორმაციო პორტალ „ინფო 9“-ის ყოფილი კორესპონდენტი ზუგდიდში მაია ღურწკაია იქნა წარდგენილი.

თოლორაიასთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი საკითხი: დებულების თანახმად, გამგებელს მხოლოდ ორი მოადგილე უნდა ჰყავდეს, ამჟამად კი ეს რიცხვი სამამდეა გაზრდილი - როგორც აღმოჩნდა, საკრებულო საგანგებოდ შეიკრიბა რიგგარეშე სხდომაზე და დებულებაში ეს ცვლილება სახელდახელოდ შეიტანა. შედეგად, ედიშერ თოლორაიას დღეს სამი მოადგილე ჰყავს, სამივე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია. კერძოდ, ქართული ოცნებისზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მერაბ ქვარაია, „რესპუბლიკური პარტიისზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა დათავისუფალი დემოკრატებისადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი გიზო სართანია. გამგებლის ყოფილი მოადგილეები რუსლან კილასონია და დარეჯან გაბედავა ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას მუნიპალიტეტის გამგეობაში სხვა თანამდებობებზე.

საინტერესოა ისიც, რომ თოლორაიას ერთ-ერთ მოადგილე მერაბ ქვარაია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი. ასეთი სტატუსის მქონე ადამიანის საჯარო სამსახურში მუშაობა კანონით იკრძალება. ქვარაია 2005 წლის 26 აგვისტოს დააპატიმრეს. მას ბრალი ედებოდა 2001 წელს ზუგდიდის საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში. მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით. მერაბ ქვარაიამ მსაჯვრის მოხდის შემდეგ საპატიმრო 2012 წლის 24 თებერვალს დატოვა. კითხვა ქვარაიას ნასამართლეობასთან დაკავშირებით გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ჩვენც დავუსვით, თუმცა თოლორაია ამბობს, რომ მოადგილეებს ჯერ არ წარმოუდგენიათ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

ხობი

ზუგდიდის მსგავსად, საკონკურსო-საატესტატო კომისია არც ხობში ჩამოყალიბებულა, თუმცა იქ საჯარო მოსამსახურეთა გათავისუფლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს - 5 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 9 სამსახურის უფროსმა და 22 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ასევე პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წავიდნენ საკრებულოს აპარატის 8 თანამშრომელი.

წალენჯიხა

ცვლილება შეეხო წალენჯიხის მუნიციპალიტეტსაც - საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ გამგებლის თანამდებობის ვაკანსიაზე კანდიდატად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გოგა გულორდავა დაასახელა. პირველი ეტაპის შემდეგ კომისიამ სულ 14 კანდიდატურა დაასახელა. გულორდავა 2007 წელს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს და რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. როგორც საჯარო განცხადებიდან ჩანს, გულორდავა მისი საქმის გადახედვას მოითხოვს, მას ამჟამად ნასამართლეობა მოხსნილი აქვს.

აბაშა

აბაშაში საკონკურსო-საატესტატო კომისია ყველაზე ადრე ჩამოაყალიბეს და გამგებლის კანდიდატურაც დაასახელეს, თუმცა მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქციები სწორედ ამ კანდიტატურის დასახელებას მოყვა. გოჩა ჭანტურიას უნდობლობას უცხადებენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები, რომელთა ნაწილმაც საპროტესო აქციების შემდეგ შიმშილობა დაიწყეს. თავად ჭანტურია უარყოფს ბრალდებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით მოხვდა ახალ თანამდებობაზე, მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლები კი მას ყოფილი ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური სიმპატიის გარდა, არაკომპეტენტურობაშიც ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მას საჯარო მოხელისთვის აუცილებელი არც განათლება აქვს და არც გამოცდილება. გოჩა ჭანტურიასთან ერთად მოშიმშილეები საკრებულოს თავმჯდომარის დავით თოფურიას უპირობოდ გადადგომასაც ითხოვენ. კოალიციის მხარდამჭერებს გამგებლის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავთ - ირაკლი რუხაძე, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს აბაშაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობდა.

 

რეკომენდაციები

 

●    საჯარო სამასახურების ხელმძღვანელმა პირებმა გადაწყვეტილებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაასაბუთონ. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის მდგრადი და სტაბილური საჯარო სამსახურის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატი ძირითადად იგივე უნდა იყოს და ცვლილებები უმეტესწილად პოლიტიკური და ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს შეიძლება შეეხოს. ამის შესახებ ხელისუფლების სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირებიც საუბრობდნენ. საჯარო სამსახურის პოლიტიზებას საქართველოს კანონმდებლობაც კრძალავს და პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა ან ერთი ადამიანის მეორეთი ჩანაცვლება დაუშვებელია. საჯარო სამსახურიდან ადამიანის გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუკი პირს დაუმტკიცდება კანონის, შიდა განაწესის ან სხვა სახის სერიოზული  დარღვევა ან თუ მას არ გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია.

●    ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებმა საკადრო ცვლილებები უნდა განახორციელონ მხოლოდ კონკურსისა და ატესტაციის გზით და მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად დაასაბუთონ, ასევე მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას ახლადაყვანილი პირების სამსახურებრივი გამოცდილების შესახებ;

●    აუცილებელია სამართალდამცავმა ორგანოებმა, სათანადო რეაგირება მოახდინონ საჯარო სამსახურებიდან უკანონოდ დათხოვნის, მათ შორის, განცხადების დაწერის იძულების გახშირებულ ფაქტებზე;

   პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა კიდევ ერთხელ უნდა მოუწოდონ თავის აქტივისტებს და მომხრეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და საჯარო სამსახურების მუშაობის ხელის შეშლისგან;

●    სასურველია პრემიერ მინისტრის აპარატთან შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს საჯარო სამსახურში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს რეგიონებს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლავაც აქტიურად მიადევნებს თვალს საჯარო სამსახურებში საკადრო პოლიტიკის საკითხებს და ახლო მომავალში ამ თემაზე შემოგთავაზებთ სრულყოფილ კვლევას.

ვთხოვთ იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ მათ სამსახურში უკანონოდ ან უსამართლოდ მოექცნენ (გაათავისუფლეს, დააქვეითეს, განცხადება დააწერინეს), მოგვაწოდონ ინფორმაცია ელექტრონული განცხადების საშუალებით, რომლის ნახვაც შესაძლებელია ამ გვერდზე: http://transparency.ge/kitkhvari-sajaro-datsesebulebebidan-datkhovna.



1იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება

 

elections