ENG

არასამთავრობო ორგანიზაციების ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებას ეხმაურებიან

24 ნოემბერი, 2016

 

ცესკოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ნოემბრის #221/2016 განკარგულებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვრა. აღნიშნული განკარგულება წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და უსაფუძვლოდ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას -  „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.“

მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ ვერ გადალახა კანონით დადგენილი 3%-იანი ბარიერი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაფინანსება ვერ მოიპოვა, კანონის არასწორი განმარტების პირობებში, აღნიშული განკარგულების საფუძველზე, ის მიიღებს დამატებით დაფინანსებას 300 000 ლარის ოდენობით და საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის წევრის ყოლის უფლებასაც მოიპოვებს. აღნიშნულის გამო, მაგალითად, პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატები“, რომელმაც გადალახა კანონით დადგენილი 3%-იანი ბარიერი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაფინანსებაც მოიპოვა, საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის წევრის ყოლის უფლებას დაკარგავს.  

უფრო მეტიც, გამოდის, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით ხდება ორი არჩევნების შედეგების დაჯამება ერთი პარტიის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტთან. ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პარტიას აქვს არჩევანის გაკეთების უფლება: დაფინანსების მისაღებად გამოიყენოს უკანასკნელი საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები.[1] ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მრეწველთა პარტია უალტერნატივოდ იყენებს ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს დაფინანსების მისაღებად, ვინაიდან, როგორც უკვე ითქვა, ამ პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით დაფინანსება ვერ მოიპოვა.  

რაც შეეხება დანამატს პარლამენტში ფრაქციის შექმნის გამო, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ფორმულით, რომელიც პარტიებისათვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობის გამოსათვლელად გამოიყენება, დამატებით 300 000 ლარის მიცემა არის შესაძლებელი იმ პარტიისათვის, რომელიც „..ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომლის წევრიც არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, თუ იგი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას.“

აღსანიშნავია, რომ  მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ორი ფრაქცია შეიქმნა: „ქართული ოცნება“, და „ქართული ოცნება - მრეწველები.“ მეორე ფრაქციაში „ქართული ოცნების“ ხუთი და საარჩევნო ბლოკის „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ მიერ წარდგენილი ერთი მაჟორიტარი დეპუტატი შევიდა. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით უნდა ჩაითვალოს ეს ფრაქცია პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მიერ შექმნილად. ასევე, ბუნდოვანია ჩანაწერი „თუ იგი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას“, რადგან კანონი არ განმარტავს, თუ როდის ითვლება ფრაქცია კონკრეტულად ერთი პარტიის მიერ შექმნილად.

და ბოლოს, საყურადღებოა ის გარემოება, რომ 2016 წლის 15 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე, მრეწველების პარტიიდან ცესკოში შესული კორესპონდენციის საფუძველზე, ცესკომ უპარტიო კანდიდატი შემაჯამებელ ოქმში პარტიულად მოიხსენია.  ცესკოს თავმჯდომარემ მიიღო და გამოიყენა პარტიების/ბლოკების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მაშინ, როდესაც არათუ პარტიის/ბლოკის რეგისტრაციის ვადები უკვე გასული, არამედ არჩევნები ჩატარებული იყო. სხვა შემთხვევაში, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საბუთების წარდგენისათვის საარჩევნო კოდექსით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში, ცესკო დოკუმენტებს, რა თქმა უნდა, არც განიხილავდა.


[1] კანონის თანახმად, პარტიის მიერი 3 %იანი ბარიერის გადალახვის შემდეგ, ის ბიუჯეტიდან დაფინანსებას სამი კომპონენტის მიხედვით მიიღებს. ესენია საბაზო ნაწილი, რომელიც წელიწადში 300 000 ლარია; პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის გამოყოფილი დანამატი დ მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისი კომპონენტი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია