კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში კვლავ ბევრი ხარვეზია
მას შემდეგ რაც თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში გარკვეული ხარვეზები აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ ქვეყნის მასშტაბით სხვა ოლქების ოქმებისთვისაც გადაგვეხედა. ამ მიზნით შევარჩიეთ ის რეგიონები, საიდანაც დარღვევების შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია მოგვდიოდა, კერძოდ, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო და კახეთი. გადამოწმებისთვის შეირჩა 25 ოლქის 1076 უბანზე მხოლოდ საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების ოქმები, ასევე, მარნეულის გამგებლის არჩევნები გაყალბების გახმაურებული ფაქტის გამო. ამომრჩეველთა ხმების დათვლისას შემდეგი ხარვეზები გამოიკვეთა:
1. სხვაობა, ერთი მხრივ, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასა და, მეორე მხრივ, მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამს შორის
შემაჯამებელი ოქმების ანალიზმა გვაჩვენა, რომ უმეტესწილად მარნეულში, ზუგდიდში, ახალქალაქში და ახალციხეში არის არაერთი შეუსაბამობა და ხარვეზი. ყველა პრობლემურ ოლქში იკვეთება ერთი მთავარი ხარვეზი: სხვაობები საუბნო ოქმების მიხედვით არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასა და ხმებისა და ბათილი ბიულეტენების დაჯამებით მიღებულ რაოდენობას შორის, მაგალითად, ახალციხის მე-7 უბანზე ეს სხვაობა შეადგენს 100-ს.ზემოაღნიშნული ოლქებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შეუსაბამობებია მარნეულის როგორც პროპორციულ, ისე გამგებლის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
ყველა შერჩეული ოლქის საუბნო პროპორციული ოქმების მიხედვით, სხვაობები არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასა და ხმებისა და ბათილი ბიულეტენების დაჯამებით მიღებულ რაოდენობას შორის არის 1529, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველი კი - 409,782.
2. დაგვიანებული ახსნა-განმარტებები და შესწორების ოქმები
- მარნეულის ოლქის 1-ელ, მე-4, მე-15, 33-ე, 75-ე,79-ე უბანზე, თელავის 54-ე უბანზე, ბოლნისის მე-11 უბანზე ახსნა-განმარტებები დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით დაწერილია არჩევნების დასრულებიდან მეორე ან მესამე დღეს (17-18 ივნისს).
- ზოგ შემთხვევაში საუბარია ისეთ დასაბუთებაზე და შეცდომაზე, რომლის დაშვებაც ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგ., მარნეულის 1-ელ უბანზე მდივანი პროპორციულ ოქმში უთითებს, რომ 46-ის ნაცვლად უნდა ჩაეწერა 19; მე-4 უბნის პროპორციულ ოქმში თავმჯდომარე უთითებს, რომ 62-ის ნაცვლად უნდა ჩაეწერა 22; 33-ე უბნის პროპორციულ ოქმში თავმჯდომარე უთითებს, რომ 493-ის ნაცვლად უნდა ჩაეწერა 182, ხოლო 182-ის ნაცვლად 500; 75-ე უბნის პროპორციულ ოქმში თავმჯდომარე უთითებს, რომ 43-ის ნაცვლად უნდა ჩაეწერა 14; 79-ე უბნის პროპორციულ ოქმში თავმჯდომარე უთითებს, რომ 109-ის ნაცვლად უნდა ჩაეწერა 34; 28-ე უბნის პროპორციულ ოქმში მითითებულია, რომ 2-ის ნაცვლად ჩაეწერათ 236.
3.გადასწორებული ოქმები
მარნეულის საარჩევნო ოლქის მე-6, მე-12, მე-14, 55-ე, 58-ე, 69-ე 80-ე და 85-ე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებში აღინიშნება გადასწორებული რიცხვები შესაბამისი შესწორების ოქმების გარეშე.
მარტვილის 23-ე უბანზე ოქმში ჩასწორებულია არჩევნებზე მოსულთა რაოდენობა, მაგრამ არ აქვს თანდართული ახსნა-განმარტებითი ბარათი.
4. ბათილი ბიულეტენების დიდი რაოდენობა
პრობლემურია ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ცვლა, რასაც არაერთ ოლქში ჰქონდა ადგილი. ჩვენს მიერ შესწავლილ 25 ოლქში ბათილი ბიულეტენების საერთო რაოდენობა არის 21,719.
სხვაობები საუბნო ოქმების მიხედვით არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასა და ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამს შორის, 25 ოლქი
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 25 ოლქის მიხედვით
ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ხარვეზები სხვადასხვა მიზეზებით იყო გამოწვეული. ოქმებში ბალანსთან არსებული პრობლემები და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ცვლა შესაძლოა გარკვეული მანიპულაციების შედეგი ყოფილიყო. თუმცა ასევე არ გამოირიცხება ტექნიკური მიზეზებით განპირობებული ხარვეზებიც. მნიშვნელოვანია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოსაწოროს ხარვეზები და გარკვეულ შემთხვევებში მოახდინოს უბნების ახლიდან გადათვლა.
