დმანისის ყოფილ მერზე შეიარაღებული თავდასხმა პროკურატურამ სრულყოფილად უნდა გამოიძიოს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

დმანისის ყოფილ მერზე შეიარაღებული თავდასხმა პროკურატურამ სრულყოფილად უნდა გამოიძიოს

11 დეკემბერი, 2023

2023 წლის 1 ნოემბერს დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ამჟამად მოქმედი ხელისუფლების ოპოზიციაში იმყოფება, თავს დაესხნენ. ავტომანქანით გადაადგილებისას მას ავტომანქანით ორი პირი აედევნა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ტატუაშვილის განცხადებით მასზე თავდასხმის მიზეზი მისი ოპოზიციური საქმიანობაა, თავდამსხმელები კი მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერები – ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი არიან.[1]

კობა მენაბდიშვილი ს.ს. „რიჩ მეტალს გრუპის“ (RMG) წარმოების ყოფილი დირექტორი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ დმანისის საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით მენაბდიშვილის ძმაა. ზურაბ ოკმელაშვილი ფიგურირებს დმანისში, 2020 და 2021 წლების წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდში.[2]

გიორგი ტატუაშვილი 2017 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მერად „ქართული ოცნების" რიგებიდან აირჩიეს. ტატუაშვილი აგრეთვე მმართველი პარტიის დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. 2020 წლის აგვისტოში ის მმართველი პარტიიდან გარიცხეს. მანამდე მან მხარდაჭერა გამოუცხადა დეპუტატ კახა ოქრიაშვილს, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და „ნაციონალური მოძრაობის" ბლოკს შეუერთდა. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში გიორგი ტატუაშვილი ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" მერობის კანდიდატი იყო დმანისში.

დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომლის შედეგადაც მენაბდიშვილსა და ოკმელაშვილს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.[3] სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები ამ დრომდე არ არიან დაკავებულები.

გიორგი ტატუაშვილის განცხადებით მას ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვს და მიუთითებს გამოძიების მიმდინარეობისას არსებულ პრობლემებზე, მათ შორის სამეთვალყურეო კამერებიდან არასრულყოფილად ამოღებულ ინფორმაციაზე; გამოძიებას არ გამოუთხოვია ბრალდებულთა მობილური ტელეფონის მონაცემები მათი გადაადგილების მარშრუტის ანალიზისთვის; საქმეში არ არსებობს ბრალდებულთა მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია; გამოძიებას არ გამოუთხოვია ბრალდებულთა საბანკო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია და სხვა.

დმანისის ყოფილი მერი აგრეთვე გამოყოფს წარსულში მომხდარ რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს (მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს), რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2020 და 2021 წლების წინასაარჩევნო პერიოდებში, სადაც აგრეთვე იკვეთებოდა ზურაბ ოკმელაშვილის მონაწილეობა, თუმცა მმართველ პარტიასთან მისი მჭიდრო კავშირების გამო სამართალდამცავები არ ინტერესდებოდნენ მისი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებებით.

2021 წლის 21 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი დმანისის მერობის კანდიდატი და მაშინ მოქმედი მერი, გიორგი ტატუაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა, რა დროსაც, მისი განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის წევრები დაესხნენ თავს. ტატუაშვილის განცხადებით შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ ოკმელაშვილი იყო. დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაიჭრა ოპოზიციის ორი აქტივისტი. პოლიციამ ცივი იარაღის გამოყენებით ადამიანების დაჭრის გამო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე დაიწყო,[4] რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული დაუთაშვილი მოგვიანებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსდა,[5] საიდანაც რამდენიმე თვეში გათავისუფლდა.[6] შინაგან საქმეთა სამინისტროს ზურაბ ოკმელაშვილი ამ საქმესთან დაკავშირებით არ გამოუკითხავს.

2020 წლის 15 სექტემბერს ქალაქ დმანისში კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრს ომარ მუმლაძეს თავს დაესხნენ.[7] კახა ოქრიაშვილის და გიორგი ტატუაშვილის განცხადებით თავდამსხმელებს შორის იყო ზურაბ ოკმელაშვილი. თავდასხმის შედეგად ომარ მუმლაძემ მიიღო სხეულის დაზიანება. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა და და ის დააფიქსირა ვიდეომეთვალყურეობის კამერებმა.  დამნაშავეები არ დასჯილან, საქმესთან დაკავშირებით ოკმელაშვილი არც გამოუკითხავთ.

