მარნეულის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს რეგისტრაცია უნდა აღუდგეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მარნეულის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს რეგისტრაცია უნდა აღუდგეს

07 ივნისი, 2014

 

მიმდინარე წლის 5 ივნისს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს. ამ ფაქტს წინ უძღოდა პარტიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ცესკოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უარყოფითად შეფასდა. გვსურს, შემოგთავაზოთ მარნეულის გამგებლობის კანდიდატისთვის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლების ანალიზი და ჩვენი დამოკიდებულება ამ ფაქტთან დაკავშირებით.

საკითხის ანალიზისას მნიშვნელოვანია ქრონოლოგიურად წარმოვადინოთ მოვლენები:

16 მაისი – მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებაში აღნიშნული იყო, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება განკარგულების გამოცემიდან ერთ დღეში იყო შესაძლებელი.

31 მაისი – ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ორგანიზაციამ“ საჩივრით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა 16 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა – იმამკულიევის რეგისტრაციიდან მოხსნა, იმ მიზეზით, რომ არჩევნების დანიშვნის დღემდე იმამკულიევი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოში საქართველოს საარჩევნო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 17 მაისს იყო გასული, თავმჯდომარემ საკუთარი ინიციატივით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

იმავე დღეს კომისიის თავმჯდომარემ დაიწყო ინფორმაციის შეგროვება იმამკულიევის საქართველოში მუდმივად ყოფნასთან დაკავშირებით და ამ მიზნით მიმართა შსს-ს სასაზღვრო პოლიციას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2012 წლის იანვრიდან 2014 წლის აპრილამდე იმამკულიევი 7-ჯერ იყო ქვეყნიდან გასული. იმამკულიევმა საზღვარგარეთ ყველაზე დიდ ხანს ოთხ თვემდე დაჰყო (ის 16/10/2012-დან 11/02/2013-მდე ალმა-ატაში იმყოფებოდა). მისი განცხადებით, ეს ვიზიტები მის სამეწარმეო საქმიანობას უკავშირდება, რის დამადასტურებლად მან ფინანსური დოკუმენტაცია წარმოადგინა.

5 ივნისი –  მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, განკარგულებით გააუქმა იმამკულიევის რეგისტრაცია. 

ცნობისათვის, რამდენიმე კვირის წინ ცესკომ კოალიციის „ქართული ოცნება” ფოთისა და რუსთავის მერობის კანდიდატები ირაკლი კაკულია და დავით ჯიქია რეგისტრაციიდან არ მოხსნა (იხილეთ ბლოგპოსტი: ცესკომ მერობის კანდიდატების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები მიიღო). ცესკომ ამ საქმეებზე, იმის დასადგენად, აკმაყოფილებდნენ თუ არა ეს პირები საარჩევნო კოდექსით დადგენილ ორწლიან ცენზს, გამოიყენა საგადასახადო კოდექსის ნორმით განსაზღვრული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს რეზიდენტად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ 183 დღის განმავლობაში. ამასთანავე, საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივ ყოფნად ითვლება ის დროც, როცა პირი საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის სამკურნალოდ, დასასვენებლად, მივლინებით ან სასწავლებლად.

რადგანაც საარჩევნო კანონმდებლობაში კონკრეტულად არ არის გაწერილი, თუ რას ნიშნავს მუდმივად ცხოვრება, ჩვენ მივესალმეთ იმას, რომ ცესკომ პირდაპირ არ გაიგო საცხოვრებელი ცენზის ნორმის შესახებ რეგულაცია და არ მოხსნა ფოთისა და რუსთავის კანდიდატები. ვფიქრობთ, რომ იმამკულიევის შემთხვევაშიც, ცესკომ მსგავსი გადაწყვეტილება უმდა მიიღოს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ცესკოში გაასაჩივრა.

მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, იყოს თანმიმდევრული და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა გარემოების გათვალისწინებით, გააუქმოს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული განკარგულება აკმამედ იმამკულიევის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.