„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას
დღეს ბრიუსელში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
ასოცირების შეთანხმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებითად ახალი ეტაპის დაწყებას მოასწავებს.
ასოცირების შეთანხმება გულისხმობს ინსტიტუციური რეფორმების დაჩქარებას დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის სფეროში, ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ასევე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, სურსათის უვნებლობა და სხვა. ამდენად, ეჭვგარეშეა, რომ ასოცირების შეთანხმება დადებითად აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე.
ამავე დროს, ასოცირების შეთანხმება უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესის სექტორს, მედიას და სხვა ჯგუფებს, რადგანაც შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება საზოგადოების კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება ისტორიულ შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს ამ ისტორიულ დღეს. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.