2020 წლის 21 ოქტომბერს დმანისის ,,ქართული ოცნების’’ შტაბში, აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე პირი დაიჭრა.[8] მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო. მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ ინციდენტის დროს სამი პირი „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ზურაბ ოკმელაშვილმა დაჭრა.[9] ამ ფაქტს მაშინ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ გამოეხმაურა და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირებისკენ.[10] საქმეზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ, დაზარალებულები განაცხადეს, რომ მათ სხეულის დაზიანება ყოფით ნიადაგზე მიიღეს  და უარყოფდნენ რაიმე სახის კონფლიქტის არსებობას.[11]

2024 წლის არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოში ჩატარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროინტეგრაციის გზაზე. ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, დაშინების და ძალადობის ყველა შემთხვევას მკაცრი და არაორაზროვანი პასუხი გასცეს, დამნაშავეების დაუსჯელობა აღქმული იქნება პოლიტიკური ნიშნით ძალადობის წახალისებად, რაც შეუქცევად ზიანს მიაყენებს 2024 წლის საარჩევნო გარემოს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას:

  • სრულყოფილად გამოიძიოს 1 ნოემბერს მომხდარი შეაიარაღებული თავდასხმა
  • შეისწავლოს ბრალდებულების შესაძლო კავშირი 2020 და 2021 წლებში საარჩევნო პერიოდში მომხდარ ძალადობრივ შემთხვევებთან
  • გაატაროს ყველა ღონისძიება ბრალდებულების დასაკავებლად.

 


[1] გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, თავს დაესხნენ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები, რომლებმაც მისი მანქანის მიმართულებით ოთხი გასროლა განახორციელეს, interpressnews.ge, 1.11.2023, https://www.interpressnews.ge/ka/article/776074-giorgi-tatuashvilis-gancxadebit-tavs-daesxnen-kartul-ocnebastan-daaxloebuli-pirebi-romlebmac-misi-mankanis-mimartulebit-otxi-gasrola-ganaxorcieles/

[2] ტერორი და თავდასხმები დმანისში, მთავარი არხი, 25.09.2021, https://www.youtube.com/watch?v=dBgQX7HcEgs

[3] პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, pog.gov.ge, 7.11.2023,

https://pog.gov.ge/news/prokuraturam-dmanisis-municipalitetshi-jgufurad-chadenili-ganzrax-mkvlelobis-mcdelobis-faqtze-or-pir

[4] შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი, Police.ge, 22.09.2021, https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministrom-dmanisis-munitsipalitetshi%C2%A0momkhdari-dachris-faqti-tskhel-kvalze-gakhsna-dakavebulia-1-piri/14924

[5] დავით დაუთაშვილის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ საჯაროდ დაუთაშვილის მამამაც ისაუბრა: იცოდნენ, ჩემი შვილი არ იყო საღად მოაზროვნე, ეგ უნდოდათ ზუსტად - დაუთაშვილის მამა დმანისის დაპირისპირებაზე, mtavari.tv, 24.09.2021, https://mtavari.tv/news/57589-itsodnen-chemi-shvili-ar-iqo-saghad-moazrovne-eg

[6] დმანისში, "ოცნების" დეპუტატის შვილი, რომელმაც 2 პირი დაჭრა ჯერ ფსიქიატრიულში გაუშვეს, 8 თვეში კი გაათავისუფლეს, mtavari.tv, 5.06.2022; https://mtavari.tv/news/87730-dmanisshi-otsnebis-deputatis-shvili-romelmats-2; ამავე ინფორმაციას ადასტურებს გიორგი ტატუაშვილიც.

[7] დაპირისპირება დმანისში - კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ, mtavari.tv, 15.09.2020, https://mtavari.tv/news/15930-dapirispireba-dmanisshi-kakha-okriashvilis

[8] სროლა და გარჩევა დმანისის "ოცნების" საარჩევნო შტაბში - დაჭრილია სამი ადამიანი, mtavari.tv, 21.10.2020,  https://mtavari.tv/news/19920-srola-garcheva-dmanisis-otsnebis-saarchevno?fbclid=IwAR1FAH

[9] კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ „ოცნების“ აქტივისტმა ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ 3 პირი დაჭრა, interpressnews.ge, 22.10.2020, https://www.interpressnews.ge/ka/article/624988-kaxa-okriashvili-acxadebs-rom-ocnebis-aktivistma-zura-okmelashvilma-cecxlsasroli-iaragit-gushin-3-piri-dachra

[10] განახლებადი ცნობები: საარჩევნო დარღვევები და მათზე რეაგირება, transparency.ge, 21.10.2020, https://www.transparency.ge/ge/blog/ganaxlebadi-cnobebi-saarchevno-dargvevebi-da-matze-reagireba

[11] გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით დაზარალებულებმა გამოძიებას მისცეს ჩვენება, რომ მათ „არმატურა შეერჭოთ“ და მის შედეგად მიიღეს დაზიანება.

print